ავიღოთ ერთი ჭიქა სამხრეთამერიკული ლიტერატურა, დავუმატოთ ლაურა ესკიველის ოსტატობა, ცოტაოდენი ლათინური “საპნის ოპერა” და მაგიური რეალიზმი… არ დაგვავიწყდეს ვნების მოზრდილი ნაჭერი და წიწაკა მომეტებულად… ოღონდ ფრთხილად – მოსახარშად შემოდგმული შოკოლადი არ აგვიდუღდეს, თორემ განაწყენებულ ადამიანს რისი გაკეთება შეუძლია, კარგად მოგეხსენებათ… არა? მაშინ ტიტას სამზარეულოში შეიხედეთ და გაიგებთ…
ტიტა გენიალური მზარეულია. სამზარეულოში ის თავისი წესებით მოქმედებს, მის გარეთაც. ამიტომაცაა, რომ როდესაც დედამისი გადაწყვეტს, რომ უმცროსი ქალიშვილი უაზრო ტრადიციას შესწიროს მსხვერპლად და არ გაათხოვოს, ის “კულინარიული იარაღით” ებრძვის საკუთარ უბედურებას (მეტი რაღა გინდათ – მისი რჩეული მისივე დაზე ქორწინდება). სხვა გზა არც აქვს – დაბადებიდან სამზარეულოშია და მისი ცხოვრებაც ესაა – ერთი დიდი რეცეპტი (სამწუხაროა, რომ წიგნში პერსონაჟებივით ჩართული რეცეპტები “ზედმეტად” მექსიკურია და ჩვენს რეალობაში ვერ მოვამზადებთ)… თუმცა რეალურად ხომ ასე არაა – ყველაფერს ისე ვერ გათვლი, როგორც პროპორციებს. ვერც ვნებას გააკონტროლებ, ვერც შინაგან ბრაზს და ვერც სწორ გადაწყვეტილებას (პირადად მე ტიტას არჩევანს არ ვეთანხმები) ამოიკითხავ კულინარიულ წიგნში… ასეთია ცხოვრების წესები – ყველაფერს რაღაცნაირი ტკბილ-მწარე გემო დაჰკრავს… როგორც შავ შოკოლადს…
P.S. “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” მორიგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაიანც).
ბოლო კომენტარები