წაგიკითხავთ ჯორჯ მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”? თუ არა, HBO-ს მართლაც შესანიშნავი (ჰო, კარგი, შეიძლება ბოლო სეზონი არ მოგვეწონა, მაგრამ ახლა უკვე ვპოულობ ლოგიკას მომხდარში) სერიალი “სამეფო კარის თამაშები” მაინც გექნებათ ნანახი. თხრობა აქ რობერტ ბარათეონის მეფობისას იწყება და დასაწყისშივე ვიგებთ, რომ ამჟამინდელმა მონარქმა რკინის ტახტი ტარგარიენების დინასტიის ჩამოგდების შედეგად მიიღო. თავად უკანასკნელი მეფე, რომელსაც შეშლილს უწოდებდნენ, ჯეიმი ლანისტერმა მოკლა, თუმცა მმრთველობა მაინც სერსეის ქმარს დარჩა და არა ძმასა და საყვარელს (აქაც ჩანს ტარგარიენების გავლენა – ისინი ხომ “ოჯახურ” ქორწინებებს არად აგდებდნენ და პირიქით, მიესალმებოდნენ კიდეც). ტახტის უკანასკნელი მემკვიდრეები ვიზერისი და დეინერისი დრაკონის კვერცხებთან ერთად შორეულ მხარეში აღმოჩდნენ… და აი ახლა, როდესაც ტარგარიენების ისტორიას თავიდან ვეცნობით, ეს ყველაფერი სულ სხვაგვარ სახეს იძენს…
ჯორჯ მარტინი ციტადელში დაწერილ ისტორიას ძალიან “გემრიელად” გვიამბობს (ზოგი მას თხრობის “სიმშრალეს” უწუნებს, თუმცა ვესტეროსის სამყარო თუ გიყვართ, შეუძლებელია ეს წიგნი არ მოგეწონოთ). აქ უამრავ თავგადასავალს ნახავთ – ეიგონ ტარგარიენის მიერ შვიდი სამეფოს გაერთიანებას და შემდგომ მომხდარ უამრავ ამბავს, რომლებიც სავსეა ცეცხლითა და სისხლით – ღალატსა და ინტრიგებს, ბრძოლას ტახტისთვის, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ მეფეთა შვილები (მეფეებს, როგორც წესი მრავალი მემკვიდრე ჰყავდათ – ხშირად საკუთარი დების ან სხვა ახლო ნათესავებისგან) და მათ მხარეს გადასული დიდგვაროვნები (მათ დიდ ნაწილს შესანიშნავად ვიცნობთ – სტარკები, ლანისტერები, ბარათეონები, არენები, ტალები, გრეიჯოები, მარტელები, ტაირელები, მორმონტები, ტარლები, ტარტები და სხვები კარგად გვახსოვს. არც ლოკაციებია ჩვენთვის უცნობი), უამრავ მზაკვრობას, დაუნდობლობას… ყველაფერ იმას, რასაც ზეციდან უმზერდნენ მოცეკვავე დრაკონები, რისთვისაც ცოცხლობდნენ და იხოცებოდნენ ისინი და ვესტეროსში მცხოვრები ადამიანები… სამეფო კარის თამაშების წესი ხომ ასეთია – ან იმარჯვებ, ან კვდები… და ამ ყველაფრის გაგების შემდეგ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რაც სულ ბოლოს მოხდა? შეგვიძლია უცნაურად მივიჩნიოთ დეინერისის, ჯონ სნოუს ან სხვათა საქციელი და რკინის ტახტის ბედი? მგონი, რომ არა… თუმცა გაგრძელება იქნება და ნელ-ნელა ყველაფერს მოეფინება ნათელი (მთავარია ჯორჯ მარტინი გვიმყოფოს ღმერთმა ჯანმრთელად)…
ივნ 26, 2020 @ 12:50:54
სრულიად გეთანხმები, ნამდვილად არაფერია გასაკვირი 🙂 მაგრამ სერიალის ფინალი მაინც არ ეკადრებოდა ამ დიდებულ ნაწარმოებს
LikeLiked by 1 person
ივნ 26, 2020 @ 21:14:47
ვნახოთ წიგნში რა მოხდება 🙂 კიდევ სად აცდება სერიალს
LikeLike