კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნილ გეიმანის სამყაროში! თუ ჯადოსნური ფენტეზი გიზიდავთ, ეს ნამდვილად სათქვენო ადგილია!
აბა, თავად განსაჯეთ – ნილ გეიმანი “ცენტრად” ოკეანეს და მეტროს ირჩევს, მაგრამ არც ერთია ჩვეულებრივი და არც მეორე. შეიძლება ეს უინტერესო იყოს? როცა ამას ნილი წერს, რა თქმა უნდა, არა! პატარა ბიჭი, რომელიც უნებურად ბოროტი ძალის “გამტარი” გახდა და ამ ბნელეთის მოციქულის განსადევნად ერთობ უცნაურ ოჯახთან ერთად ბევრი განსაცდელის გადატანა, მათ შორის ერთი შეხედვით ღელესავით პატარა, რეალურად კი უკიდეგანო ოკეანის ფსკერზე ჩასვლა მოუხდა, მოსაწყენი მეგზური ვერ იქნება. მან ხომ წლების მერე გაგვიღო კარი და შეგვახედა საკუთარ მოგონებებში… მეტიც – ჩვენ ამ თავგადასავლის მონაწილენი გაგვხადა…
არანაკლებ (ჩემთვის მეტადაც) თავბრუდამხვევ და ძალიან სახალისო (გეიმანის იუმორი ცალკე თემაა) ისტორიაში “გაგვაბა” რიჩარდმა, რომელმაც ოფისის მოსაწყენი კაბინეტიდან უცებ ლონდონის “ქვეშ” ამოჰყო თავი და აღმოაჩინა, რომ ქალაქი ადამიანივითაა – ვერასდროს გაიგებ, რას მალავს სიღრმეში. ჩვენი ქალაქის “ქვედა სართულზე” რა ხდება, ალბათ ვერ გავიგებთ, ლონდონში კი ჭეშმარიტად საოცრებები ხდება – ცალკე სამყაროა, სულ სხვა სამყარო ძალიან “ჩვენებური” პრობლემებით – ძალაუფლებისთვის ბრძოლით, თვითგადარჩენის ინსტინქტით და კიდევ ბევრი რამით… ძალიან საინტერესო სამყარო… იმიტომ, რომ ის გეიმანისაა – სამყარო, რომელშიც “წიგნის ჭია” პატარა ბიჭი და “მუდო” კაცი გმირები ხდებიან და ყველას და ყველაფერს იხსნიან… ალბათ ზუსტად ისე, როგორც “მიწის ზევით” – მთავარია დაიჯერო…
P.S. ჯერჯერობით, ამ წიგნების ქართული თარგმანი არ გვაქვს. იმედია, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გეიმანის სხვა ნაწარმოებებს ამ ორსაც მიამატებს.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” უკვე შემოგვთავაზა “ოკეანე ქუჩის ბოლოს”.
ბოლო კომენტარები