მისაბაძი გაკვეთილები

“სამყაროს გაბედული ადამიანები ცვლიან, პატარა მოქმედებები, ინიციატივები, შთაგონება და ფანტაზია – აი, რას შეუძლია ადამიანები გააბედნიეროს.” – დიანა ანფიმიადი

ხშირად ვამბობ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს (თავად ავტორიც საუბრობს ამ წიგნში ამაზე). თითოეული მათგანი ზუსტად მაშინ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა სწორედ ის გვჭირდება. შეიძლება ამას დამთხვევა უწოდოთ, მაგრამ მუდმივად? აი, ახლაც ეს მოხდა! “მოსირაულე გაკვეთილების” წაკითხვა სულ მინდოდა, რადგან ლელა კოტორაშვილის რაჭულ ისტორიებს სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალს. 2018 წლის მიწურულს გამართულ წიგნის ფესტივალზე მისი შეძენის სურვილით მივედი, მაგრამ პირველი ეგზემპლარები ჯერ არ დამხვდა. მას შემდეგ არაერთხელ ვესტუმრე წიგნის მაღაზიებს, მაგრამ წიგნი თვალში არ მომხვედრია… და აი 2019 წლის მაისის ფესტივალზე ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლისთვის” მივადექი “ინტელექტის” სტენდს და ეს წიგნი დამხვდა! რა თქმა უნდა, ინტერესი განმიახლდა და ავტორის ავტოგრაფითურთ შინ წამოვიღე, მაგრამ ერთი თვე არ გადამიშლია. ჯერ იყო და სხვა ახალმა წიგნებმა შემიტყუეს საკუთარ სამყაროში, შემდეგ შვებულება და “წანწალის პერიოდი” დაიწყო… თბილისში დაბრუნებულმა კი გადავშალე და მივხვდი, რომ ეს ზუსტად აქ და ახლა უნდა მომხდარიყო!

შვებულების ნაწილი გურიაში გავატარე, სადაც ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი. მას შემდეგ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსაც ვსტუმრობდი, რომელიც ძალიან საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ ახლა, როდესაც თითქმის ერთი თვე გავიდა, იცით რას მივხვდი? ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება მაინც გურიის პატარა სოფელია, გურული შთაბეჭდილებებიდან კი ყველაზე დაუვიწყარი სკოლა და სკოლის მოსწავლეები, კერძოდ კი ის ფაქტი, რამაც გაგებისას გაოცებაც კი გამოიწვია – სემესტრის დასასრულს პატარა სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო დაწესებულებიდან კილომეტრები აშორებთ, შემაჯამებელ ღონისძიებად ლიტერატურული საღამო ჰქონდათ დაგეგმილი! დიახ, გამიკვირდა, რადგან სულ რაღაც 10 წელია, რაც თბილისის სკოლა დავამთავრე და არ მახსენდება არც ერთი მსგავსი შემთხვევა, არც ერთი საუბარი ლიტერატურაზე, რომელშიც სკოლის მასწავლებელი ჩაერთვებოდა (საერთოდ ვერ ვიხსენებ რაიმე საინტერესო აქტივობას, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ვიქნებოდით ჩართულები). რომ არა ოჯახი, ალბათ ლიტერატურული სამყაროს კარი სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც იქნებოდა დახურული ჩემთვის…

ლელამ კი ეს მოახერხა. თავისი გამბედაობის, ფანტაზიის, დაუღალავი შრომის წყალობით უწერაში შექმნა ის, რაზეც ვოცნებობ, როგორც ყოფილი მოსწავლე, მომავალი მშობელი, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქე… ხალხისგან დაცლილ სოფელში ჩატარებული მისაბაძი გაკვეთილებით, საკუთარი მოსწავლეების, მეზობლების, ოჯახის ამბების თხრობით კიდევ ერთხელ გამიმძაფრა ის განცდა, რაც სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ არ მტოვებს – სანამ არსებობენ ისეთი ბავშვები, როგორებიც გურული ან რაჭველი მოსწავლეები არიან, ისეთი მასწავლებლები, როგორიც ლელაა, ისეთი მშობლები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ამ წიგნში გავიცანით, ყველაფერი კარგად იქნება!

P.S. ვიცი, რომ სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ შესანიშნავი წიგნის წაკითხვის შემდეგ დაგროვილ ემოციებს, მოგონებებს, სურვილებს თავს ვერ ვუყრი… და ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთ (მით უფრო, რომ მარტივად მოსაძიებელია – მათ შორის, ონლაინაც), ჩემსავით ხან იცინოთ, ხან ცრემლი მოგადგეთ და იმედებით აივსოთ, გააკეთოთ ის, რასაც ლელა აკეთებს. მერე რა, თუ მასწავლებელი არ ხართ. შვილები ხომ გყავთ ან გეყოლებათ… აჩუქეთ მათაც წიგნში, ფილმში, მუსიკაში, ნახატში, უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში ჩაბუდებული ბედნიერება…

P.P.S. სულ ბოლოს მინდა წიგნში ნახსენები სიმღერა დაგიტოვოთ, რომელიც მეც ძალიან მიყვარს:

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: შობა სკრუჯთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: