„სამოთხის ამ მხარეს დიდი ვერაფერი ბედენაა ჭკუა-გონება.“ (რუპერტ ბრუკი )
სამოთხის ამ მხარეს, მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკაში ემორი ბლეინი ცხოვრობს. ის რომანტიკული ეგოისტია… ალბათ ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, როდესაც თავის პირველ რომანს წერდა… ამ დროს მას უკვე დასრულებული ჰქონდა სწავლა პრინსტონში, უყვარდა ზელდა, იყო ომში და წერდა… წერდა, თუმცა მისი პირველ პირში დაწერილი რომანი უარყვეს და მაშინ მან შექმა ის, რასაც დღეს ვკითხულობთ (თუმცა რომ არა მაქსველ პერკინსი, ალბათ საერთოდ ვერ წავიკითხავდით ფიცჯერალდს, ჰემინგუეის, ვულფს…)…
ემორი ბლეინი მხოლოდ ფრენსისი არ არის. მასში იოლად აღმოაჩენთ ე.წ. “ჯაზის ეპოქის” ამერიკელი ახალგაზრდების სახეს და კიდევ უფრო თუ დააკვირდებით, საკუთარ თავსაც. მისი ეგოიზმი, სიზარმაცე, უაზრო პატივმოყვარეობა ამ ასაკის ადამიანების დიდ ნაწილს ახასიათებს. მის მსგავსად ვიცვლებით ნელ-ნელა სხვადასხვაგვარი შეხვედრებისა და ადამიანების გავლენით (აქ უცებ გავიფიქრე, რომ წლების წინ ალბათ დეიზი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იზაბელი). ფორმირების ამ პროცესში მონაწილეობს ყველა და ყველაფერი, თუნდაც ჩვენ სხვაგვარად გვეგონოს (აკი ემორი ფიქრობს, რომ ომს მასზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია, არც ოჯახსა და მონსინიორს, არც უნივერსიტეტსა და მეგობრებს, არც ქალებს)… და რომანტიკული ეგოისტებიდან პრაგმატულ პიროვნებებად ვყალიბდებით…
P.S. ვერ გეტყვით, რომ ეს წიგნი “დიდ გეტსბის” მირჩევნია, თუმცა “ნაზია ღამეს” ვერც კი შევადარებ (კარგი გაგებით). მგონია, რომ თუ მოიძიებთ “პალიტრა L”-ს ქართულ თარგმანს, არ ინანებთ.
ბოლო კომენტარები