ოდესმე გიოცნებიათ წიგნებში მოგზაურობაზე? ჰო, კარგი, აღიარეთ! მე უკვე ვაღიარე სულ ცოტა ხნის წინ. და, მიუხედავად იმისა, რომ მელნის სამყაროში ფრიად სახიფათო თამაშში ჩაგვითრიეს, მაინც არ შემიცვლია აზრი. სამწუხაროდ, მემენტო მორი ლეას მიადგა და არა მე. არადა სიამოვნებით გაყვებოდი სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის წიგნში და გადავარჩენდი გმირებს, რომელთა მოკვლაც ავტორმა გადაწყვიტა. რა, ახალგამომცხვარ (თუ სიტყვა “გამოუმცხვარი” ჯობია) დეტექტივზე ან დიდებულ სიკვდილზე მეოცნებე პროფესორზე უკეთ ვერ “მოვერგებოდი” სამყაროს, რომელშიც ვირჯინია ვულფს სილვიაზე შევარდნია გული, რითაც “ტრადიციების” მოყვარული ერნესტ ჰემინგუეი აღუშფოთებია? თუ შექსპირის სასტუმრო “ჰოტელოში” ვერ დავსახლდებოდი ან ემანსიპირებულ პრინცესას ვერ გავუგებდი? ის კი არა, მემენტო მორის გარეშეც მშვენივრად გავართმევდი თავს ყველაფერს – რომეოსა და ჯულიეტასაც დავარწმუნებდი, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის, ჰანს კასტორპსაც განვკურნავდი, მორიარტისაც გადავაგდებდი ჩანჩქერიდან… მოკლედ, მშვენივრად ავაწყობდი საქმეს… თან როგორ ვოცნებობ ატიკუსთან შეხვედრაზე (არა, არა, სხვა რომ ვერაფერი მომეხერხებინა, მას მაინც არ მივცემდი თვითმკვლელობის უფლებას, “მიდი, დააყენე დარაჯის” წაკითხვის შემდეგაც კი)… არა, ნამდვილად ჩემი ადგილია წიგნებში – თუნდაც ასე, ფურცლების გავლით. თქვენც ასე ფიქრობთ? ვიცი, რომ ასეა.
P.S. “ბესტსელერისა” არ იყოს, ეს წიგნიც მშვენივრად გახალისებთ. მოიძიეთ და გაერთეთ.
ბოლო კომენტარები