საშინელი წიგნია… საშინლად ნამდვილი და მტკივნეული… მართალია კამბილი ნიგერიაში ცხოვრობს, მაგრამ მისი და მისი ოჯახის მსგავსი ყოფა აქვთ ჩვენს მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც კამბილის, ჯაჯასა და ბეატრისის მსგავსად წამებაში ატარებს დღეებს და ამის შესახებ ეჭვიც კი არავის აქვს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ იუჯინის მსგავსი სანიმუშო მამაკაცი – მდიდარი, ქველმოქმედი, ღრმად მორწმუნე კათოლიკე შეიძლება ცოლს ისე სასტიკად სცემდეს, რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ორსულობის ბოლომდე მიყვანა. ვერც იმას იფიქრებს ვინმე, რომ შვილები მუდმივ სტრესში იზრდებიან და ისიც კი უკვირთ, რომ მათი მამიდაშვილები იცინიან, ლაპარაკობენ, ტელევიზორს უყურებენ, მუსიკას უსმენენ, თავისუფლად იმოსებიან. რეალობას ვერავინ აცნობიერებს, ან იქნებ არც უნდათ იმის აღიარება, რომ “წარმართი” ბაბუა, რომელსაც შვილიშვილების ნახვაც კი ეკრძალება, უფრო ღვთისნიერია, ვიდრე მისი ვაჟი, რომელიც ყველა კათოლიკურ რიტუალს ასრულებს, ნამდვილი ღვთისმსახური კი მამა ამადია, რომელიც ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშება და ეკლესიის გარეთ შორტებით დადის, და არა მამა ბენედიქტი, რომელიც მოძალადე კაცისგან მშვიდად იღებს ფულად დახმარებებს… ეს “თვალდახუჭული” საზოგადოება რომ არა, იქნებ არ მომხდარიყო ის, რაც ამ ოჯახში მოხდა და იქნებ უფრო მალე ეყვავილა იისფერ ჰიბისკუსს… იქნებ არც ნიგერიაში, არც საქართველოში და არც სხვაგან ეარსება ამ “ვერტიკალურ” ურთერთობებს (“ზემოდან ქვემოთ” ურთიერთობა რომ არასდროს არსად ამართლებს, ეს სხვა და უფრო ფართოდ განსახილველი თემაა), რაც ყოველთვის ტრაგედიით სრულდება…
P.S. კარგი წიგნები არასდროს ძველდება. ზოგის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ კონკრეტულ ეპოქას, კულტურას აღწერს. აქ კი ყველაფერი ისეა, თითქოს აქ და ახლა ხდება. თითოეული სცენა გონებიდან არასდროს ამოიშლება და არც უნდა ამოიშალოს. სულ უნდა გვახსოვდეს!
ბოლო კომენტარები