ჩიტი არ გამოფრინდება

აფხაზეთის ომზე რამდენი წიგნი წაგვიკითხავს? ალბათ უამრავი… დოკუმენტური კადრიც ძალიან ბევრი გვინახავს და დღემდე განვიცდით იმ ტკივილს, რომელსაც მშობლიური მიწის დაკარგვა ჰქვია, მაგრამ ჩვენ – ადამიანები, რომლებიც შორიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს – ვერასდროს გავიგებთ რა გამოიარეს მათ, ვისაც ჩვენ დევნილებს ვეძახით… დევნილებს აფხაზეთიდან, სირიიდან…

თეონა დოლენჯაშვილმა სწორედ ამ ადამიანების ხმა გაგვაგონა. მათი მონათხრობით ჩვენს თვალწინ გააჩხაკუნა კამერა, რომლიდანაც ჩიტი არ გამოფრინდება, გააცოცხლა ომის კადრები – განადგურებული ისტორიული მემკვიდრეობა და მისი ნაწამები მცველები; დანგრეული სახლები; დახვრეტილი დემონსტრანტები; დაბომბვისას სარდაფს შეფარებული ბავშვები, რომლებიც მშობლებს ამაოდ ეძებენ; იძულებით მებრძოლთა რიგებში აღმოჩენილი ახალგაზრდები; ომში მხეცებად ქცეული განათლებული ადამიანები, რომლებიც გამზრდელებსაც კი არ ინდობენ; ცოცხლად დამწვარი ქალწულები; ნაღმზე აფეთქებული პატარები და დიდები…

…და ამ ყველაფრის პარალელურად ცხელი წერტილების ფოტოგრაფი ნატა და მისი გრძელი, დაუსრულებელი გზა სოხუმიდან საკუთარი თავის პოვნამდე. მანამდე კი საკუთარი სახლის მიტოვება; ქართველების და აფხაზების მსხვერპლად ქცეული ადამიანები; შინაგან ომში დამარცხებული კაცები და ქალები, რომლებმაც შვილების, სხვა გაჭირვებული დევნილების გამო საკუთარ თავში არნახული ძალა გააღვიძეს; ჭუბერზე გაყინული შვილები, მოხუცები; თბილისში ჩამოსული, თუმცა ბოლომდე “იქ” დარჩენილი ადამიანები, რომელთაგან ზოგმა უბრალოდ უარი განაცხადა აქ დარჩენაზე და ზეციურ სოხუმში დაბრუნდა, ზოგმა კი გააგრძელა ცხოვრება იმისთვის, რომ სამყაროსთვის ეჩვენებინა ომის რაობა – ის, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ქართველი, აფხაზი, მუსლიმი თუ ქრისტიანი სირიელი – ყველა ეწირება ამ სასაკლაოს. ყველას დედა ერთნაირად იმოსება ძაძებით და ამას მხოლოდ ერთი რამ შეცვლის – ასეთი წიგნები უნდა დაიწეროს, ამ თემაზე ფილმები და ფოტოები გადაიღონ, ბევრი ილაპარაკონ, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს ფურცლებზე, კადრებში, ამაო სიტყვებში. ეს არ უნდა წაიშალოს, როგორც თეთრ კედელზე თეთრი ცარცით დაწერილი ომის დღიური და მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ მის ნებისმიერ წერტილში აღმოცენებული ომი ყველას გვეხება და ერთ დღეს შეიძლება ყველას მოგვიწიოს იმის გადატანა, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს. თუ ყველა ერთად არ ვიმოქმედებთ!

P.S. პანდემიის პერიოდში შედარებით მეტი დრო გვაქვს წიგნებისთვის და შესაბამისად ბევრ კარგ და ნაკლებად კარგ ნაწარმოებს ვკითხულობთ, თუმცა ჩემთვის ამ წიგნის კითხვის პროცესი ამ ორ შეფასებას გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიცოდი და ჩემთვის ახალი არაფერი ყოფილა, ყრუ ტკივილი დამიტოვა, რომელიც ალბათ დიდხანს გამყვება.

