ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო… ამაზე ჯერ კიდევ დავით გურამიშვილი წერდა მე-18 საუკუნეში, თუმცა ალბათ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რა სახეს მიიღებდა ეს ერთი საუკუნის შემდეგ… როგორი აქამდე არნახული ჭირი ელოდა საქართველოს მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე (თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი უკვე დასრულდა)… რუსეთის მსგავსი მტერი არასდროს გვყოლია… არასდროს დარჩენილა მამულიშვილთა სიტყვები ასეთ “ხმად მღაღადებლისა”, არასდროს წამოსულა ასეთი “სისხლის წვიმები”, არასდროს დანგრეულა ასეთი ხმაურით “ნაცრის კოშკი”, არასდროს გვინახავს ასეთი “ნათლისქრობა”… სწორედ ამაზე წერს გურამ გეგეშიძე თავის ტეტრალოგიაში, რომელიც უბრალოდ კარგი მხატვრული ლიტერატურა არ არის – ეს ნამდვილი მატიანეა!
ბატონი გურამი მე-19 საუკუნის მიწურულის წიფლნარიდან იწყებს თხრობას და თავადებისა და გლეხების ოჯახთა ცხოვრების აღწერით გვიჩვენებს ეპოქის სახეს. ვარდანიძეები, ნიკურიანები და უნდილაძეები ნელ-ნელა მიგვიძღვიან ჩვენი სამშობლოს ისტორიის ლაბირინთებში და ჩვენს თვალწინ ხდება უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა – ოთხი მოზრდილი წიგნის ფურცლებზე იბრძვიან ქართველები კალმითა თუ ხმლით მეფის რუსეთისგან გათავისუფლებისათვის, წითელი არმიის შემოსვლის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომში ფრონტის ორივე მხარეს, საბჭოეთიდან გამოყოფისათვის, ზოგჯერ კი ერთმანეთის წინააღმდეგაც კი… ასეთი გახლდათ ჩვენი რეალობა – ზოგიერთი ქართველი უკან არ იხევდა, ზოგი კი თანამემამულეებს არაფრად თვლიდა და საკუთარ კეთილდღეობას სწირავდა მათ… ეს ყველაფერი ალბათ ისედაც ვიცით – არც გასაბჭოება, 24 წლის აჯანყება, 30-იანების რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომი, 9 მარტი, 9 აპრილი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა, სამოქალაქო ომია ჩვენთვის უცხო, მაგრამ ბატონმა გურამმა მოახერხა მთავარი – ძალიან ოსტატურად დახატული გმირების (რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ და იქ დაიბადნენ) მეშვეობით ქართლის ჭირის ისტორია ისე მოიტანა ჩვენამდე, რომ ჩვენს სულში შეეხო იმ სიმებს, რომლებსაც ცრემლის გამოწვევა შეუძლიათ… სწორედ ესაა მთავარი – არა მშრალი სიტყვები და თარიღები, არამედ ემოცია…
P.S. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სერია (მწერალიც) მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს ჩვენში. არადა “პალიტრა L”-მა სულ ცოტა ხნის წინ გურამ გეგეშიძის 6-ტომეული გამოსცა. მოიძიეთ და წაიკითხეთ! ეს ჩვენი წარსულია! და სამწუხაროდ, აწმყოს ნაწილიც…
%(count)s კომენტარი (+add yours?)