ყოფილხართ შუამიწეთში? გისწავლიათ ჰოგვორტსში? გიმღერიათ ოზში? გიბრძოლიათ ვესტეროსში, პანემში, ჯო აბერკრომბის სამყაროში? “გაგიშლიათ ბანქო” ამბერში? მოგისმენიათ საინტერესო ისტორიები ქვოს ფუნდუკში? შეგშინებიათ დერიში? გიცინიათ დისკოს სამყაროში? გიმართავთ ნარნია? ყოფილხართ სტუმრად მუმინების ხეობაში, საოცრებათა ქვეყანაში ალისასთან, ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ტყეში კრისტოფერ რობინთან ან ნევერლენდში პიტერ პენთან ერთად? მაშინ აუცილებლად უნდა შეიხედოთ ანჯეი საპკოვსკის სამყაროშიც, რადგან აქ შეხვდებით დაუვიწყარ ადამიანს – მხედვარ გერალტს!
გერალტი რივიიდან – ასე გვაცნობს მას ანჯეი საპკოვსკი და ნელ-ნელა, პატარ-პატარა ისტორიებით შემოჰყავს ჩვენს ცხოვრებაში. შემდეგ ჩნდება მისი ორი ბედისწერა – ჯადოქარი იენიფერი და ცინტრის ტახტის მემკვიდრე პატარა ცირი, თუმცა მათზე არ შევჩერდები. მართალია ორივე მათგანი შესანიშნავადაა გამოძერწილი, ისევე როგორც სხვა გმირები (მუსიკოს ბაბუაწვერას ცალკე წიგნიც კი ეკუთვნის – ისევე, როგორც როტფუსის ბასტს), მაგრამ გერალტი… მუტანტი, რომელიც ჯადოქარმა დედამ დატოვა და ახლა მხედვართა მიერ აღზრდილი ანაზღაურების სანაცვლოდ ათასნაირ ურჩხულს ებრძვის, ვითომდა მხედვართა კოდექსს ემორჩილება, მაგრამ მისი მთავარი პრინციპი სამართლიანობაა. დიახ, ის არასდროს აღმართავს ხელს უდანაშაულოზე და არ დაინდობს დამნაშავეს! იმიტომ, რომ ეს გერალტია – ერთადერთი და განუმეორებელი მხედვარი!
P.S. გერალტი ოფიციალურად შეუერთდა ჩემი საყვარელი გმირების რიგებს – მასთან ერთად ხომ თვეზე მეტი გავატარე (თანაც სრული და ნაწილობრივი იზოლაციის პერიოდში). ძალიან მიხარია, რომ მისი გაცნობა ქართულ ენაზეცაა შესაძლებელი – იმედია ნელ-ნელა მთელს სერიას თარგმნიან… მე კი ველოდები სერიალის მეორე სეზონს (რა თქმა უნდა, წიგნთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა თავად გერალტი აქაც საოცარია) და ანჯეი საპკოვსკის – იქნებ “ჭექა-ქუხილის სეზონით” არ დაკმაყოფილდეს და კიდევ შემოგვთავაზოს ისტორიები მხედვარის ცხოვრებიდან.
P.P.S. ბოლოს ბაბუაწვერას მიერ შექმნილ სიმღერას მოვუსმინოთ 🙂
მაისი 21, 2020 @ 00:12:15
შემდეგი სეზონებიც გამოვა იმედია და “ფოლადის სუპერმენს” ძაანაც კი მოუხდა მხედვარის როლი ✊🏻
LikeLiked by 1 person