კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანკ-მორპორკში! ცხრა საათია და ყველაფერი მშვიდადაა! არა, არა, ასე ხმამაღლა ნუ იტყვით. შეიძლება ვინმემ გაიგოს, ეს კი დიდად სახარბიელო ამბავი არ იქნება. აკი ამ ქალაქის მცველების “იდეალური” მუშაობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ საეჭვო ქუჩებზე არ დადიან, აყალმაყალს გვერდს უვლიან და ნელა დადიან, რომ შემთხვევით დამნაშავეებს არ დაეწიონ. უფრო სწორად, ასე იყო, სანამ მათ რიგებში კანონების უბადლო მცოდნე ყმაწვილი სტაფილო (სახელი თავად ვთარგმნე, ამიტომ მომიტევეთ უზუსტობისთვის ან “ზედმეტი სიზუსტისთვის”;)) გამოჩნდებოდა, ქალაქის თავზე კი – წარსულიდან “შემოფრენილი” დრაკონი… აქ აირია ყველაფერი – ზუსტად ისე, როგორც დისკოს სამყაროში ხდება ხოლმე… აი იმ სამყაროში, დაუვიწყარ თავგადასავალს და ბევრ სიცილს რომ გპირდებათ…
P.S. რადგან წელს ბლოგისადმი ინტერესი არ შემცირებულა (სტუმართა რაოდენობა წლიდან წლამდე მატებას განაგრძობს), ამიტომ 2019-ში ისევ შევხვდებით. მანამდე კი წლის გამორჩეულ მოგზაურობებს გადავხედოთ:
- სალომე ბენიძისა და დინა ოგანოვას “sHEROes” – წიგნი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, რათა არ დაგვავიწყდეს ვინ არის “ერთმორწმუნე” მეზობელი
- გურამ გეგეშიძის “ქართლის ჭირი” – მე-19 საუკუნის შემდგომი საქართველოს საოცარი მატიანე
- “150 ამბავი – გურია და გურულები” – სახალისო ამბები ჩემი მშობლიური კუთხიდან
- მარგარეტ ეტვუდის “შეშლილი ადამი” – მომავლის სამყაროს შემაძრწუნებელი პორტრეტი
- ჯო აბერკრომბის “პირველი კანონი” – ფენტეზის კიდევ ერთი განუმეორებელი სამყარო
P.P.S. ამასობაში ახალმა წელმაც მოგვიკაკუნა. გილოცავთ და კარგ “ბიბლიო-წელს” გისურვებთ (2018 ნამდვილად დიდებული წელი გამოდგა – მრავალწლიანი შრომის შემდეგ ფრანკფურტში მსოფლიომ გაიცნო ქართული ლიტერატურა)🙂 ახლა კი დელასა და ჯეიმსის ისტორიას ჩავუსხდეთ. ეს ხომ მთავარი საახალწლო ტრადიციაა 🙂
ბოლო კომენტარები