სლავური საშინელებათა ისტორია

გიყვართ საშინელებათა ისტორიები? თუ ასეა, მაშინ ალბათ სტივენ კინგის წიგნებს კითხულობთ, მისტიკურ ფილმებს უყურებთ და სულ დაეძებთ ახალ-ახალ საშინელებებს… და ის თუ გახსოვთ, რომ 1835 წელს ნიკოლაი გოგოლმა ისეთი სლავური საშინელება შექმნა, რომელიც დღემდე გულგრილს ვერავის ტოვებს? მეტი

მკვდარი სულები გუშინ და დღეს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე-19 საუკუნის რუსეთში! ფიქრობთ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა? სულაც არა! რუსეთი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო – კორუფციასა და სიყალბეში ჩაძირული ქვეყანა, რომელსაც “ყველამ გზა უნდა დაუთმოს”. კარგად თუ “მოჩხრეკთ”, ჩიჩიკოვებსაც უხვად იპოვით – “მკვდარ სულებზე” მონადირე “საქმოსნებს”, რომლებსაც ყველა სიხარულით იღებს. რეალურად ხომ სწორედ მასპინძლები არიან მკვდარი სულები და არა ბოლო აღწერის შემდეგ იმქვეყნად წასული გლეხები… მემამულეები ნამდვილად არ არიან “ცოცხლები” (სხვა რომ არაფერი, მხოლოდ მათი მოწყობილი წვეულებები რად ღირს)… არც ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე… და კიდევ ჩიჩიკოვია უარყოფითი პერსონაჟი? ვინ იცის რას იზამდა ის მეორე და მესამე ტომში (გოგოლს მათი დასრულება რომ მოესწრო… იმასაც ამბობენ, რომ ნიკოლაი ვასილევიჩმა “ღვთაებრივი კომედიის” მსგავსად ჯოჯოხეთით დაიწყო და განსაწმენდელისა და სამოთხის შექმნას გეგმავდა)… რუსეთის საზოგადოებას კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია არაფერი ეშველა… ისევ მკვდარი სულებითაა დასახლებული და ისევ ითხოვს “სივრცეს მოქმედებისთვის”… მეტი

დიდი ბელადის ნამდვილი სახე

268952_10200493614216989_798552186_n

ვაგრძელებთ საუბარს სტალინიზმის ეპოქაზე.

არტურ კესტლერის “დამაბრმავებელი წყვდიადი” მწერლის წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა მთავარ გმირს პროტოტიპებიც ჰყავს (ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი) და ისტორიაც რეალურია. გისოსებს მიღმა სტალინის პოლიტიკით უკმაყოფილათა გარდა, უამრავი “ორთოდოქსი” მოქალაქეც აღმოჩნდა. ზოგიერთი რუბაშოვივით ჩართულიც კი იყო “საბჭოთა მანქანის” მუშაობაში, თავსაც სწირავდა მისთვის და “შუშისთვალებიანი დიქტატორის” წინააღმდეგაც იბრძოდა, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს გესტაპოს ნაცვლად “პირველის” გამოგზავნილმა “ნკვდ”-მაც მოუკაკუნა და წაიყვანა იქ, საიდანაც ან საერთოდ არ ბრუნდებიან, ან კი ბრუნდებიან, მაგრამ უკვე სხვა ცხოვრებაში… სანამ დაბრუნება-არდაბრუნდების საკითხი გადაწყდებოდა, რუბაშოვს ბევრი დრო ჰქონდა – საკმარისი იმისთვის, რომ ეფიქრა, გაეანალიზებინა საკუთარი და “გამარჯვებული რევოლუციის ქვეყნის” წარსული, გამოსტყდომოდა საკუთარ თავს, რომ შეცდა ან დარჩენილიყო დიდი სოვიეტური მანქანის პატარა ჭანჭიკად… მეტი

სანამ სტალინი გვიმზერს

მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბლოგი მხოლოდ ლიტერატურას ეძღვნება. სხვა თემებზე აქ არ ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, სტალინიზმის ნამდვილ სახეზე მსჯელობა არ გვაწყენს. თან სულ ცოტა ხნის წინ ამ თემისადმი მიძღვნილ რამდენიმე საინტერესო წიგნს გადავეყარე.

