ბიჭი ზოლიან პიჟამაში

11026087_10205930399794716_9170422338054122353_nწიგნზე ან ფილმზე გიტირიათ – განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც ძალიან მარტივი სიუჟეტით გამოირჩევა? შეიძლება არა და იქნებ არც ჯონ ბოინის წიგნსა და მის ეკრანიზაციაზე იტიროთ, მაგრამ ძლიერ ემოციას კი ვერსად გაექცევით. ალბათ იკითხავთ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისეთი რა უნდა წავიკითხოთ, რაც აქამდე არსად გვინახავსო… მერწმუნეთ, პატარა ბრუნოს ისტორია (მიუხედავად სიმარტივისა და ბევრი უზუსტობისა) უნიკალურია… More

მოლოი სიკვდილის მოლოდინში

ბეკეტის პერსონაჟ მოლოის (საინტერესო გმირია-თქო რომ გითხრათ, საკმარისად მაინც ვერ გამოვხატავ მის ღირსებებს) მხოლოდ დედა ჰყავს… მაგრამ ნამდვილად მოლოი ჰქვია? ნამდვილად ჰყავს დედა? ეს თავადაც არ იცის. მოლოი სიკვდილის მოლოდინშია, რადგან მის სიცოცხლეს სიცოცხლე არც ჰქვია – სხეულთან ერთად გონებაც “აუჯანყდა”. თუმცა თავის ერთ დიდ აბზაცად დაწერილ მონოლოგში საოცრად “გონიერად” საუბრობს (ფოლკნერის ბენჯის თუ იცნობთ, ნაცნობი გრძნობა დაგეუფლებათ – ცნობიერების ნაკადი იმაზე უფრო “სწორად” მიედინება, ვიდრე სხვათა მონათხრობში)…

მეორე (და ჩემი აზრით, უფრო “მარტივი”) ნაწილი ჟაკ მორანის მონათხრობია. ის ვითომდა მოლოის ეძებს, თუმცა მასავით აბსურდის ლაბირინთში იკარგება. ამას წერის მანერაც მოწმობს (თავიდან – უფრო დალაგებული, ბოლოს – უფრო არეული), მორანის ფიზიკური დეგრადირებაც და ბოლოს თითქოს ზღვარი იშლება – მოლოი და მორანი ერთმანეთს ერწყმიან…

More

ულისემდე…

ლიტერატურის მოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ ჯეიმს ჯოისის “ულისეს” მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე რთულ წიგნს უწოდებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღე შიშის ზარს მცემს. წიგნის მაღაზიებში უთვალავჯერ ჩავუარე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თაროს, ერთი-ორჯერ წიგნი გადმოვიღე კიდეც, თუმცა შემდეგ უკანვე დავაბრუნე. ასეთი სერიოზული “მოგზაურობისთვის” ვერაფრით მოვემზადე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ უფრო “მარტივი” წიგნებით გამეცნო ჯოისი და მხოლოდ შემდეგ შევჭიდებოდი “ულისეს”. More

ლოტ 49-ის გამოცხადება ზღვის პირას…

ზღვა ღელავს, მოგონებების ზღვა… ამ ზღვაში მაქს მორდენი შედის და ნელ-ნელა იძირება ბავშვობისა და ზრდასრულობის მოგონებებში. ბავშვობის ქალაქში დაუვიწყარი გრეისები დარჩნენ, უახლოეს წარსულში – გარდაცვლილი ცოლი, მათ კი ერთი რამ აერთიანებთ – ყველანი მოგონებების ზღვამ ჩაყლაპა… ეს არის მთელი სიუჟეტიც – ერთი დიდი მელანქოლია, ერთი დიდი ფიქრი… პარალელურად კი ფურცლებიდან ტალღების ხმა ისმის…

ამასობაში ჩვეულებრივი კალიფორნიელი ქალი გარდაცვლილი ყოფილი საყვარლის უკანასკნელი ნების აღსასრულებლად გამოიძახეს. თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, მაგრამ როდესაც ეს საყვარელი მაგნატია და უცნაური ფაქტებიც პირდაპირ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, უბრალო სიტყვები და სიმბოლოები კი შუასაუკუნეების უძლიერეს ორგანიზაციაზე მიგვითითებს, საქმე უკვე სერიოზულ სახეს იძენს. გზად რას არ გადააწყდებით – დეტექტიურ სიუჟეტს, ისტორიულ გადახვევებს, საიდუმლოებით მოცულ ადგილებს, არც თუ ნორმალურ პერსონაჟებს, გამოცანებსა და ალუზიებს… ბოლოს ლოტი 49-ც გამოცხადდება (ლოტის ნომერიც არ გეგონოთ შემთხვევითი) და ფარდაც მზადაა ასაწევად…

P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “დიოგენეს” მიმართოთ. სულ ცოტა ხნის წინ ეს წიგნები “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” (ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი) და “ამერიკელების” (თამარ ლომიძის თარგმანი) ფარგლებში გამოიცა.