ნათანიელ ჰოთორნი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერალია. მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანას ასეთი შემოქმედები არ აკლია და დღეს შესაძლოა მისტერ ნათანიელის “იმიჯზე” გაგვეცინოს, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.
“ალისფერი დამღა” გამოცემიდან (1850წ.) მალევე გააკრიტიკეს, რადგან მასში გათხოვილი ქალისა და სასულიერო პირის სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. ამ, დღეისთვის ბანალურ, ისტორიას წინ აღუდგნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეთა მშობლები (გაგიკვირდებათ და მათი ნაწილი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშიც კი “აღვირახსნილობის პროპაგანდად” ნათლავდა ამ უწყინარ კლასიკურ ნაწარმოებს… თუმცა ჩვენ რაღა გვიკვირს…). არადა, მე თუ მკითხავთ, აქ მთავარი განსახილველი თემა ის კი არ არის, საკუთარი გრძნობის გამო ალისფერი დამღით “დამშვენებულმა” ქალმა და მისმა საყვარელმა მოინანიეს თუ არა ის, რასაც “მოტყუებული” ქმარი და საზოგადოება მომაკვდინებელ ცოდვად უთვლიდა, არამედ თავად ჰესტერი… ქალი, რომელმაც მოახერხა დამცირების ატანა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება პურიტანულ საზოგადოებაში… აკი ამბობდნენ, რომ მის მკერდზე დამაგრებულმა ალისფერმა ასო “A”-მ განსხვავებული შინაარსი შეიძინა და ძლიერი ქალის სიმბოლოდ იქცა… სწორედ ესაა მნიშვნელოვანი – ქალის სულიერი სიმტკიცე იმ პირობებში, როდესაც მამაკაცებმა (მათ შორის მისმა ქმარმა და საყვარელმა) სილაჩრე გამოიჩინეს… თუ შინაარსი ოდნავ მოძველებულია, მთავარი გმირი ნამდვილად “უკვდავი” გამოუვიდა ნათანიელს, არა? ქალი, რომელიც დაუპირისპირდა საზოგადოებას…
P.S. თუ დაინტერესდით, ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. ის “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” ნაწილია. რაც შეეხება ამ სერიას, მასზე ხშირად ვისაუბრებთ, რადგან ნელ-ნელა “დიოგენეს”, ბათუმელებისა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” სერიების მსგავსად სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
ბოლო კომენტარები