ანატოლი კუზნეცოვის “ბაბი იარი” ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, უფრო სწორად – დოკუმენტი. აქ თითოეული სიტყვა სიმართლეა და ავტორის მოგონებებს ეფუძნება. კუზნეცოვი კიევში გაიზარდა და შესაბამისად კომუნისტურ და ფაშისტურ მმართველობებსაც პირადად შეესწრო. მისი ან მისი ოჯახის თვალწინ მოხდა კოლექტივიზაცია, “ჰოლოდომორი”, მეორე მსოფლიო ომის დაწყება, ნაცისტების შემოსვლა კიევში და ბაბი იარის ტრაგედია (ებრაელებისა და სხვა “არასასურველი” მოქალაქეების მასობრივი დახვრეტები), ბოლშევიკების მიერ დაგეგმილი აფეთქებები კრეშატიკსა და კიევ-პეჩერსკის ლავრაში… ავტორმა თავად იცხოვრა ოკუპაციიდან ოკუპაციამდე და ამიტომ თუ ეს ეპოქა გაინტერესებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მაგრამ ყურადღებით იყავით – გასაგები მიზეზების გამო (უკრაინელთა და ებრაელთა გენოციდები, ნამდვილი ისტორიები მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ტაბუდადებულია სოვიეტისტებისათვის), საბჭოთა კავშირის არსებობისას წიგნი მხოლოდ ცენზურის შემდეგ დაიბეჭდა და ცალსახად ანტიფაშიტური სახე მიიღო, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ავტორის ჩანაფიქრს (ეჩვენებინა, თუ რამდენი საერთო ჰქონდათ ჰიტლერსა და სტალინს, როგორც ოკუპაციის ლიდერებს). თუ უცხო ენებზე კითხვის საშუალება გაქვთ, სრული ვერსია უნდა მოიძიოთ. მეტი

ჩემი ლიტერატურული სექტემბერი :)

არდადეგების ბოლო თვეც დადგა და ლიტერატურული მოგზაურობაც გაგრძელდა : )

ტარას შევჩენკოს მოთხრობები – თავის მოთხრობებში მწერალი უბრალო უკრაინელების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ხუტორებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით ირჩევენ თავს.  ამიტომაც წერს ერთ-ერთ მოთხრობაში: “ო, აგრონომო-ფილანტროპებო! გამოიგონეთ ნამგლის ნაცვლად რაიმე მანქანა. ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ მძიმე შრომისთვის განწირულ კაცობრიობას!” შევჩენკოს ეს ოცნება მოგვიანებით ახდა, მანამდე კი მასაც, თავისი გმირების მსგავსად, უამრავი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრების გზაზე. საერთო ჯამში საინტერესო იყო ძველ უკრაინაში მოგზაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა რუსულ ტექსტში შიგადაშიგ გარეული უკრაინული სიტყვების გაგება 🙂 ჩემი აზრით, ტარას შევჩენკო ბევრად უფრო დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პროზაიკოსი. მოთხრობებში თითქოს მისი უსაზღვრო პატრიოტიზმი ისე არ ჩანს, როგორც პოემებსა და ლექსებში. ჩემთვის მის ფავორიტ ნაწარმოებად ლექსი “ანდერძი” რჩება, რომელიც რუსულ თარგმანშიც ისევე კარგად ჟღერს, როგორც ორიგინალში.