აქა ამბავი ქართულისა სტამბისაი

პირველი ქართული სტამბის შესახებ გსმენიათ? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ის 1708-1709 წლებში დაარსდა. სწორედ აქ დაიბეჭდა “სახარება”, “ვეფხისტყაოსანი” და სხვა წიგნები. მაგრამ რა ვიცით, რომ ასეა? ისტორიაც ხომ ადამიანების მიერაა დაწერილი… ვინ იცის რა არის დაკარგული, გამორჩენილი ან შეგნებულად გამოტოვებული… იქნებ სტამბა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა და შემდეგ მისი კვალი დაიკარგა… არ იქნებოდა გასაკვირი, არა? ქართლის მეფე სიმონ I ხომ არ გახლდათ “იოლი” ბედის კაცი – მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაატარა… არც კახთ მეფეს ჰქონია მშვიდი ყოფა და არც საქართველოს სხვა სამეფოებში სუფევდა მშვიდობა… რატომ არ შეიძლებოდა, რომ ამ დროს გაურკვეველი “საზღვარგარეთიდან” უცნობი გზით, უცნობი მიზნით და უცნობი ადამიანების ჩარევით, სტამბა ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო და გამხდარიყო კიდევ ერთი მიზეზი იმ შინაომებისა, რაც ჩვენში არასდროს უკვირდათ? სიმართლეს ვეღარ გავიგებთ, თუმცა კი შეგვიძლია, რომ რამდენიმე საათი შეუდარებელ მთხრობელთან (კითხვის დროს თითქოს მისი ხმაც კი ჩამესმოდა) – აკა მორჩილაძესთან ერთად გავატაროთ და ნამდვილ თუ გამოგონილ მეფეებთან, დედოფლებთან, დიდგვაროვნებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად გავყვეთ პირველი ქართული სტამბის შესაძლო გზას…

გურული დღიურები

“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი”

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული, გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა (ასე განსაჯეთ და ცხოვრების გზაზე შემთხვევით თუ შევხვდი გურულს, შორიდანვე ვცნობ). ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” “ერთიანი” გამოცემა დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე. მეტი

ქრონიკული დაღლილობის სურნელი

ეს ციმბირია – ცივი ირკუტსკი, ეს კი საშა ხუბოვია საქართველოდან! როგორ მოხვდა ამ შორეულ მხარეში? სამეცნიერო ექსპედიციასთან შეერთების მიზნით ჩამოვიდა და მის მოლოდინში ამავე ექსპედციის კიდევ ერთ წევრთან – პაშასთან შეხვედრა, მანამდე კი სასტუმროს თანამშრომელ ვერონიკასთან (რომელიც ირგვლივ ქრონიკული დაღლილობის სურნელს აფრქვევდა) გართობა გადაწყვიტა. თითქოს უწყინარი დასაწყისია, არა? სინამდვილეში ეს ამბები ერთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ვერონიკას ყოფილი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) შეყვარებული მხოლოდ ძალადობაში კი არა, ჯადოქრობაშიც იქნა ეჭვმიტანილი, მერე პაშას ქალიშვილი დაიკარგა და ქალაქში დიდი ნადირობა გამოცხადდა მის სავარაუდო მკვლელ მანიაკზე… სწორედ ასეთ დეტექტიურ, ფანტასმაგორიულ, იუმორისტულ, მისტიკურ, შიზოფრენულ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული საშაც და იძულებული გახდა ისეთ კითხვებზე ეპასუხა, რომლებზეც ალბათ ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობთ – შეიძლება მტრის შეყვარება? და თავდაცვის ინსტინქტის “გამორთვა” სხვების გადარჩენის მიზნით? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ – უბრალოდ საშას გაჰყევით ირკუტსკში… მეტი

