უკვე 24 წელია, რაც ლიტერატურული სამყაროს “წევრი” ვარ (თუ იმ 4 წელიწადს არ ჩავთვლით, როცა ზღაპრებს ვუსმენდი)… თითოეული წიგნი ცალკე ისტორიაა, რომელიც რეალურად არც მთავრდება. ჩვეულებრივი ნაბეჭდი ასოებიდან ადამიანები იბადებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ მანამდე არ ვიცნობდით, მაინც მივყვებით თავგადასავლების საძიებლად. ომებსაც ვიტანთ და ქარიშხლებსაც. ამისთვის უბრალოდ წიგნი უნდა ავიღოთ…
თუმცა რას გიყვებით. ისედაც იცით, რა გრძნობაა, როდესაც თავდავიწყებით ეშვებით წიგნის სამყაროში, ყველაფერი გავიწყდებათ და ვერც შიმშილს გრძნობთ, ვერც სიცივეს. უკვე ახლობლებად მიჩნეულ გმირებს კი დიდი გულისწყვეტით ემშვიდობებით. არადა სულ ცოტა ხნის წინ მათზე ისე ნერვიულობდით, როგორც საკუთარ თავზე… ყველა წიგნი რაღაცით გავსებთ, მაგრამ ამავე დროს სიცარიელესაც გიტოვებთ…
აი, მეგი კი პირდაპირ წიგნის ფუცლებზე აღმოჩნდა! დიახ, დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით და ეს მამამისის ჯადოსნური ხმის წყალობით მოხდა. ჯერ იყო და მოს ხმამ მისი ცოლი მელნის სამყაროში გადაიყვანა, იქაური ბოროტმოქმედები კი ჩვენს გვერდით გადმოასახლა, შემდეგ კი მთელი ოჯახი, წიგნის გმირები, “ათას ერთი ღამიდან” “ამოკითხული” ფარიდი და მწერალი ფენოლიო გადაისროლა მელნის სამყაროში. გშურთ? სულ ტყუილად. წიგნში “მოგზაურობა”, რა თქმა უნდა, საოცნებოა, მაგრამ როდესაც ნამდვილად ხვდები იმ სამყაროში, ხვდები, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. მელნის სამყაროშიც უამრავი სისხლი და სიკვდილია… მაგრამ ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს – განა აქაც იგივე არ ხდება? შეიძლება სხვა ფორმით, მაგრამ მაინც… ამიტომ მეგისა და მოს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – სად დარჩებიან – წიგნში თუ წიგნს მიღმა?
P.S. იმედია “პალიტრა L” გააგრძელებს სერიის თარგმნას. ეს ხომ ისეთი ჩამთრევი სამყაროა…
%(count)s კომენტარი (+add yours?)