რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? ალბათ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის ხშირად დაგისვამთ, თუმცა პასუხის პოვნა გაგჭირვებიათ. ამის გაკეთება რთულია, როდესაც რუსეთში არ ცხოვრობთ და მოვლენებს გარედან (თუნდაც მცირე მანძილიდან) უყურებთ, მაგრამ თუ ბერნარ მორის წიგნს გადაშლით, ბევრ რამეს მიხვდებით… მეტი

უბედური სიყვარული ჰამსუნისგან

ნორვეგიელ ნობელიანტ კნუტ ჰამსუნს ალბათ ყველა ლიტერატურის მოყვარული იცნობს, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს მის შემოქმედებას (ხელოვნება ხომ ზოგადად ძალიან სუბიექტური რამაა). ჩვენთან განსაკუთრებული პოპულარობით “მისტერიები” სარგებლობს, მაგრამ პირადად მე ყვითელკოსტუმიანი იოჰან ნაგელის მართლაც ძალიან საინტერესო ამბავს მაინც “შიმშილი” მირჩევნია (“მიწის მადლი” ჯერ არ წამიკითხავს და ვერ შევაფასებ). სწორედ ამ ორმა სასიამოვნო “გამოცდილებამ” (რასაც ვერ ვიტყვი მის ჩანაწერებზე კავკასიაში მოგზაურობის შესახებ) გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ ნორვეგიაში გამგზავრება და ჰამსუნის სამყაროში “შეხედვა”… მეტი

უკან ბავშობაში

ზაფხული საყვარელი საბავშვო წიგნების გადასაკითხად იდეალური დრო მგონია. შარშან უკვე ვცადე და ძალიანაც ვისიამოვნე, ამიტომ არც წელს დავარღვიე ტრადიცია და “გზას გავუდექი”.

პირველი მარშრუტი “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ერთადერთი ბავშვი ვიყავი და სამ ოთახში თავისუფლად ვმოძრაობდი, მთელი ბავშვობა ამ წიგნის გმირების – მარენის, მარტინის, მარტასი, მადსის, მონასი, მილის, მინასი და წრიპა მორტენის – მშურდა. როგორც აღმოჩნდა, არც წლების შემდეგ გამქრალა ეს გრძნობა. დღესაც მინდა, რომ ერთ ციცქნა ბინაში ვცხოვრობდე და ბევრი არაფერი მქონდეს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყო – მყავდეს შვიდი და-ძმა, ღარიბი, მაგრამ მხიარული მშობლები და ბებია, კეთილი მეზობლები და საბარგო მანქანა, რომელიც ზაფხულში უბედნიერეს დღეებს მაჩუქებს… მინდა, რომ დროის მაჩვენებელი უამრავი მოწყობილობის ნაცვლად ერთი კედლის საათი მქონდეს, მაგრამ ისეთი, რომ მთელს ქონებას მერჩივნოს… მინდა, რომ მდიდარი ვიყო – ძველ სამოსში გამოწყობილი, ჯიბეცარიელი, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი! მეტი

შემოდგომა აღმოსავლეთში

302622_1564950661041_657336137_nსუადის “ცოცხლად დამწვარი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! უფრო სწორად, იმ სინამდვილემ გამაოგნა, რაც აქ აღმოვაჩინე. სუადი ხომ თავის ცხოვრებას აღწერს (ამ წიგნის “ავტობიოგრაფიულობა” რამდენად შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცი, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა), უბრალო პალესტინელი ქალის ცხოვრებას, რომელიც ჩასახვის წამიდანვე საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ეს ის ადგილია, სადაც დედები ახალდაბადებულ ქალიშვილებს ცხვრის ტყავით გუდავენ. თუ მაინც მისცეს სიცოცხლის უფლება, მაშინ მათი ყოფა არსებობა უფროა, ვიდრე სიცოცხლე. მამა, ძმა, შემდეგ კი ქმარი უპირობო ბატონები არიან. მათ შეუძლიათ ცხოველებზე უარესად მოექცნენ პატარა გოგონებს (ნორმალური ადამიანები ცხოველებსაც არ სცემენ) და თუ გადაწყვეტენ, შეუძლიათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ, სუადივით ცეცხლიც კი წაუკიდონ და ცოცხლად დაწვან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც შეუყვარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლიან ზეწარს ვეღარ გამოფენენ ყველას დასანახად და შვილის გაყიდვით მიღებულ ოქროს ვერ გადაითვლიან… და ამ ყველაფერს რელიგია ითხოვს? არ არსებობს ასეთი რელიგია! არც ბიბლიაში წერია ასეთი რამ, არც ყურანში და არც სხვა რელიგიათა წიგნებში! ღმერთი არ მოითხოვს ადამიანთა ასეთ ტანჯვას და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ამ ღმერთს! მეტი

შემზარავი ისტორიები ჩეჩნეთიდან

ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).