ორსის ორდენის სამხეცე

გიყვართ ფენტეზი? და სამეცნიერო ფანტასტიკა? თუ ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ, მაშინ ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი თქვენთვის დაიწერა! არა, აქ ვერ ნახავთ იროელთა ქრონიკებში აღწერილ სამყაროს, მაგრამ არც ორსის სამყაროში მოიწყენთ. აქ ხომ ერთგვარ მეცნიერებს საკუთარი ორდენი შეუქმნიათ და სამყაროთა დაფინანსებით ამ უკანასკნელთათვის განსაკუთრებული თვისებებით შემკულ ნივთებს ქმნიან. დიახ, მართალი ხართ. ასეთი უნარების ხელში ჩაგდება უამრავი კეთილი საქმის გაკეთების საწინდარია, მაგრამ ერთი დეტალი გამოგრჩათ – ორსის სამყარო ჩვენს სამყაროს ჰგავს და აქაც ზუსტად ისევე იყენებენ ძალაუფლებას, როგორც აქ – მათ საკუთარი კეთილდღეობისა და სხვების განადგურებისკენ მიმართავენ… ასე ხდება მანამ, სანამ ორდენს ჩუმი ჰურაბი ჩაუდგება სათავეში და ყველა ნივთს ცხოველებად აქცევს… ასე იქმნება ორსის ორდენის სამხეცე და ასე იწყება დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი თავგადასავალი, რომელშიც მონაწილეობენ: ერთ-ერთი სამყაროს მეთაურის და, რომელიც ორდენის წევრებზე მეტი ნიჭითაც კია დაჯილდოებული, ორდენის ახალი მეთაური, წევრები, მხეცების მომვლელი… და კატა… ნუ გიკვირთ. კატა მაშინაც კი ფრიად იდუმალი  გახლავთ, როდესაც მხოლოდ ცხოველია… და აბა წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელოვანი ვინმე იქნება, როცა მასში გონიერი არსება გაიღვიძებს… მიზანი კი ერთია – ცხოველების “ნივთიერი” სახის ამოცნობა და მათთვის პირვანდელი იერის დაბრუნება (რა თქმა უნდა, თვისებებითურთ)… ოღონდ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამჯერად რეალური დანიშნულება შეიძინონ… გამოგვივა ამის გაკეთება ჩვენს გმირებთან ერთად თუ ენერგიის ბალანსს დავარღვევთ და ორსის სამყაროს და სამხეცეს გავანადგურებთ? ეს თავად ნახეთ. მერწმუნეთ, ჟანრის მოყვარულები ნამდვილად არ ინანებთ!

მთებმა მთებს უთხრეს

ავღანეთის პატარა ღარიბი სოფლიდან ქაბულისკენ მიმავალ გზაზე მთებმა მთებს უთხრეს ამბავი მამაზე, რომელმაც შვილის მომავალს ყველაფერი შესწირა – მისდამი სიყვარულიც კი… ავღანეთში, ევროპაში, ამერიკაში მთებმა მთებს უამბეს ისტორიები, რომლებიც ნელ-ნელა ფაზლის ფრაგმენტებივით ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ერთიან სურათს, რომელიც საბოლოოდ ისევ პირველ ღამეს უბრუნდება – ზღაპარს მამასა და შვილზე… მანამდე კი ბევრი ადამიანის ცხოვრებაა – ფარის ცხოვრება, რომელიც ჩვეული გარემოს მოწყვიტეს და მთელი ცხოვრება “ნაკლულმა” გაატარა; აბდულას წლები, რომელიც ამერიკაშიც კი წლების წინ დაკარგულ დასთან შეხვედრას ელოდა; ნილას მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, მამასა და ავღანურ სტერეოტიპებთან; ფარვანასა და მისი საწოლს მიჯაჭვული დის ურთიერთობა; იდრისისა და ამრას შინაგანი სამყარო, რომელიც პატარა ავღანელი გოგონასადმი ზრუნვაში შესანიშნავად ჩანს; ადელის ფიქრები, რომელიც სამხედრო დამნაშავის შვილობის ტვირთს ატარებს; მარკოს ვარვარისის ცხოვრება, რომელიც ბერძნულ კუნძლზე შეუდრეკელი დედისა და დედის მეგობრის ქალიშვილის გვერდით დაიწყო და ავღანეთში ექიმობით გაგრძელდა (ეს ისტორია ჩემი ფავორიტია), ამერიკელი ფარის ერთგულება ოჯახის მიმართ… ნაბისა და მასზე შეყვარებული ბატონის ამბავი და მისი გადაწყვეტილება, რომელმაც ყველა ეს ისტორია ერთ წიგნად შეკრა… მთებმა მთებს უთხრეს ბევრი ამბავი და ხალიდ ჰოსეინიმ მათგან შექმნა ძალიან კარგი წიგნი ავღანეთზე და არა მხოლოდ… უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებზე… მეტი

