მარტოობის ასი წელი სულების სახლში

“ბარაბასი ჩვენთან ზღვით მოცურდაო”… ასე იწყება საგა ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი გამოიარა, რაც კი შეიძლება ლათინური ამერიკის მკვიდრებმა განიცადონ… რაც მთავარია, მარტოობა… დიახ, ესაა წიგნი ასწლიან მარტოობაზე სულების სახლში… კლარას მარტოობაზე, რომელიც სულებს ესაუბრებოდა და მიუხედავად ათასგვარი უბედურებისა, იმედს არასდროს კარგავდა… კიდევ ესტებან ტრუებაზე, რომელიც მწვანეთმიან როზასთან ერთად ოჯახის შექმნაზე ოცნებამ გამდიდრების გზაზე დააყენა, მისმა დაკარგვამ კი ხასიათიც გაუნადგურა და, მე თუ მკითხავთ, მომვალიც… ფერულაზე, რომელმაც ახალგაზრდობა დედასა და ძმას შეალია… ბლანკასა და პედროზე, რომლებმაც აკრძალული სიყვარული აიკიდეს მხრებზე და ბოლომდე ატარეს… ჰაიმესა და ნიკოლასზე, სხვადასხვაგვარი ბედი რომ არგუნათ ცხოვრებამ… ალბაზე, რომელიც პოლიტიკურ ქარცეცხლში აღმოჩნდა და ათასგვარი წამება გამოიარა სიყვარულის, უფრო კი სულის შენარჩუნების გამო… იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, სულების სახლში დასახლებულ ოთხ თაობას და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს (აქ ხომ ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი გმირებიც კი საოცრად არიან გამოძერწილნი) მხოლოდ სულიღა დარჩათ, სხვა არაფერი… მხოლოდ საკუთარი მარტოობა, სული და იმედი… More

ბოლო ჟამის ომი კანუდოსში

“ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრეს, დომენიკო.” – გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”

რა მოხდა 1896-97 წლებში ბრაზილიის შტატ ბაიას ქალაქ კანუდოსში? დანამდვილებით ეს არავინ იცის. კანუდოსის ომის ამბავი ჩვენთვის განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი, რადგან მენდეს მასიელისა და დიდი კანუდოსელების ისტორია შესანიშნავად აქვს გადმოცემული გურამ დოჩანაშვილს “სამოსელ პირველში”… თუმცა ეს მხატვრული ლიტერატურაა და არა ისტორიული ნაშრომი. მხატვრული ნაწარმოებია მარიო ვარგას ლიოსას “ბოლო ჟამის ომიც”, მაგრამ სრულად ეძღვნება კანუდოსის ომს და მეტ წარმოდგენას გვიქმნის ამ ისტორიულ ფაქტზე. More

დიქტატორის შემოდგომა

დიქტატურაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი… დიქტატორებზეც… თუმცა, თუ მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმს” წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ყველა დიქტატორი, ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს და სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ ასეთი წიგნები… More

საუბარი კათედრალში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “კათედრალში”! არა, ეს ტაძარი არ არის, უბრალოდ დუქანია. დაბრძანდით მაგიდასთან, რომელთანაც უკვე სხედან ჟურნალისტი სანტიაგო სავალა და მისი ოჯახის ძველი მსახური ამბროსიო. ვერ გეტყვით, რომ წინ მარტივი საუბარი გელით, თუმცა თუ ამ ხანგრძლივ, ქორნოლოგიურად და სტრუქტურულად სრულიად არეულ მონათხრობს ბოლომდე მოუსმენთ, მიხვდებით, რომ მიუხედავად რთული გზისა, ერთი წამიც კი არ დაგიკარგავთ! მაღალი ფენის წარმომადგენელი სანტიაგო, რომელმაც მამას ერთგვარი ამბოხი მოუწყო, ღარიბი ამბროსიო და სხვები მიგვიძღვიან 50-იანი წლების პერუში, რომელშიც უიმედობა გამეფებულა. ხალხს, მიუხედავად კალსობრივი განსხვავებისა, აღარაფრის სწამს და ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ მანუელ ოდრიას “სამეფოში” (ერთადერთი რეალური ადამიანი აქ ისაა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – ის ხომ გმირი არცაა და საერთოდაც დიქტატორს სახელი და გვარი არც სჭირდება) სასიკეთო არაფერი მოხდება. აქ მხოლოდ კორუფცია, პოლიტიკური ინტრიგები, სიბინძურე და ძალადობა სუფევს. ჭაობში იძირება ქვეყანა და ითრევს ყველას – ერთ დროს ნათელ მომავალსა და ბრძოლაზე მეოცნებე ბიჭს, ათას საქმეს შეჭიდებულ სამბოს, პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს, სამხედროებს, მეძავებს, მოახლეებს, მათ ოჯახებს… ყველას… მთელს ქვეყანას… და ჩვენც… იმიტომ, რომ დიქტატურა ყველგან ერთნაირია… სამხრეთ ამერიკასა თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებში ერთნაირად დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს, არბევენ დემონსტრანტებს (არეკიპას დარბევა საუკეთესო ეპიზოდი მგონია), ბინძური გზებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას… ყველგან… და ყოველთვის… More

ქალაქი და ძაღლები

პერუ… ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი… ეს ის ადგილია, სადაც მარიო ვარგას ლიოსა სწავლობდა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან ასე რეალისტურად აღწერა იქაური ყოფა… არც ისაა საოცარი, რომ ეს წიგნი აიკრძალა… More

ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის ოინები

7265759720[1]როგორ ფიქრობთ, არსებობენ იდეალური წყვილები? მე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, თუმცა აქვს მარიო ვარგას ლიოსას – მისთვის კარგი წყვილი სადისტი და მაზოხისტია… დიახ, არ ვაჭარბებ. ცუდი გოგო სადისტია, კარგი ბიჭი კი – მაზოხისტი. მათ მრავალწლიან ურთიერთობას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მაშინ, როცა ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მოსკოვი, რომი, ვენა, ჰავანა და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ “მიწისძვრას” განიცდიდა, მხოლოდ ტკივილის მიყენებისა და ტკივილის განცდის მოყვარულებს შეეძლოთ ასეთი “რომანის” გაბმა… ან შეიძლება მე არ მესმის მათი – არ მესმის რატომ უნდა მიატოვო რიკარდოსნარი კაცი (ამდენჯერ) მხოლოდ იმიტომ, რომ ფუფუნებაზე ოცნებობ, ან რატომ უნდა დააბრუნო შენს ცხოვრებაში ქალი, რომელმაც უთვალავჯერ მიგატოვა…  რატომ უნდა დაინგრიო ცხოვრება და დაუნგრიო სხვასაც? არ ვიცი… არ ვიცი რატომ ხდება ასე… მაგრამ ხომ ხდება…

P.S. ჩემთვის მარიო ისევ ცუდ ბიჭად რჩება 🙂 თქვენ კი დაიტერესების შემთხვევაში წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი გამომცემლობა “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.