გიყვართ საშინელებათა ისტორიები? თუ ასეა, მაშინ ალბათ სტივენ კინგის წიგნებს კითხულობთ, მისტიკურ ფილმებს უყურებთ და სულ დაეძებთ ახალ-ახალ საშინელებებს… და ის თუ გახსოვთ, რომ 1835 წელს ნიკოლაი გოგოლმა ისეთი სლავური საშინელება შექმნა, რომელიც დღემდე გულგრილს ვერავის ტოვებს?
ვიი სლავურ მითოლოგიაში მამრობითი სქესის დემონური არსებაა, თუმცა მის გამოჩენამდე უიღბლო ბერი ხომა ბრუტი ჯერ მოხუც კუდიანს გადაეყარა, რომლის ნამდვილი სახეც მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ლოცვითა და ძალისმიერი მეთოდებით ლამის მოკლა… ნუ იტყვით და თურმე ეს კუდიანი ადგილობრივი დიდგვაროვნის ფრიად ლამაზი ასული ყოფილა… იმდენად ლამაზი, რომ სიკვდილის შემდეგ კუბოშიც კი ცოცხალივით იწვა… ან კი იყო მკვდარი? მასთან ერთად სამი ღამის განმავლობაში ეკლესიაში ჩაკეტილი ხომა მალევე მიხვდა, რომ არა! კუდიანი წმინდა ადგილსაც კი არ ერიდებოდა და არათუ თვალს ახელდა (1967 წლის ეკრანიზაციაში მისი გაღვიძების სცენა ისეა გადაღებული, რომ დახვეწილ ჰორორებსაც კი სჯობნის), არამედ თავისი ახალი და წესით სამუდამო სამყოფელითაც კი დაფრინავდა ჰაერში, ხომას დახატულ ცარცის წრეშიც ცდილობდა შეღწევას… ბოლოს იმდენად გათამამდა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ გაჭაღარავებაც კი არ აკმარა და საბოლოო განადგურების მიზნით ათასგვარი საშინელი არსება მიუსია ვიის მეთაურობით… და ამით იცით რა გვითხრა? რომ შიში და რწმენის დაკარგვა დამარცხებას ნიშნავს… და ასეთ შემთხვევაში ხსნა არ არსებობს – ვერც ეკლესიის კედლები გვიშველის და ვერც ცარცის წრე… ვიი მაინც მოგვერევა…
ბოლო კომენტარები