1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება. მეტი

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

მეტი

ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 1)

ორჰან ფამუქის “თოვლი” – თოვლი… ყარსი… პოეტი კა… (ორიგინალში: Kar-Kars-Ka) ეს არის ფამუქის მორიგი (და ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე და “ცივი”) ნაწარმოები აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, უფრო სწორად, ისლამზე, ქალიშვილებზე, რომლებსაც თმის გამოჩენას თვითმკვლელობა ურჩევნიათ, ათათურქის მომხრე რესპუბლიკელებსა და შარიათის მომხრე ისლამისტებზე, რომლებიც ერთმანეთზე უფრო სასტიკები არიან… და მარტოსულ ემიგრანტ პოეტზე, რომელიც სამდღიანი თოვლის გამო ხვდება ამ “გაუგებრობაში”, წერს ლექსებს, ებმება სიყვარულის მახეში და ხვდება რომ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ფიფქი, რომელიც ქმნის მას, მის შინაგან ცხოვრებას. ერთხელ მაინც, თუნდაც სიზმარში, ყველა ხედავს, თუ როგორ თოვს და ამ თოვლის მდუმარება აახლოვებს მას ღმერთთან, რომლის წინაშე არ იქნება საჭირო ფეხსაცმლის გახდა ან თმის დაფარვა, ღმერთთან, რომელიც “გაიგებს მის მარტოობას”…

ელჩინ საფარლის “ბოსფორის ტკბილი მარილი” – ამ აზერბაიჯანელ მწერალს ფამუქის ახალგაზრდა ანალოგს უწოდებენ, კონკრეტულად ამ ნაწარმოებმა კი თავად ორჰან ბეის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ასეთი ინფორმაცია უყურადღებოდ ვერ დავტოვე და კიდევ ერთხელ გავუდექი სტამბულის გზას. შედეგად უამრავი ადამიანი გავიცანი: თურქები, აზერბაიჯანელები, რუსები, ერთი ქართველიც კი. ისინი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებიც “სულების ქალაქში იკვეთებიან”. საბოლოოდ ჟურნალისტი ელჩინ საფარლი ორჰან ფამუქზე მეტად ანა გავალდას მივამსგავსე (თუ სტამბულს არ ჩავთვლით) : ) სასიამოვნოდ წასაკითხი მარტივი ისტორიებით “გამიმასპინძლდა” და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ისტორიებს ფახლავა და თურქული ყავაც მოაყოლა : ))

ეტგარ კერეტის მოთხრობები – ებრაელებზე ბევრი რამ წამიკითხავს, მაგრამ აქამდე ებრაელ მწერალს არ ვიცნობდი. და აი ეტგარსაც გადავეყარე. როგორ გგონიათ, რაზე შეიძლება წერდეს ებრაელი? ალბათ ჰოლოკოსტზე, დაჩაგრულ ებრაელებზე. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. კერეტი თავის მოთხრობებში გვაცნობს თითქოს არაფრისგან გამდიდრებულ შრიკის და ბლუზზე მეოცნებე ადვოკატს, გვიყვება მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გაცნობის უცნაურ “კრეატიულ” ისტორიას და სამი “გარეკილი” ძმაკაცის ამბავს, რომლებსაც მორიგეობით აწუხებთ “ბზიკი” – მეოთხე ძმაკაცი, რომელმაც თავი მოიკლა… ამ ყველაფერს მწერალი რამდენიმე აბზაცში ახერხებს და იუმორის “მარილსაც” უმატებს : )

რაბინდრანათ თაგორის მოთხრობები – ჩემი და რაბინდრანათ თაგორის ნაცნობობა ორი მიზეზით შედგა. ინდური კულტურა ყოველთვის მაინტერესებდა. თან თაგორი ერთადერთი ინდოელი ნობელიანტი მწერალია. ეს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო (მართალია, ყველა გადაწყვეტილებას  არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე სხვა დროს) მან მიიღო „ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება”, მაგრამ, როგორც აღმოვაჩინე, არც პროზაში ყოფილა ნაკლები. მასთან ერთად სიამოვნებით ვიმოგზაურე ინდოეთის გარშემო და უფრო ახლოს გავიცანი სხვადასხვა კასტის წარმომადგენელი ინდოელები თავიანთი ტრადიციებით.

ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლი” – დიდი ხანია პიესა არ წამიკითხავს, ალბათ ჩეხოვის მერე. ამჯერად “ვისარგებლე” სასესიო პერიოდით გამოწვეული ლიტერატურული პაუზით და რამდენიმე თავისუფალი საათი ამ ჟანრს მივუძღვენი. თან ნორვეგიაში ჰამსუნის შემდეგ აღარ მიმოგზაურია. როგორც გავიგე, “თოჯინების სახლის” სიუჟეტად იბსენს ნამდვილი ამბავი გამოუყენებია. ნორას მსგავსი ამბავი გადახდა მის მეგობარს, მწერალ ლაურა კილერს. მაშინდელ ნორვეგიაში დრამატურგიაში გადატანილი ეს ისტორია ფემინიზმის მანიფესტადაც კი შეურაცხავთ. დღეს ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ XIX საუკუნეში ალბათ დიდი სითამამედ აღიქმებოდა მთავარი გმირის მიერ ქმრის მისამართით ნათქვამი სიტყვები : “მე აქ შენი თოჯინა-ცოლი ვიყავი, როგორც სახლში ვიყავი მამის თოჯინა-ქალიშვილი. მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მე ადამიანი ვარ, ისევე როგორც შენ, ან ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო, რომ გავხდე ადამიანი. მე აღარ შემიძლია იმით დაკმაყოფილება, რასაც ამბობს უმარევლესობა, ან რაზეც წერია წიგნებში. მე თვითონ უნდა ვიფიქრო ყველაფერზე და ვცადო გარკვევა…”