ლიტერატურის მოყვარულები ალბათ კარგად იცნობთ ამ კეთილი სახის კაცს ამერიკიდან – ო’ჰენრის… თუმცა ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. 1862 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში დაბადებულმა უილიამ სიდნი პორტერმა ათასგვარი გაჭირვება გამოიარა – დედის გარეშე გაიზარდა, უამრავ საქმეს მოჰკიდა ხელი, ცოლი დაკარგა, მიმალვის მცდელობების მიუხედავად ფინანსური დანაშაულისთვის ციხეში აღმოჩნდა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა…
ერთი შეხედვით ასეთი ბიოგრაფიის კაცს მძიმე რომანები უნდა ეწერა და არა სიკეთით სავსე მოთხრობები. თუმცა მან ისეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელსაც ფასი არ აქვს. აბა როგორ უნდა შევაფასოთ იმ მხატვრის სიცოცხლე, უკანასკნელ ფოთოლს რომ ხატავდა ყოველდღე ავადმყოფი გოგონას გადასარჩენად… ან იმ პატარა ბიჭის ენერგია, გამტაცებლებს თავბედი რომ აწყევლინა და ლამის იქეთ გადაახდევინა მოთხოვნილი გამოსასყიდი… აღარაფერს ვამბობ იმ ამბავზე, რომელსაც ყოველ ახალ წელს ვუბრუნდები და ერთგვარ ტრადიციადაც კი მექცა – დელასა და ჯეიმსის შეუფასებელ საჩუქრებსა და მათ ასეთსავე გრძნობაზე… ეს ხომ სამაგალითო ისტორიებია – სიკეთის, მხიარულების, სიყვარულის ამბები ო’ჰენრისგან…
P.S. საბედნიეროდ, ო’ჰენრის მოთხრობები აქტიურად ითარგმნება. იკითხეთ და ისიამოვნეთ. ამ ფილმსაც გირჩევთ – შესანიშნავი მოთხრობების ეკრანიზაციას შეუდარებელი მსახიობების შესრულებით.
ბოლო კომენტარები