მიხეილ ჯავახიშვილის ტკივილი

“ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.” – ნოდარ დუმბაძე

ისევ დადგა მაისი – თვე, რომელიც ჩვენთვის დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. თავისუფლება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს დღე სამუდამოდ დარჩა. საუკუნოვანი უღლისგან გათავისუფლების დღეს ისევ დაპყრობილ ქვეყანაშიც აღნიშნავდნენ და მის ფარგლებს გარეთაც და ყოველ წელს ჰქონდათ იმედი, რომ მომდევნო წელს დამოუკიდებელ სამშობლოში ერთად იზეიმებდნენ დღესასწაულს… ამ მოლოდინით, ამ ტკივილით დაასრულა სიცოცხლის გზა ბევრმა დიდმა ქართველმა, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილმაც…

მიხეილ ჯავახიშვილის ამქვეყნიური ყოფა დროზე ადრე შეწყვიტეს. 57 წლისაც არ იყო, როდესაც წამებასა და საბჭოთა ჯალათების ტყვიებს ემსხვერპლა, მაგრამ არ მომკვდარა! არც ის მომკვდარა და არც მისი ტკივილიანი სიტყვები. 25 თებერვალს მის სხეულში შესული მჭრელი მახვილის მიერ მიყენებული ჭრილობა არასდროს მოშუშებია, არასდროს შეუწყვეტია ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შევძლოთ სულისა და სხეულის გამოხსნა მტრის კლანჭებიდან, თუ რას უნდა ვძლიოთ პირველ რიგში საკუთარ თავში… აკი ამასვე წერდა საკუთარ უბის წიგნაკში… ეს ტკივილი, ამაზე დარდი არ ასვენებდა, როდესაც თავისი მჭრელი იარაღით -კალმით – ძერწავდა ეშმაკის ქვებით შეიარაღებულ ბრბოს და მათ წინ მარტო დარჩენილ კეთილ სოფიოს; სამშობლოში დაბრუნებაზე მეოცნებე პიერ კაშორს; ყაშას შემზარავ სახეს, რომელიც ლამბალოზე გამარჯვებას ცდილობს (იქნებ რაღაც კუთხით ახერზებს კიდეც), მაგრამ ურმით მოსიარულე ბედი-მდევარი კი ავიწყდება; თეიმურაზს, რომელიც “ხეპრე” ჯაყოს შეხიზვნია და იმდენად ინდეფერენტულია, რომ არც საკუთარი თავი ადარდებს, არც ზურგს უკან გაუპატიურებული ცოლი და მხოლოდ “განათლებას აფარებს თავს”… რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მივცეთ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებს (ზოგი ყველა პერსონაჟს საქართველოსა და რუსეთთან აიგივებს და იქნებ ასეც იყოს), ერთი რამ ცალსახაა – მისი ყველა სიტყვა, ყველა წინადადება, ყველა წიგნი იმ დიდი ტკივილის გამოვლინებაა, რომელიც მას (და კიდევ უამრავ ქართველს საუკუნეების მანძილზე) თან გაჰყვა…

P.S. ძალიან კარგია, რომ მიხეილ ჯავახიშვილი დღესაც გამოიცემა. ახალგაზრდა მკითხველები მხოლოდ ოჯახის ბიბლიოთეკის იმედზე არ რჩებიან და ახლაც აქტიურად კითხულობენ მის წიგნებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: