დონალდ რამსფელდის სახელი ალბათ გაგიგონიათ. სხვადასხვა დროს ის იყო აშშ-ს კონგრესის წევრი, თავდაცვის მდივანი, ელჩი ნატოში, ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უმსხვილეს კომპანიებს… ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს რომ შეუძლია “წარმატების ფორმულის გამოყვანა”(რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ – უტყუარი ფორმულა ხომ არ არსებობს და ამას თავად რამსფელდიც ეთანხმება), ეს ხომ ჭეშმარიტებაა… და აი ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ ამ ფორმულის “შემადგენელ წევრებს”, რომელთა სწორად გამოყენებითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იღბალს…
თავის წიგნში დონალდ რამსფელდი წარმატების არაერთ ასპექტს მიმოიხილავს, მაგრამ არ შეშინდეთ – შეიძლება იმისი შანსი, რომ ოვალურ კაბინეტში ან პენტაგონში მოგიწევთ მუშაობა, თითქმის არ გაქვთ (გადაჭრით ცხოვრებაში არაფერი უნდა ვთქვათ), არც პრესის წარმომადგენლებს ხვდებით და არც საქვეყნო საქმეებს წყვეტთ, მაგრამ რამსფელდის ჩანაწერებში აუცილებლად აღმოაჩენთ იმ მიმართულებებს, რომლებიც კონკრეტულად თქვენს სამუშაო გარემოსაც კი მოერგება. მაგალითად, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თავმა, რომელიც კადრების შერჩევას ეხება (ჩემი ამჟამინდელი დამსაქმებლის მთავარი პრობლემა სწორედ ეს მგონია და ალბათ ამიტომ). მისტერ დონალდმა წერილობითი ფორმით შესანიშნავად გადმოსცა ის, რაზეც ხშირად მიფიქრია და მისაუბრია – შეკრული და მოტივირებული გუნდის მნიშვნელობა კომპანიის (ან თუნდაც მთავრობის) წარმატებისთვის. ვინ, ვინ და მან ეს ზუსტად იცის, რადგან წარამტებულად იმუშავა წამყვან პოზიციებზე როგორც კერძო ბიზნესში, ისე ისეთი ძლიერი ქვეყნის მთავრობაში, როგორიც აშშ-ა. სწორედ ახალი პერსპექტიული კადრების დროულად “ამოცნობა” (აკი დონალდთან დაიწყო მუშაობა დიკ ჩეინიმ, რომელიც შემდეგ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი გახდა და ეს უკანასკნელი ადმინისტრაციაში დააბრუნა), ახალი თუ ძველი თანამშრომლების მოტივირება, მათი ერთ გუნდად ჩამოყალიბება და ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომლის დატოვებაც არავის მოუნდება არის ის ფაქტორები, რაც შეადგენს წარმატების ფორმულის იმ წევრს, რომელიც ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) უმნიშვნელოვანესია, რადგან რომ არა ის, ვერაფერს იზამენ ისეთი დიდი ადამიანებიც კი, როგორიც დონალდ რამსფელდია, ისეთი დიდი ქვეყანაც კი, როგორიც აშშ-ა… იმიტომ, რომ ადამიანები ერთად ქმნიან წარმატებას…
P.S. ზოგადად არ მიყვარს წიგნები, რომლებიც “წარმატების მიღწევის უტყუარ ხერხებს” გვთავაზობენ, თუმცა მერწმუნეთ, ეს წიგნი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მისტერ დონალდი არ ცდილობს, რომ თავს მოგვახვიოს თავისი წესები. ის უბრალოდ გვიამბობს საკუთარ ცხოვრებაზე (წიგნს აშშ-ს ისტორიით დაინტერესებულთათვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს). თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც). ის “არტანუჯმა” შემოგვთავაზა.
აპრილი 16, 2019 @ 11:39:03
ოხ ეს წესები, წარმატებები…დამნ.
უკვე ვიცი, რომ ეს წიგნიც არ უნდა წავიკითხო :))
LikeLike
აპრილი 16, 2019 @ 20:50:36
ამერიკის უახლესი ისტორიის კუთხით თუ წაიკითხავ :)) წესები და კანონები რა ლიტერატურის საქმეა :))
LikeLike