მორიგი ახალი წიგნის გადაშლისას რას ელით? ალბათ ჩემსავით ახალ ემოციას, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებულია… ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნების” ფურცლებიდან დაუვიწყარი ემოცია მოედინება – უსაზღვრო მრისხანება, უსამართლობა და იმედი… ოკლაჰომიდან “აღთქმულ მიწაზე” – კალიფორნიაში – გადაბარგებული ჯოუდების ამბავი გულგრილს ვერ დაგტოვებთ, რადგან სახლის დაკარგვის შემდეგ “ბედნიერების” გზაზე დამდგარი ოჯახის ისტორიაში ყალბი არაფერია. ჯონ სტაინბეკს ხომ საკუთარი თვალით უნახავს ყველაფერი – “დროებით” საცხოვრებელს შეფარებული ღატაკი ამერიკელები, რომლებსაც მონებივით ექცევიან, დაუნდობელი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, პოლიციელები, სასულიერო პირები, შიმშილი, დამცირება, იმედების მსხვრევა და ამასთანავე დიდი იმედი… დიახ, იმედი ყოველთვის არსებობს. მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი დამთავრდა. მერე რა, რომ მსოფლიოში არაფერი შეცვლილა… წიგნის გამოცემიდან 80 წლის შემდეგ მრისხანების მტევნები ისევ მწიფდება ჯოუდების მსგავსი ადამიანების სულში… იმედი მაინც არსებობს, სანამ არსებობენ დედა ჯოუდის მგსგავსი შეუდრეკელი ადამიანები, ტომ ჯოუდი და სხვები… ადამიანები, რომლებც ბოლო ლუკმას უნაწილებენ ერთმანეთს და ერთად იბრძვიან თუნდაც ბუნდოვანი, მაგრამ მაინც მომავლისთვის…
P.S. წიგნის ქართული თარგმანი ჯერ კიდევ 80-იან წლებში გამოვიდა. ამასთანავე მარტივად მიაგნებთ ეკრანიზაციასაც, რომელიც, როგორც დამოუკიდებელი ფილმი, ძალიან კარგია, თუმცა წიგნთან ახლოსაც ვერ მივა.
ბოლო კომენტარები