ამბობენ, ბავშვობა ყველაზე ბედნიერი ხანააო… უმეტეს შემთხვევაში ეს ასეცაა, რადგან ცხოვრების პირველ წლებში ჩვენს პრობლემებს სხვები (მშობლები) აგვარებენ და ჩვენც მინიმალური (მოზრდილი ადამიანის გადასახედიდან, სასაცილო) პრობლემა გვრჩება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არაა. ჩვენს გვერდით არსებობენ ბავშვები, რომლებსაც თავად უწევთ ბრძოლა არსებობისთვის…
სწორედ ასეთი ბავშვი იყო ჯანეტ უოლსი. დღეს ის წარმატებული ადამიანია და რთულად წარმოსადგენია, რომ წარსულში ამდენი ბარიერი გადალახა, მაგრამ ვინ იცის… იქნებ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მან ფარდა ახადა საიდუმლოს და ყველას უამბო საკუთარი ბავშვობის შესახებ… იმის შესახებ, რომ 3 წლისა საკუთარი ხელით იმზადებდა საკვებს და კინაღამ დაიწვა, უკვე მოზარდობისას ბიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, რაზეც დედამ უბრალოდ დასცინა (მამასთან ერთად ბარში ვიზიტი ხომ ცალკე აღსანიშნავი ეპიზოდია) და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენ რამეზე… მისი მამა ხომ ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი გახლდათ, დედა კი არათუ არ შორდებოდა ასეთ კაცს (რომელიც მხოლოდ მის ცხოვრებას არ ანგრევდა), თავადაც არაფრად აგდებდა შვილების ინტერესებს და არც კი ცდილობდა ქმრის გამოსწორებას, მის გარეშე ახალი ცხვორების დაწყებას, ან სულაც უბრალოდ მუშაობას… აი, ასეთ პირობებში გაიზარდნენ ჯანეტი და მისი და-ძმა. ასეთ წარმოსახვით შუშის სასახლეში ჩამოყალიბდნენ ზრდასრულ ადამიანებად და თუ ისინი დღეს წარმატებულები არიან (მორინის პრობლემებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ცალსახად ბავშვობის ტრამვაა), მხოლოდ მათი დამსახურებაა – მათი ბრძოლისუნარიანობის, მათი შინაგანი ძალის და არა იმ უპასუხისმგებლო მშობლების, რომლებმაც საკუთარი ცხოვრებაც გაანადგურეს (რაც ყველა ადამიანის უფლებაა) და შვილების ბავშობაც, რისი უფლებაც არ ჰქონდათ! ასეთი მშობლები არ იმსახურებენ შვილებს (სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ერთი ვიზიტი და გარშემომყოფების “თვალდახუჭული” მდგომარეობა კიდევ ცალკე თემაა)… შეიძლება ვინმეს მკაცრად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი და ჩათვალოს, რომ უოლსები შვილებს თავისუფლად ზრდიდნენ და არც სიყვარულს აკლებდნენ, მაგრამ განა ეს თავისუფლება და სიყვარულია? მგონია, რომ არა… შეიძლება ესეც უგულოდ ჟღერდეს, მაგრამ ჯანეტის ადგილას დღეს დედასთან ერთად არ ვიცხოვრებდი… იმ დედასთან, რომელმაც მამასთან ერთად არათუ ვერ აუგო შვილებს შუშის სასახლე, არამედ დაუნგრია ბავშობა – ცხოვრების ის წლები, რომლებიც ახლა ტკბილად უნდა ახსენდებოდეთ და არა სირცხვილის გრძნობით…
P.S. თუ დაინტერესდით, ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ბათუმელების გამოცემას ნებისმიერ მაღაზიაში აღმოაჩენთ (მათ შორის, ონლაინაც).
%(count)s კომენტარი (+add yours?)