
“აკრძალული წიგნების თარო” რომ ძალიან საინტერესო სერიაა და ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს აერთიანებს, ძველი ამბავია, თუმცა ევრიპიდეს 4 ტრაგედიის მოხვედრა ამ მართლაც დიდებულ ნაწარმოებებს შორის ერთი შეხედვით უცნაურია. მისი პიესები არ აუკრძალავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევრიპიდე სიცოცხლეში სათანადოდ არ ყოფილა დაფასებული და სიცოცხლე ათენიდან შორს, მაკედონიაში დაასრულა.
დღეს, როდესაც პიესებს ვკითხულობთ, გვიკვირს – რატომ ითვლებოდა ავტორი, რომელმაც შექმნა ალკესტისი – ქმრის გადასარჩენად სიცოცხლის გაწირვისთვის მზად მყოფი ქალი – ქალთმოძულედ? როგორ მიანიჭებდა ის ელექტრას განსხვავებულ – შურისმაძიებლის – როლს, ან რისთვის მიუძღვნიდა ორ პიესას იფიგენიას – ტროას ომის წინ ავლისში მსხვერპლად შეწირულ ქალს, რომელიც გადარჩა და ერთგვარი ამბოხიც კი მოაწყო (სხვა რა ვუწოდოთ მის გაქცევას ტავროსიდან), თუ არ სურდა, რომ საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წაეკითხათ მისი პიესები, დაედგათ სცენაზე, გამოეყენებინათ ახალი დრამატურგიის შესაქმნელად და გაეხსენებინათ, რომ ევრიპიდემ დაგვიტოვა არა მხოლოდ განსხვავებულად დანახული – “გაადამიანურებული” მითოსური გმირები, არამედ ძლიერი ქალებიც…
ბოლო კომენტარები