“ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრეს, დომენიკო.” – გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”
რა მოხდა 1896-97 წლებში ბრაზილიის შტატ ბაიას ქალაქ კანუდოსში? დანამდვილებით ეს არავინ იცის. კანუდოსის ომის ამბავი ჩვენთვის განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი, რადგან მენდეს მასიელისა და დიდი კანუდოსელების ისტორია შესანიშნავად აქვს გადმოცემული გურამ დოჩანაშვილს “სამოსელ პირველში”… თუმცა ეს მხატვრული ლიტერატურაა და არა ისტორიული ნაშრომი. მხატვრული ნაწარმოებია მარიო ვარგას ლიოსას “ბოლო ჟამის ომიც”, მაგრამ სრულად ეძღვნება კანუდოსის ომს და მეტ წარმოდგენას გვიქმნის ამ ისტორიულ ფაქტზე.
ლიოსას ნაწარმოებში ჰყავს უამრავი გამოგონილი გმირი (როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოძერწილი) და რეალური პერსონაჟები (მხოლოდ იისფერ სამოსში გამოწყობილი კონსეილეირუ რად ღირს). მათი დახმარებით თითქოს საკუთარი თვალით ვხედავთ სერტანებში გაჩაღებულ ომს, რომელიც რესპუბლიკის დამცველთათვის ფანატიკოს აჯანყებულებთან ბრძოლაა, კანუდოსში გამაგრებული ყოფილი კრიმინალების, მოძალადეების, ღატაკებისა და უბრალოდ ბრმად მორწმუნეთათვის კი – ბოლო ჟამის ომი ანტიქრისტესთან. ჩინოვნიკები საკუთარ ინტერესებს გადაჰყოლიან, კანუდოსელები კი ორგანიზებულად იცავენ თავს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვანნი არიან და არც შეიარაღება უწყობთ ხელს, მედგრად იცავენ კანუდოსის მისადგომებს. მათ ხომ საკუთარი ბნელი ბუნება დაამარცხეს და სულის განწმენდის გზას დაადგნენ… რას დააკლებს მათ სამხედრო ძალა? სიცოცხლეს წაართმევს? მერე რა, ანგელოზები ზეცაში აიყვანენ დიდ კანუდოსელებს… დედამიწაზე კი ბოლო ჟამი მაინც დადგება… შეიძლება 1899 წელს არა, მაგრამ ოდესმე აუცილებლად…
P.S. ვერ გეტყვით, რომ ლიოსას ნაწარმოებებს შორის ყველაზე მეტად მომეწონა (სიმართლე გითხრათ, გადაჭარბებული მოლოდინი მქონდა და ჩვეული რთული სტრუქტურა დამხვდა, რაც საკმაოდ ძნელად გადავლახე), თუმცა მხატვრულ-ისტორიული ლიტერატურის მოყვარულთათვის (რომელთა რიცხვს მეც მივეკუთვნები), მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. თუ დაინტერესდით, დოდო ყვავილაშვილის და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” გამოცემას მარტივად მოიძებთ.
ბოლო კომენტარები