გრიგოლ აბაშიძის “ლაშარელა” – ამჯერად გადავწყვიტე მეცამეტე საუკუნის საქართველოში მემოგზაურა. ლაშა-გიორგის ეპოქა სულაც არ ჰგავდა დიდი თამარის ოქროს ხანას. დიდებულები მეფეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად ლაშა კი მხოლოდ ერთგული მცველის, ლუხუმ მიგრიაულის ცოლის სიყვარულზე ზრუნავდა. მისი პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებს გადაეჯაჭვა, რადგან:  “ეგ ლახვარი მარტო მიგრიაულს კი არა, საქართველოს ძლიერებას ჩასცეს ზურგში, რადგან საქართველოს ძლიერება მიგრიაულისთანა პატიოსან ყმა გლეხების ძალასა და სიმტკიცეზე იყო მუდამ დამყარებული.” ამ აკრძალული სიყვარულისგან მხოლოდ ტახტის მემკვიდრე დავით ულუ დარჩა, საქართველოს კი ჯერ მოხარკენი განუდგნენ, შემდეგ კი გაძლიერებული მონღოლები მოადგნენ. ასე მიეცა დავიწყებას ქართველთა დაუმარცხებლობის ამბავი. ლაშამ კი, როგორც თავად ამბობდა, ვერ გაამართლა იმედი, ვერ შეძლო, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ლილეს სიყვარულის გულიდან ამოღება და ვერ შესწირა სამშობლოს მსხვერპლად პირადი ბედნიერება.

გრიგოლ აბაშიძის “დიდი ღამე” – დასრულდა ლაშას ეპოქა და ტახტზე ავიდა რუსუდანი. მისი მმართველობისას საქართველოს ჯერ ჯალალედინი დაესხა თავს, შემდეგ კი – მონღოლები. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” უსინათლო ვაჩე კი თითქოს ხედავს თეთრი დროშის ფრიალს და ამბობს: “გორგასლიანი დროშის ნათელი გაჰფანტავს ღამის სიბნელესო!”

ორჰან ფამუქის “თეთრი ციხესიმაგრე” – ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ  საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკითხველი ორჰანი). 😉

ერიკ-ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება” – ეს არის ისტორია იეშუასი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და საბოლოოდ ხვდება, რომ: “მარტო მხოლოდ სამყაროსგან დამალვა შეგვიძლია, ხოლო თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მის შეცვლას.” ამიტომ ის უფლის რწმენით აერთიანებს ხალხს და მათთან ერთად ქადაგებს სიყვარულს. აქვე ვხვდებით ეჭვებით შეპყრობილ პილატე პონტოელს და გამცემ იეგუდას, იეშუას დედას და მოწაფეებს, იოჰანანს და რომაელ ჩინოვნიკებს. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება როგორც რეალური პიროვნებებისგან, ისე ბულგაკოვის გმირებისგან. მაგრამ შმიტის მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ: “შეიყვარე სხვა ისე, რომ მიიღო მისი სისულელეებიც კი. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, გამოყენება წესისა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მხოლოდ ამრავლებს ბოროტებას, უფრო მეტიც – აქცევს ბოროტებას წესად. ძალადობაზე სიყვარულით პასუხი ძალადობის ჩაქრობას ნიშნავს. ღმერთის სამეფოს კარი ყველა ჩვენგანშია. ეს არის იდეალი, ოცნება, ნოსტალგია, იმედი. სიყვარული მარადიულია. ის იწვის, როგორც ალი, მაგრამ ეს ალი სუსტია. მის ჩაქრობას ცდილობენ.” ერთი შეხედვით რიგითი წიგნია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ დავფიქრდებით ცხოვრების არსზე და სულს შევუბერავთ სიყვარულის ცეცხლს. : )

გავიდა ზაფხულის არდადეგები. ამ სამი თვის მანძილზე  ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ძველ რომში, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთში, ინდოეთში, ისრაელსა და თურქეთში, გავიცანი მრავალი ახალი გმირი და მწერალი, ძველებთან ურთიერთობა გავაღრმავე, 🙂 4 წიგნი შევმატე ჩემს რჩეულ ნაწარმოებებს და არც ერთი სერიოზული იმედგაცრუება არ განმიცდია. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი არდადეგები გამოვიდა, მაგრამ ამით მოგზაურობები არ მთავრდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ნაწარმოებია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..” 🙂