ალბათ საყვარელი მწერლის გაცნობაზე გიფიქრიათ, მასთან მიმოწერაზეც. დღეს ეს მნიშვნელოვნად გამარტივდა, რადგან საკმაოდ ხშირად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართველ თუ უცხოელ ავტორებს შევხვდეთ, მაგრამ წლების წინ, როდესაც არც სოციალური ქსელები არსებობდა და არც საგამომცემლო საქმე იყო ასე განვითარებული, კალმის მეგობრად ცნობილი მწერლის არჩევა ცოტა არ იყოს და, წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა… თუმცა მაშინაც შესაძლებელი იყო ასეთი რამ. სარა შვარტმა ხომ შეძლო და ასტრიდ ლინდგრენს დაუმეგობრდა… დიახ, დიახ, ჩვენს საყვარელ ბებია ასტრიდთან გააჩაღა გაცხოველებული მიმოწერა…
სარასა და ასტრიდის წერილების კითხვა ერთი სიამოვნებაა (ჰო, კარგი, ვიცი, რომ სხვისი წერილების კითხვა მთლად კარგი საქციელი არაა, მაგრამ სარამ უფლება მოგვცა და…:)))). ჩვენ ხომ საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იზრდება სარა და რა როლს ასრულებს მის კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში ასტრიდი… მერე რა, თუ ისინი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ და მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ისინი მაინც ახლო მეგობრებივით უზიარებენ ერთმანეთს სიხარულსა და მწუხარებას. ასტრიდი შორიდან ზრუნავს სარაზე (რომელსაც ოჯახის მხრიდან აკლია მზრუნველობა და ძალიან მარტოსული, დეპრესიული მოზარდია) და კიდევ ერთხელ, ახლა უკვე წერილების ფურცლებიდან (ადრე ამას მისი ნაწარმოებებიდან ვგრძნობდით) გვარწმუნებს, რომ უბრალოდ კარგი მწერალი კი არა, დიდებული ადამინია – უკვდავი ქალი, რომელმაც გაგვილამაზა ბავშვობა…
P.S. თუ თქვენც ჩემსავით მოგენატრათ ბებია ასტრიდი, ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში შეიხედეთ (მათ შორის, ონლაინაც). გამომცემლობა “ინტელექტს” ნამდვილად ეკუთვნის დიდი და გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახვედრა ბებია ასტრიდს.
ბოლო კომენტარები