ხელნაწერები არ იწვის! დიახ, ჭეშმარიტი ლიტერატურა უკვდავია და მისთვის უმნიშვნელოა აწმყო. მომავალი ყველას განსჯის და ღირსეულებს უკვდავებას მიანიჭებს. სწორედ რჩეულთა შორისაა ბულგაკოვიც – კაცი, რომელიც გადარჩა!
მიხეილ ბულგაკოვმა ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იღბლიანი ადამიანი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ფაქტობრივად სტალინის “შავ სიაში” ფიგურირებდა (მწერლისა და “დიდი ბელადის” ურთიერთობას საკმაოდ მოზრდილი თავი ეძღვნება ბენედიქტ სარნოვის წიგნში “სტალინი და მწერლები”) და ის აქტიურად მოიხმარდა ისეთ მავნე ნივთიერებას, როგორიცაა მორფი, მაინც იცოცხლა 48 წელი და საკუტარ საწოლში გარდაიცვალა. მერე რა, რომ თავისი მთავარი წიგნის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო (“ოსტატი და მარგარიტა”, რომელზეც ვრცლად აღარ შევჩერდები, მხოლოდ 1966 წელს გამოიცა)… რომ არა ასეთი ცხოვრება, ის ვერ დაწერდა ნარკომანის დიდებულ აღსარებას “მორფში” და ასე ნათლად, ასე შემზარავად ვერ დაგვანახებდა, თუ როგორ იძირება ადამიანი ამ ჭაობში… ვერც გენიალურ პერსონაჟებს შექმნიდა “ძაღლის გულში”… პერსონაჟებს, რომლებშიც მაშინ სტალინს (შარიკოვი), ლენინს (პრეობრაჟენსკი), ტროცკის (ბორმენტალი), კამენევს (შვონდერი) და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს ხედავდნენ, დღეს კი მათი სახეები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც შესანიშნავად ესადაგება (აბა დაფიქრდით – რამდენ მსგავს ადამიანს ხედავთ მსოფლიო პოლიტიკაში ან სულაც “დაბალი რგოლის” მმართველობებში?). სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მიხეილ აფანასიევიჩი იღბლიანია – მხოლოდ ასეთი ადამიანების ხელნაწერები ჰპოვებენ მარადიულობას!
P.S. ძალიან მიხარია, რომ ამ მართლაც დიდებული (ზოგადად ხმამაღალი შეფასებები არ მიყვარს, რადგან ყველას თავისი რჩეული ავტორები ჰყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მომერიდება) მწერლის ნაწარმოებები (მათ შორის, ზემოთხსენებული ორი შესანიშნავი მცირე ზომის წიგნი) ქართულადაც გვაქვს. ვიკითხოთ ბულგაკოვი, ვიკითხოთ!
ბოლო კომენტარები