კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩარლზ დიკენსის სამყაროში, უფრო სწორად კი, მე-19 საუკუნის ინგლისში! დიახ, ეს სწორედ მაშინდელი ბრიტანეთის ამბავია და არა მხოლოდ ერთი გოგონას – ციცქნა დორითის – ცხოვრების ისტორია!
“ციცქნა დორითს” ჩარლზ დიკენსი თითქმის ორი წლის განმავლობაში წერდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. წიგნი ხომ ძალიან დიდია… მეტიც – ზედმეტად დიდიც კი. ბევრად უფრო სასიამოვნო და მარტივი იქნებოდა, თუ ის განახევრდებოდა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). უამრავი პერსონაჟის (რომელთა შორის ერთმაც კი ვერ მომხიბლა) ერთმანეთში გადახლართული თავგადასავალი ოდნავ აფერხებს კითხვის ტემპს და სულ ცოტათი, მაგრამ მაინც აყენებს ჩრდილს ყველაზე მთავარს – იმ მართლაც გენიალურ სატირას, რომელიც შესანიშნავი იარაღია მისტერ ჩარლზის ხელში. მან ისე ოსტატურად გამოძერწა მაშინდელი ინგლისი თავისი “ეფექტური” ბიუროკრატიით (სამინისტრო, რომლის სახელსაც ზუსტად ვერ ვთარგმნი, ამის გადასარევი მაგალითია), ვალების გამო გაკოტრებულებით სავსე ციხეებით და საზოგადოებით (რუსულ თარგმანში და ალბათ ორიგინალშიც დიდი ასოთი რომ იწერება), რომ მიუხედავად მოცულობისა და იმისა, რომ თხრობის ძირითადი ნაწილი მდორედ მიდის, მაინც დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წამეკითხა! უნდა წამეკითხა, რათა ასე თვალნათლივ დამენახა მაშინდელი ინგლისი და ვინ იცის… იქნებ თანამედროვე საზოგადოებაც…
P.S. ამ წიგნის ქართული თარმგანი (რომელშიც კიდევ უამრავი “ფენაა” – სიტყვა რომ არ გამგრძელებოდა, იმას გავუსვი ხაზი, რაც ყველაზე მეტად მომეწონა და არ მომეწონა) არსად შემხვედრია, თუმცა დიკენსის სხვა ნაწარმოებებს მარტივად მოიძიებთ და ძალიანაც ისიამოვნებთ.
ბოლო კომენტარები