ომის წილი სინათლე

1945 წელი დადგა… მეორე მსოფლიო ომი დასრულდა… ბრიტანეთში ერთი შეხედვით სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სწორედ ამ დროს აირია ყველაფერი ნათანიელისა და მისი დის ცხოვრებაში – მშობლებმა სინგაპურში გამგზავრება და მათი უცნობ ადამიანებთან დატოვება გადაწყვიტეს… და ამით სამუდამოდ შეცვალეს შვილების მომავალი… მეტი

ქვის ანგელოზი მენავაკიდან

გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ ეს ფიქრი ზოგჯერ მაინც ყველას გაგვიელვებს, თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის… მაგრამ თუ მაინც “გვესტუმრება” აზრი მოხუცებულობაზე, ხშირად ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი სულაც არაა ცუდი “გამოსავალი”. იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება… ასე ვფიქრობთ ჩვენ – ახალგაზრდები… და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს ჰეიგარი – ქალი, რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა. სწორედ ამ ასაკში, როდესაც ნელ-ნელა სრულიად უმწეო ხდება, ის მიგვიძღვის საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს (რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება) და თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სიბერე აუცილებლად მოვა… მას ვერავინ გაექცევა (აკი დიდხანს სიცოცხლეა ის, რასაც ერთმანეთს და საკუთარ თავს ვუსურვებთ). ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე, საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს… მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ და მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში, რომელშიც ქვის ანგელოზი “გაგვაცილებს”… მეტი

შეშლილი ადამის სამყარო

მეტი

თაობა X

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აწმყოში! დიახ, მისტერ კოუპლენდი ჩვენს დროში გვეპატიჟება! მერე რა, თუ ჩვენ ოფიციალურად არ ვართ თაობა X. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ზუსტად ისეთივეა… ჩვენც გამოკეტილნი ვართ დახუთულ ოფისებში, მთელს დღეებს მონურ შრომაში ვატარებთ, შაბათ-კვირას უაზროდ მივჩერებივართ ტელევიზორის ეკრანს და არ ვიცით, როგორ დავიხსნათ თავი ამ ჩაკეტილი წრიდან… შეიძლება უცებ გავარღვიოთ კიდეც ის და ენდის, დეგისა და კლერის მსგავსად ყველაფერი მივატოვოთ, წავიდეთ შორს მარკეტინგული სივრციდან და მხოლოდ იუმორისა და სიგიჟის ამარა დავრჩეთ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? რამდენ ხანს გავძლებთ ბარმენის ან უბრალო გამყიდველის პოზიციაზე, როდესაც რეალურად ძალიან მაღალი IQ გვაქვს? რამდენ  ხანს შევძლებთ მხოლოდ ტყუილ-მართალი სახალისო ისტორიებით კვებას? ერთ დღეს ალბათ მაინც დადგება დრო, როდესაც ოდესღაც ნაჩქარევად ჩალაგებულ ზურგჩანთას ისევ ჩავალაგებთ და გავუდგებით გზას უკან “ცივილიზაციისკენ”… ისევ აღვნიშნავთ “საოჯახო დღესასწაულებს”, თავს ავიტკიებთ ახალი ბიზნეს-გეგმებით და ჩავთვლით, რომ ყველაფერი გვაქვს… აღარ ვიოცნებებთ სადმე, მაგალითად მალტაზე წასვლაზე, რათა თავიდან ამოვიგდოთ ყველაფერი და მშვიდად გავატაროთ დრო წიგნებისა და ბიბლიოფილების გარემოცვაში… სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ასე მოხდება… ჩვენც თაობა X ვართ და იმიტომ…

ინგლისელი პაციენტი

11212171_832868533464415_6351277048783413731_oიტალია… მიტოვებული ვილა ფლორენციაში… ინგლისელი პაციენტი, რომელიც ძვლებამდე დამწვარი უკანასკნელ დღეებს ითვლის, მისი მომვლელი მედდა, სიკჰი გამნაღმველი და კანადელი ქურდი…სწორედ ეს გარემო და ადამიანები ქმნიან ომისა და სიყვარულის სურათს… მაგრამ რეალურად აქ არც ომია და არც გრძნობები – ყველაფერს დროის ქვიშა ფარავს და მოგონებების წიგნში წერს – ჰეროდოტეს “ისტორიაში”… წარსული ამ წიგნივით მარადიულია და ამ ადამიანებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ – ქვიშაში, ომის ქარცეცხლსა და დანაღმულ ველებში სულ მარტო უნდა გაიკვლიონ გზა… მეტი

პის ცხოვრება

“1 ბენგალიური ვეფხვი

1 მაშველი ნავი

1 ღმერთი”

10525589_921529951211095_8218386170004696712_nგაიხსენეთ, რამდენი წიგნი წაგიკითხავთ გემის დაღუპვას გადარჩენილ ადამიანებზე? პირადად მე ძალიან ბევრი… რელიგიაზე? ასევე ბევრი… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პი პატელის ისტორიის მსგავსი არაფერი გსმენიათ.

პი მშვიდად ცხოვრობდა ინდოეთში ოჯახთან ერთად. პარალელურად მამის ზოოპარკსა და ერთდროულად სამი (!) რელიგიის ტაძარს სტუმრობდა. თითქოს მის ცხოვრებაში ერთადერთი ცვლილება კანადაში გადასახლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედისწერა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ცხოველებითა და ადამიანებით სავსე გემი ჩაიძირა და ცოცხალი მხოლოდ პი გადარჩა… უფრო სწორად კი -ზებრა, აფთარი, ორანგუტანი, ვეფხვი ჩარლი პარკერი და პი. სწორედ ჩარლი პარკერთან ერთად გაატარა პიმ 200-ზე მეტი დღე სამაშველო ნავში… 200-ზე მეტი დღე, რომელიც სავსე გახლდათ თავგადასავლებით, უიმედობით, ბრძოლითა და ბოლოს გამარჯვებით ( არ შეგეშინდეთ, არ გასპოილერებთ. პი თავად უამბობს თავის ამბავს იან მარტელს. შესაბამისად, ის გადარჩა). პიმ გაიმარჯვა პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ სასოწარკვეთილებასა და შიშზე და ამჯერად უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ღმერთი ერთია (მერე რა, თუ რამდენიმე სახელი აქვს) და სანამ ის ჩვენს გვერდითაა (ეს კი მარად ასე იქნება), იმედი ყოველთვის არსებობს. მთავარია, რომ ღმერთმა ჩვენს შიგნით გაიმარჯვოს და არა გარეთ. არადა, ჩვენ ხომ სწორედ გარეთ ვცდილობთ მის დაცვას. თითქოს სამყაროს შემოქმედს შეიძლება, რომ ვინმე დაემუქროს…

P.S. თუ დაინტერესდით, “კინობიბლიოთეკის” ამ წიგნს მარტივად მოიძიებთ. შემდეგ კი ფილმი “დააყოლეთ” და გადაწყვიტეთ, ისტორიის რომელი ვერსია მოგწონთ – “ცხოველური” თუ “ადამიანური” 🙂

ბრმა მკვლელი

ზაფხულის ცხელ დღეებში კითხვა მიჭირს. თუ ადრე ამ სეზონზე სქელტანიან წიგნებს დროის ნაკლებობა მაშორებდა, წელს ამას განსაკუთრებული სიცხეც დაემატა და ზაფხულის უმეტესი ნაწილი საყვარელი ავტორების გადაკითხვასა და ბავშვობაში გამოტოვებული წიგნების გაცნობას მივუძღვენი… მაგრამ ლიტერატურული “მოგზაურობებისას” გზად შემხვდა ქალი, რომელსაც ვერაფრით მოვწყდი. უფრო სწორად კი – სამი ქალი – მარგარეტ ეტვუდი და მისი გმირები  – აირის და ლორა ჩეიზები… მეტი

სამი ამბავი დისკრიმინაციაზე

ცოტა ხნის წინ ქალურ ისტორიებზე ვისაუბრეთ. ამჯერად კი სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომელთა თემაც ასევე ქალებია, თუმცა სხვა კუთხით – ეს ქალები რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

პირველი წიგნი ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე” გახლავთ. ამ ნაწარმოებს დიდი ხნის მანძილზე სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ფილმი გამოსვლისთანავე ვნახე და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიც გახდა. ვშიშობდი, რომ მის პირველწყაროში ახალს ვერაფერს აღმოვაჩენდი. მით უფრო, რომ თემაც ერთგვარად გაცვეთილია და რთულია მკითხველის გაოცება. თუმცა ქეთრინმა ეს შეძლო. ახალგაზრდა ჟურნალისტმა სქითერმა ჯერ ვერც კარიერა აიწყო და ვერც პირადი ცხოვრება. შავკანიანი მოსამსახურეები ეიბილინი და მინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ. თითქოს მათ არაფერი აერთიანებთ და დაუწერელი კანონების თანახმად არც უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სქითერი სხვებს არ ჰგავს. სქითერი  მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგო. მას მოსამსახურეებთან მთავარი რამ აკავშირებს – უსამართლობის განცდა. მიუხედავად საფრთხისა, ისინი წიგნის დაწერას გადაწყვეტენ, რადგან არ ესმით, რატომ არ შეიძლება განსხვავებული კანის ფერის ადამიანებმა ერთი სველი წერტილით ისარგებლონ, ერთ სკოლაში იარონ, ერთნაირი ცხოვრება ჰქონდეთ. რატომ უნდა ეშინოდეთ მოსამსახურეებს, რომ თეთრკანიანი ქალბატონები ქურდობას დასწამებენ, სამუდამოდ ულუკმაპუროდ დატოვებენ, ფიზიკურადაც კი გაანადგურებენ. რატომ უნდა ითმინონ მუდმივი შეურაცხყოფა… 544 გვერდის მანძილზე მე სქითერის გვერდით ვიყავი, ვიცინოდი, ვტიროდი და 60-იანი წლების მისისიპიში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი! თქვენ კი თუ არ გვეთანხმებით და შავკანიანებს (ან თუნდაც სხვა უმცირესობებს) თქვენზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევთ, მაშინ მინის საფირმო შოკოლადის ტორტს მოგართმევთ! გემრიელად მიირთვით 😉 მეტი