„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)
ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულება საიდუმლო არავისთვისაა. აწ უკვე 17 წელია აქტიური გულშემატკივარი ვარ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ ამ თემაზე დაწერილ წიგნს გვერდს ვერ ვუვლი.
“100 ამბავი. 100 ფეხბურთელი” ისეთი წიგნია, წარსულს რომ გაგახსენებთ – იმ ბედნიერ წუთებს, რომლებიც იმ ადამიანებმა გვაჩუქეს, ახლა მხოლოდ მოგონებად რომ დარჩნენ (ფეხბურთი ხომ თეატრს ჰგავს – “პირისპირ” ნახვას სულ სხვა ეფექტი აქვს)… თუმცა ლეგენდები დავიწყებას არასდროს მიეცემიან – ყოველთვის იარსებებენ შოთა არველაძე, პაოლო მალდინი, პიპო ინძაგი, სანდრო ნესტა, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო, კაკა, რონალდო, კაფუ, რობერტო კარლოსი, კლარენს ზეედორფი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო ტოტი, ფაბიო კანავარო, მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, მიროსლავ კლოზე, თომას მიულერი, იკერ კასილასი, რაული, კარლეს პუიოლი, ლეო მესი, გაბრიელ ბატისტუტა, ხუან რომან რიკელმე, რუდ ვან ნისტელროი, არიენ რობენი, დენის ბერგკამპი, ფრანკ რიბერი, რობერ პირესი, ალან შირერი, მაიკლ ოუენი, ჯონ ტერი, გარეთ ბეილი, ლუიშ ფიგუ, კრიშტიანუ რონალდუ, დეკუ, დიეგო ფორლანი, ფრედი ლიუნგბერგი, ჰენრიკ ლარსონი, ოლე გუნარ სოლსკიაერი (მომკალით და მაინც ასე ვეძახი), მოჰამედ სალაჰი, ალექს ფერგიუსონი და სხვები… იმიტომ, რომ ეს ფეხბურთია – უმაღლესი ხელოვნება და ჩვენ, ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა – კლოვის აკოსტა ფერნანდეშის მემკვიდრეებმა, ზუსტად ვიცით ვინ არიან მოედნის ნამდვილი ჯადოქრები…
P.S. თუ ჩემსავით გიყვართ ფეხბურთი, “არტანუჯის” “თან საკითავის” მორიგი წიგნი არ გამოტოვოთ (მერე რა, თუ რამდენიმე შეცდომა გაიპარა – მაგალითად, იბრას “მილანური” პერიოდი გამოტოვებულია – სიამოვნება ბევრად აჭარბებს ხარვეზებს).
P.P.S. ხომ ვამბობ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს… ეს წიგნი რომ დავხურე და კომპიუტერი ჩავრთე, ინტერნეტ-სივრცე ზლატანის განუმეორებელი გოლებით დამხვდა სავსე – იბრაკადაბრა 38 წლის გახდა!
ბოლო კომენტარები