სიყვარულით, ენტონი

ლიზა ჯენოვას ალბათ იცნობთ. მისი “ჯერ კიდევ ელისი” თუ არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გექნებათ ნანახი, რადგან ჯულიანა მურის შესანიშნავად შესრულებულმა მთავარმა როლმა ყველა კინომოყვარული შეძრა. რა თქმა უნდა, ჯულიანა ძალიან კარგი მსახიობია, თუმცა რომ არა სცენარი, ის ვერ შეძლებდა ასეთი სახის შექმნას. სწორედ ლიზა ჯენოვას დამსახურებაა, რომ ალცჰაიმერით დაავადებული ელისის ამბავმა მსოფლიო მოიარა და წიგნის ფურცლებისა თუ ეკრანის გავლით უამრავ ადამიანში გამოიწვია დაუვიწყარი ემოცია.

ლიზა ჯენოვა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მწერალია, თუმცა სხვა უამრავი ავტორისგან ერთი რამ გამოარჩევს. ის მხოლოდ ფანტაზიას არ ეყრდნობა – თავადაა ნევროლოგი და მთავარ თემადაც ყოველთვის ნევროლოგიურ დარღვევებს ირჩევს. ალბათ ამიტომაა, რომ მისი მონათხრობი საოცრად რეალურია. ასეთია ელისის ისტორია და აუტიზმის მქონე ენტონის ცხოვრების ამბავიც… ამიტომაა ასე მტკივნეული იმის კითხვა, თუ როგორ იქცევა ინტელექტუალი ელისი უსუსურ, უსარგებლო ადამიანად და როგორ შინაგან ბრძოლაშია ჩართული ოლივია – ენტონის დედა… მას ხომ მხოლოდ ერთი რამ უნდოდა – ჩვეულებრივი დედა ყოფილიყო, მის თვალწინ გაევლო შვილის განვითარების პროცესს, მოხვეოდა და ეკოცნა მისთვის… რეალობა კი ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა. ენტონის აუტიზმი დაუდგინდა და ოლივიასა და მისი მეუღლის წინაშე კედელივით აღიმართა ეს განაჩენი – ენტონი არასდროს იქნებოდა ჩვეულებრივი ბავშვი, მოზარდი, მამაკაცი… კითხვა “რატომ?” გადაუალახავ ბარიერად იქცა ოლივიასთვის და ენტონის სიკვდილის შემდეგაც უპასუხოდ დარჩა… დარჩა, სანამ ენტონიმ საკუთარ ოჯახურ პრობლემებში გახლართული ბეთი არ აირჩია და ორ ქალს – ოლივიასა და ბეთს არ გასცა პასუხი – რატომ? სიყვარულისთვის! ამქვეყნად ყველაფერი ამიტომ ხდება – ამიტომ წერს წიგნს ბეთი (ლიზაც), ამიტომ ჩამოდის ოლივია ზღვისპირა ქალაქში… ამიტომ არსებობდა ენტონი – სიყვარულით სავსე ბიჭი, რომელსაც არ ჰქონდა სიტყვები, მაგრამ ჰქონდა გული… ჰქონდა ის, რაც ჩვენ ხშირად გვაკლია… სიყვარული!

P.S. ლიზასავით ვერავინ დაგავანახებდა, თუ რას გრძნობს რეალურად აუტიზმის მქონე ბავშვი… თუ გინდათ ამ ყველაფრის განცდა, ბათუმელების მიერ შემოთავაზებულ ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ ნებიმიერ მაღაზიაში (ონლაინაც).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: