თეთრი სპილოს მსგავსი მთები

თეთრი სპილო… რას გეუბნებათ ეს სიტყვათა შეთანხმება? ალბათ განსაკუთრებულს არაფერს, რადგან ქართულ ენაში ასეთი ფრაზეოლოგიზმი არ არსებობს. აი ინგლისურში კი ის ნიშნავს ძვირფას საჩუქარს, რომელიც მფლობელს მძიმე ტვირთად აწვება. ზუსტად ასეთ საჩუქარზე საუბრობენ ქალი და მამაკაცი ერნესტ ჰემინგუეის პატარა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სიანმდვილეში კი ძალიან მნიშვნელოვან მოთხრობაში… საუბრობენ ბუნდოვნად და მხოლოდ მოგვიანებით ვხვდებით, რომ მოთხრობა გლობალურ პრობლემას ეხება და წყვილის დიალოგი რეალურად მთელს მსოფლიოს სწვდება… მსოფლიოს, რომელმაც განვითარებასთან ერთად ვერ გადაწყვიტა აბორტის საკითხი, ვერ შეჯერდა იმაზე, თუ რა არის ეს – სიცოცხლის მოსპობა, დედის ნებაყოფლობითი არჩევანი, რომ უარი თქვას ძვირფას საჩუქარზე და მძიმე ტვირთივით მოიშოროს ის, თუ მამის ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი… პასუხს ვერც ერნესტი გვცემს, რადგან ის არ არსებობს, თუმცა აკეთებს მთავარს – კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ამაზე… More

ჩვეულებრივი კაცი

“დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.” გურამ დოჩანაშვილი.
ის ჩვეულებრივი კაცი იყო… იმდენად ჩვეულებრივი, რომ სახელიც კი არ ჰქონდა… ჩვეულებრივი ბავშვობით, მოზარდობით, ზრდასრულობით, სიბერით… მას ჰყავდა მშობლები, რომლებიც ძალიან უყვარდა და ამას ყველაზე უკეთ მათი სიკვდილის შემდეგ მიხვდა… ძმა, რომელიც მისთვის  ერთდროულად კერპიც იყო და შურის ობიექტიც… ცოლები, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა, თუმცა თავიდან ერთგული ქმრის ყოფაზე ოცნებობდა… შვილები, რომლებიც მიატოვა… და ქალიშვილი – ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართლა უყვარდა… და რა დარჩა საბოლოოდ? მხოლოდ ავადმყოფობა, სიბერე, ფიქრები სიკვდილზე… და მარტოობა… მარტოობა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები ასე ხშირად ირჩევენ – საკუთარი ცხოვრების წესით, საქციელით, იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც იღებენ… ოდესმე ეს ყველას ცხოვრებაში დგება – გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ… ყველა ჩვეულებრივი კაცის ცხოვრებაში…

უჩვეულო ბავშვების დაბრუნება

უჩვეულო ბავშვები დაბრუნდნენ! დიახ, დიახ, მართალი ხართ. მეც გამიკვირდა, რადგან მათი ამბები თავიდან ტრილოგიად იყო ჩაფიქრებული და თითქოს ბოროტი ძალაც დამარცხდა… თუმცა არა. თურმე წინ კიდევ მრავალი საინტერესო ისტორია გველის. სწორედ ამ მიზნით მისტერ რიგზმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბავშვები თანამედროვე ამერიკაში “გადმოსხა” (არა, არ შეგეშინდეთ. მათი სწრაფი დაბერების პრობლემა მოხსნილია). უკვე ხვდებით, რა სახალისო ამბები დატრიალდა? არა, სრულად მაინც ვერ წარმოიდგენთ როგორ “დაბოდიალობენ” ჯეიკობი და უცნაური ბავშები ტანსაცმლის მაღაზიაში ჯინსების და მაისურების შესაძენად, როგორ სხედან ტელევიზორის წინ და არხიდან არხზე რთავენ, როგორ მიაქროლებენ ტრასაზე ჯეიკობის ბაბუის ძველ ავტომობილს… ამ წიგნის ხიბლი სწორედ ეს ეპიზოდები მგონია და არა უცნაურთა შორის წარმოქნილი კლანური დაპირისპირებები ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ახალი “წევრის” დახსნა გაურკვეველი საფრთხისგან… ვნახოთ რა იქნება შემდეგ (რენსომი ჩვეულ სტილს არ ღალატობს – ისევ შუა მოქმედებაში წყვეტს თხრობას)… ალბათ კიდევ უამრავი ძალიან მაგარი თავგადასავალი…

გამოღვიძება

21-ე საუკუნეში ხშირად ვსაუბრობთ აკრძალულ წიგნებზე.  იყო დრო, როდესაც მათზე ჩურჩულითაც კი არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ე.წ. სკანდალური წიგნები მაინც იწერებოდა, იწერება დღესაც… თუმცა აკრძალულ წიგნებში ძირითადად ისეთ ქვეყნებში დაწერილ ნაწარმოებებს ვგულისხმობთ, რომლებშიც თავისუფლების დაბალი ხარისხია… მაგრამ ეს არ არის სწორი. აკრძალული წიგნები არსებობდა ისეთ თავისუფალ ქვეყნებშიც, როგორებიცაა მაგალითად ბრიტანეთი და აშშ. More

სამყარო, რომელშიც წიგნებს წვავენ

იქ, სადაც წიგნებს წვავენ, მომავალში ადამიანებსაც დაწვავენ.” (ჰაინრიხ ჰაინე)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეი ბრედბერის სამყაროში! აქ კეთილდღეობა სუფევს – ადამიანები მუდამ სამსახურში მიიჩქარიან, უკან დაბრუნებულნი კი ინტერაქტიულ ტელევიზორებს მიუსხდებიან და გადაცემებს უყურებენ. გზად ერთმანეთს უმნიშვნელო თემებზე ესაუბრებიან… აბა მნიშვნელოვანზე რაზე უნდა ილაპარაკონ? ლიტერატურა კრიმინალად ითვლება. წიგნებს წვავენ, მათ მფლობელებს კი აპატიმრებენ ან ფსიქიატრიულ კლინიკებში ამწყვდევენ… მაგრამ არსებობს ცეცხლი, რომლებიც წიგნებს კი არ წვავს, პირიქით – ადამიანების გულებში ინთება და ისე გიზგიზებს, რომ მას ვერაფერი ჩააქრობს… More

ველური პალმები

“თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.” (ფსალმუნი 136:5)

მაინც რა არის ბედისწერა? ალბათ ამაზე ბევრი გიფიქრიათ, ბევრიც წაგიკითხავთ და გინახავთ… მაგრამ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს… ისევე, როგორც არ არსებობს თავისუფლების განმარტება… და ზოგიერთი წიგნის შეფასება… განსაკუთრებით, უილიამ ფოლკნერის… “ველური პალმები” თუ წაგიკითხავთ, აუცილებლად დამეთანმებით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კონტრაპუნქტის პრინციპით აგებული წიგნი (შემიძლია ვთქვა, რომ “ველური პალმები” უფრო მომეწონა, მაგრამ ახლა – წაკითხვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ – კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ორი, ერთი შეხედვით სრულიად დაუკავშირებელი, ნაწილი განუყოფელია),რომელიც მოგვითხრობს ქალსა და მამაკაცზე და შემთხვევით თავისუფლებაზე აღმოჩენილ პატიმარზე. ეს ბევრად მეტია… ესაა ამბავი კაცზე, რომელიც თავსიფულებას გაექცა და კიდევ წყვილზე, რომლებსაც თვისუფლება სურდათ… კიდევ ასაკოვან “უფერულ” ცოლ-ქმარზე, მიტოვებულ ქმარსა და შვილებზე… დიახ, ეს არის სიყვარულის ისტორია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ – ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მოიპოვეს, დაისაკუთრეს, მაგრამ “ეზედმეტათ”… რომელიც თავისუფლება კი არა, სიმძიმე აღმოჩნდა… რომელიც დააგემოვნეს და ყელში გაეჩხირათ… რომელიც ველური პალმების შრიალში მოკვდა… More

