კლასიკური ლიტერატურა თუ გიყვართ, ჩარლზ დიკენსსაც უნდა იცნობდეთ (განუმეორებელი სტილით, იუმორით, გმირებით). ერთ დროს მისი რუსულენოვანი 30-ტომეული თითქმის ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას ამშვენებდა (აქედან რამდენი ტომი იყო გადაშლილი, ეს სხვა საკითხია. მაშინ ხომ ორი “მხარე” არსებობდა – ერთნი უბრალოდ “პრესტიჟის” გამო გამოფენდნენ მრავალტომეულებს, მეორენი კი იმიტომ, რომ ცალკეული ნაწარმოებების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ). შემდეგ ის დაივიწყეს… და აი დღეს ბათუმელები “უკვდავი ბიბილიოთეკის” ფარგლებში აქტიურად თარგმნიან “ძველ” ნაწარმოებებს. მათ გარეშე (ისევე როგორც თანამედროვე წიგნების) ხომ ლიტერატურა არ არსებობს… ასე ითარგმნა ქართულად “დიდი იმედებიც” – წიგნი ნამდვილ ინგლისსა და ნამდვილ ადამიანებზე… წიგნი დიდ იმედებზე…
იმედი ისეთი რამაა, რაც ყველას გამოგვიცდია. გამოგვიცდია მათი გამართლებაც და დიდი იმედგაცრუებაც. ასეთია ცხოვრება ნებისმიერ დროში, ნებისმიერ ადგილას… ასე დაემართა პიპსაც. დისგან დაჩაგრული ობოლი ბიჭი უცებ უცნობი კეთილისმყოფელის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა, ლონდონში გაემგზავრა, რათა ჯენტლმენი გამხდარიყო და სიმდიდრისა და უზადო მანერების დახმარებით მოეგო თავისი სავარაუდო მფარველის აღსაზრდელის გული… მაგრამ აკი უკვე ვთქვით, რომ დიდი იმედები ზოგჯერ დიდ იმედგაცრუებას იწვევს… რეალობა ხშირად საერთოდ არ ჰგავს ნაოცნებარს – კეთილი ადამიანი მოხუცი ქალბატონი კი არა, გაქცეული კატორღელი შეიძლება იყოს, დამსხვრეული ოცნებების ქვეშ მოყოლილ ადამიანს კი საყვარელი ქალი კი არა გაუნათლებელი და ღარიბი ჯო ამოუდგება მხარში… სიკეთე სულ სხვაგან იმალება. ბედნიერებაც… და შეიძლება სწორედიქ და იმ დროს გამჩნდეს ახალი იმედის სხივი, როდესაც სულაც არ ელი…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).
ბოლო კომენტარები