09.04.1989

დღეს 9 აპრილია… 2019 წლის 9 აპრილი… საქართველო ჯერაც არ არის ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დაღვრილი სისხლი ამაო არ ყოფილა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს უახლესი ისტორია, დღიდან, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება…

არ შეიძლება იმის დავიწყება, თუ როგორ გამეტებით ურტყამდნენ ალესილ ბარს პატარა გოგონებს ბრეჟნევის მედლებს დანატრებული რუსი “სალდათები” და თავს იმით იმართლებდნენ, რომ სტალინს ებრძოდნენ… არადა “სტალინის ხალხი არ იყო, არა,კიბეებზე და შოთას გამზირზე რომ იწვნენ, იდგნენ. თავისას ცეკვავდნენ… თავისას მღეროდნენ… თავისას მოითხოვდნენ. სხვისა არა უნდოდათ-რა”. პატიება ყველაფრისა შეიძლება, დავიწყება კი – არა. არ შეიძლება, რადგან მხოლოდ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით ახდება წმინდა ნინოს სიტყვები: “ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. შენს ბაღს კი, რა წაშლის… ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი… აგერ, ერთ უწინაპრო ქაღალდის კაცს შურმა ისიც კი ათქმევინა, რომ ქართველები ავადმყოფი ერი ვართ თითქოს… ურიგო მწერალი არაა სხვათაშორის, სხვათა შორის რიგიანი მწერალია… უწინაპრობამ შეაჩვენა… ჩვენს დანახვაზე ძალიან შეცბა, რადგან თავისდა ვერაუხსნელად, ჩვენს დანახვაზე რაღაცა მდგრადი, უცხო და უნებური სიამაყე შეგვამჩნია, და ვერ იგუა, ავადმყოფობით ახსნა ვითომ, არადა, შვილო, არ ვატაროთ მხრებითა და თვალებით შოთა? სულხან-საბა და გიორგი მთაწმინდელი? ვაჟა, აკაკი, ილია მართალი? გურამიშვილი, ბარათაშვილი? არ გვახსოვდეს და არ ვიამაყოთ წამებული ქეთევან დედოფლით? უწინაპროები არიან სწორედ, იმ უბედური აპრილის შემდეგ, ყოვლად ბუნებრივი, ადამიანური თანაგრძნობის ნაცვლად, უმადურად შემოხიზნულებმაც, გადამთიელებმაც, თანადგომის ნაცვლად… შურია, შვილო – გველის თავები წამოიმართნენ, გველის ენები გამომზეურდნენ!”. მხოლოდ არდავიწყებით დაშრება დედების მდუღარე ცრემლების წყარო და გამთელდება მამების გაბზარული გული… მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი, ვინც დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, სიმშვიდის მოპოვებას ზეციურ საქართველოში…

P.S. როცა წლიდან წლამდე ბევრ წიგნს კითხულობ, დაუვიწყარი ემოცია ცოტას თუ მოაქვს… მაგრამ არსებობს დაუვიწყარი ამბები… ზუსტად ასეთია გურამ დოჩანაშვილის პატარა მოთხრობა “ორნი აქა-იქ”… მოთხრობა, რომლის წაკითხვის თარიღიც კი არასდროს დამავიწყდება – 2009 წლის გაზაფხული – 20 წელი 9 აპრილიდან…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: