იისფერი ჰიბისკუსი

საშინელი წიგნია… საშინლად ნამდვილი და მტკივნეული… მართალია კამბილი ნიგერიაში ცხოვრობს, მაგრამ მისი და მისი ოჯახის მსგავსი ყოფა აქვთ ჩვენს მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც კამბილის, ჯაჯასა და ბეატრისის მსგავსად წამებაში ატარებს დღეებს და ამის შესახებ ეჭვიც კი არავის აქვს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ იუჯინის მსგავსი სანიმუშო მამაკაცი – მდიდარი, ქველმოქმედი, ღრმად მორწმუნე კათოლიკე შეიძლება ცოლს ისე სასტიკად სცემდეს, რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ორსულობის ბოლომდე მიყვანა. ვერც იმას იფიქრებს ვინმე, რომ შვილები მუდმივ სტრესში იზრდებიან და ისიც კი უკვირთ, რომ მათი მამიდაშვილები იცინიან, ლაპარაკობენ, ტელევიზორს უყურებენ, მუსიკას უსმენენ, თავისუფლად იმოსებიან. რეალობას ვერავინ აცნობიერებს, ან იქნებ არც უნდათ იმის აღიარება, რომ “წარმართი” ბაბუა, რომელსაც შვილიშვილების ნახვაც კი ეკრძალება, უფრო ღვთისნიერია, ვიდრე მისი ვაჟი, რომელიც ყველა კათოლიკურ რიტუალს ასრულებს, ნამდვილი ღვთისმსახური კი მამა ამადია, რომელიც ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშება და ეკლესიის გარეთ შორტებით დადის, და არა მამა ბენედიქტი, რომელიც მოძალადე კაცისგან მშვიდად იღებს ფულად დახმარებებს… ეს “თვალდახუჭული” საზოგადოება რომ არა, იქნებ არ მომხდარიყო ის, რაც ამ ოჯახში მოხდა და იქნებ უფრო მალე ეყვავილა იისფერ ჰიბისკუსს… იქნებ არც ნიგერიაში, არც საქართველოში და არც სხვაგან ეარსება ამ “ვერტიკალურ” ურთერთობებს (“ზემოდან ქვემოთ” ურთიერთობა რომ არასდროს არსად ამართლებს, ეს სხვა და უფრო ფართოდ განსახილველი თემაა), რაც ყოველთვის ტრაგედიით სრულდება… More

ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიგერიაში, კერძოდ კი იბოს ტომში! აქ მკაცრი ტრადიციები სუფევს – ქორწინება უფრო ფინანსურ გარიგებას ჰგავს, ტყუპების დაბადება ბედნიერება კი არა, უდიდესი ტრაგედიაა და ბავშვების თავიდან მოშორებით სრულდება, მძიმე ავადმყოფებს ისე უყურებენ, როგორც უწმინდურებს და ტყეში ტოვებენ, ყველაფერს ბრძოლებში გამოცდილი “უხუცესები” წყვეტენ… მათ შორისაა ოკონკვოც, რომელიც ტომში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა, ცოლებთან და შვილებთან ერთად “მშვიდად” ცხოვრობს და ცვლილებებზე არც კი ფიქრობს… მაგრამ ოდესმე ყველაფერი იცვლება. აფრიკას ბრიტანელი კოლონიზატორები იკავებენ და ნელ-ნელა იბოელთა პირსისხლიან ღმერთებს ქრისტიანთა მოწყალე და ერთადერთი ღმერთი ანაცვლებს, უხუცესთა წესებს – დაწერილი კანონები… ხალხის ნაწილი ახალ გზას ადგება, ნაწილი კი, ოკონკვოს ჩათვლით, ვერაფრით ეგუება სიახლეებს, ვერ იაზრებს, რომ ოდესმე ტრადიციები (ჩვენთვის ბარბაროსულად რომ გამოიყურება, მათთვის კი ცხოვრების აზრია) დავიწყებას მიეცემა… ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს… More

შემოდგომა აზიასა და აფრიკაში

532368_10151311633067801_350978243_n

სალმან რუშდის “შუაღამის შვილები” – 1947 წლის 15 აგვისტო, ზუსტად შუაღამე… ჯავაჰარლალ ნერუმ ტელევიზიით ინდოეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამშობიაროში კი სალემ სინაი დაიბადა – “შუაღამის შვილი”… პრემიერ-მინისტრის წერილისა არ იყოს, სალემის ცხოვრება ახლადდაბადებული ინდოეთის ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა – მისი და სხვა შუაღამის შვილების (სულ 581), სალემის გარემოცვის ცხოვრება ისე გადაეჟაჭვა ინდოეთის მომავალს, რომ მათ შორის საზღვარი გაქრა. სალემი (ინდოელ მარკესად წოდებული რუშდი) დაპყრობილი და დამოუკიდებელი ინდოეთის, მისი დაშლისა და შემდგომი მმართველობის შესახებ გვიამბობს (ინდირა განდისა და მუსლიმური პაკისტანისადმი მის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ სალმან რუშდი ბრიტანეთში ცხოვრობს). 1910-1976 წლების ინდოეთის (ნაწილობრივ პაკისტანისა და ბანგლადეშის) გაცნობა თუ გსურთ სწორედ შუაღამის შვილს – სალემ სინაის უნდა მიმართოთ! More