ის

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში! თუმცა სიტყვა “კეთილი” აქ რა მოსატანია… ქალაქში ხომ უბედურება ტრიალებს – გაურკვეველი ადამიანი თუ ძალა მოსახლეობას – ძირითადად ბავშვებს – ხოცავს! ეს ერთი შეხედვით მშვიდი დასახლება შიშს მოუცავს და გამოსავალიც არ ჩანს. პოლიცია მხოლოდ ვერსიებზე მსჯელობს და კომენდანტის საათს აწესებს, რაც, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ შველის. ნამდვილი დამნაშავე უცნობია და მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება… More

რამსფელდის წარმატების ფორმულა

დონალდ რამსფელდის სახელი ალბათ გაგიგონიათ. სხვადასხვა დროს ის იყო აშშ-ს კონგრესის წევრი, თავდაცვის მდივანი, ელჩი ნატოში, ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უმსხვილეს კომპანიებს… ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს რომ შეუძლია “წარმატების ფორმულის გამოყვანა”(რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ – უტყუარი ფორმულა ხომ არ არსებობს და ამას თავად რამსფელდიც ეთანხმება), ეს ხომ ჭეშმარიტებაა… და აი ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ ამ ფორმულის “შემადგენელ წევრებს”, რომელთა სწორად გამოყენებითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იღბალს… More

ფილ დიკის ღმერთი

იცნობთ ფილიპ დიკს? თუ მისი ერთი წიგნი მაინც წაგიკითხავთ, გეცოდინებათ. რომ ის არანორმალურია! დიახ, დიახ, ადამიანი, რომელმაც დაწერა “კაცი მაღალ კოშკში”, “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”, “იდინე, ცრემლო, თქვა პოლიციელმა”, “პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა”, “ბუნდოვნად, სკანერში”, “უმცირესობის მოხსენება”, “მოთამაშეები ტიტანიდან” “უბიკი” და სხვა წიგნები, ვერ იქნება ნორმალური! ასეთ წიგნებს ვერ წერენ “წესიერი” მწერლები. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ მის უკანასკნელ ტრილოგიას წაიკითხავთ, რომელიც “კრავს” მთელს მის შემოქმედებას და ბოლომდე აშიშვლებს მის შინაგან სამყაროს… More

ენდი უორჰოლის ფილოსოფია

იცნობთ ენდი უორჰოლს? და ვინ არის ის? ამ კითხვაზე მოკლე და კონკრეტული პასუხის გაცემა მარტივი სულაც არ არის. ის იყო მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, რეჟისორი, პროდიუსერი… თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ენდი უორჰოლი უბრალოდ 60-იანების თანამედროვე ხელოვნების კერპია. დიახ, დიახ, მისი სახელის ხსენებისას სწორედ ეს გაგახსენდებათ და არა მისი ნამუშევრები თუნდაც კინოში… ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა თავად შექმნა საკუთარი თავი და საკუთარი ფილოსოფია. სწორედ ამას ამტკიცებს მისი წიგნიც, რომელიც ერთი დიდი მონოლოგია. ენდი ელაპარაკება საკუთარ თავს და არა ჩვენ, თავის მეორე “მეს” უამბობს ნაწყვეტებს იმ ისტორიებიდან, რომლებიც მისი ძალიან საინტერესო (და ალბათ ძალისნ უცნაური, არაჩვეულებრივი) ცხოვრების ნაწილია… და ამ ამბებით ერთ რამეს ხდის ფარდას – საკუთარ უკიდეგანო მარტოობას… იმ მარტოობას, რომელიც ვერც ჰოლივუდის ნაღებ საზოგადოებაში ტრიალით დაამარცხა, ვერც “მიმდევრების” არმიის შეძენით და ვერც ხელოვნების ლამის ყველა სფეროში “ხელის ფათურით”… იმიტომ, რომ მას უყურებდა მთელი სამყარო, მაგრამ სულში არავინ “შეახედა”… More

Previous Older Entries Next Newer Entries