კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საიდუმლოებით სავსე ქალაქში! გინდათ მითხრათ, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ ედუარდო მენდოსასთან ერთად უკვე ვიყავით? მართალია, მაგრამ ბარსელონა ხომ ის ქალაქია, რომელიც თუ გაიცანი, თავს არასდროს დაგანებებს… ამიტომაც ის ხანგრძლივი თავგადასავალი, რომელსაც კარლოს რუის საფონი გვთავაზობს, განუმეორებელია!
და აი ისიც – დავიწყებული წიგნების სასაფლაო. სწორედ მის კართან ვიწყებთ მოგზაურობას პატარა დანიელ სემპერესა და მის მამასთან ერთად. აქვე ვიგებთ, რომ ეს საიდუმლო ადგილია და წიგნი, რომელსაც აქ აიღებ, სამუდამოდ შენია… ზუსტად ისე, როგორც ხულიან კარაკსის “ქარის აჩრდილი” გახდა დანიელის ცხოვრების მეგზური… თუმცა ეს ალბათ რბილადაა ნათქვამი. ამ წიგნმა ხომ შეცვალა ახალგაზრდა სემპერეს ცხოვრება და ის მწერლის ძიების გზაზე დააყენა…
ხულიანის წიგნის გმირმა რეალურ ბარსელონაში გადმოინაცვლა, დავიდ მარტინმა კი თავად დაწერა წიგნი – წიგნი საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეცნობიერზე (გამოგიტყდებით და ეს ნაწილი ყველაზე ნაკლებად მომეწონა. მიზეზს შემდეგ ნაწილებში მივხვდი).
სანამ იზაბელა სემპერეზე შეყვარებული დავიდი თავის დაავადებულ გონებას ძალას ატანდა და ფურცელზე გადაჰქონდა არეული აზრები, ფერმინ რომერო დე ტორესმა – აწ უკვე ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა გმირმა და განუმეორებელი იუმორის პატრონმა – გრძელი გზა განვლო, რათა საბოლოოდ სემპერეების ბუკინისტურ მაღაზიასთან ჩაეშვა ღუზა…
იმ ადგილას, სადაც საბოლოოდ შეიკრა კვანძი და იდუმალებით მოცული ალისია გრისის დახმარებით სამართალმა იზეიმა – ყველა დამნაშავე დაისაჯა, ყველამ ჰპოვა სიმშვიდე ამქვენიურ თუ იმქვეყნიურ სამყაროში, რათა უმცროს სემპერეს შეექმნა ეს 3000-გვერდიანი სერია – სერია, რომელსაც დავიწყებული წიგნების სასაფლაოდან წამოვიღებდი და მუდამ ვიზრუნებდი მასზე…
P.S. სამწუხაროა, რომ ეს საოცრად ჩამთრევი სერია ქართულად არ გვაქვს. იმედია, მალე მიიქცევს ჩვენი გამომცემლების ყურადღებას და ყველანი ერთად გადავეშვებით წიგნების ლაბირინთში ძალიან საინტერესო გმირებთან ერთად.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი კვირაც არ გასულა და “არეტემ” პირველი ნაწილის თარგმანი დააანონსა 🙂
აგვისტო 31, 2021 @ 23:20:00
სამწუხაროდ მხოლოდ პირველი ნაწილი:( იმედია დანარჩენ სამსაც თარგმნიან
LikeLike