ბრილკას

ბრილკა! ეს წიგნი შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის დაიწერა! ნიცა ჯაშმა (სინამდვილეში კი – ნინო ხარატიშვილმა) შენთვის დაწერა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ქრონიკა და ამით ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რომ იქნებ ჯერ ვერც თვითონ აცნობიერებს ბოლომდე და ვერც სხვები… რატომ? იმიტომ, რომ შენთვის დაწერილი წიგნი ჯერ გერმანულად გამოიცა, შემდეგ მსოფლიოს სხვა ენებზე ითარგმნა და ისეთმა ადამიანებმა წაიკითხეს, სულ რომ არაფერი იცოდნენ საქართველოს ისტორიაზე ან იცოდნენ, მაგრამ ზედაპირულად… შენ იცოდი, ბრილკა? იცოდი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობდნენ შენი წინაპრები – შოკოლადის ფაბრიკის დამაარსებელი, მისი ქალიშვილები სტასია და ქრისტინე, სტასიას შვილები კოსტია და კიტი, კოსტიას შვილი ელენე, ელენეს შვილები დარია და ნიცა? იცოდი, რომ ქვეყანაში, რომელიც ამქვეყნიურ სამოთხედ მიიჩნევა, 1921 წელს წითელი სიკვდილი შემოვიდა და მას შემდეგ ათასი უბედურება გახდა შესაძლებელი – ისეთი უბედურებები, წარმოუდგენლად რომ გამოიყურება… აბა, თავად განსაჯე – იფიქრებდა ჯადოსნური, თუმცა კი დაწყევლილად მიჩნეული, შოკოლადის ავტორი, რომ 100 წლის მანძილზე მისი საამაყო ქალიშვილი სტასია და მისი სამშობლო ყველაფერს მოესწრებოდნენ, რისი წარმოდგენაც მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუა შესაძლებელი? ნამდვილ წყევლას ხომ წითელი ფერი ჰქონდა და არა შოკოლადისფერი… წითელ ქყეყანაში ართმევდნენ სახლებსა და ფაბრიკებს პატიოსან კომერსანტებს, განშორებისთვის წირავდნენ ახალდაქორწინებულებს, შიმშილით სიკვდილისთვის კი დიდგვაროვან ქალებს თუ ლენინგრადელებს ბლოკადისას… წითელ ქვეყანაში პატარა დიდი კაცი გველეშაპივით ყლაპავდა ლამაზ ქალებს და უნგრევდა ცხოვრებას განურჩევლად ყველას – წარამტებული ჩინოვნიკის ცოლს თუ უბრალო სოფლელ გოგოს, რომელსაც განათლების მღების მეტი არაფერი უნდოდა… წითელ ქვეყანაში ხოცავდნენ არდაბადებულ ბავშვებს, დევნიდნენ მათ, ვისაც უბრალოდ საყვარელი საქმის კეთება სურდა ან სამშობლოს გათავისუფლების სურვილით ვერმახტის მხარეს გადავიდა… წითელ ქვეყანაში მკვლელებად, ნარკომანებად, მოძალადეებად აქცევდნენ ახალგაზრდებს… წითელი ქვეყნიდან გარბოდნენ და ბედნიერი, თუმცა კი მაინც უცხო ევროპიდან უმღეროდნენ სამშობლოს, ოჯახს და საყვარელ ადამიანს სევდიან სიმღერებს… წითელ ქვეყანაში რჩებოდნენ და საკუთარ თავს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო, რომ “სიმართლისთვის” ყველა მეთოდი გამართლებულია… წითელ ქვეყანაში სახე ან უფრო ხშირად სული სამუდამოდ უმახინჯდებოდათ ადამიანებს… და აგრძელებდნენ ცხოვრებას… ცხოვრობდნენ, აჩენდნენ წინდაწინვე უბედურებისთვის განწირულ შვილებს და მათთან ერთად მიუყვებოდნენ ისტორიას – გასაბჭოებას, დიდ ტერორს, მეორე მსოფლიო ომს, დიდი კაცისა და პატარა დიდი კაცის აღზევებასა და დაცემას, პრაღის გაზაფხულს, 9 აპრილს… ჯაშები მიდიოდნენ და მოდიოდნენ… ერისთავებიც… წლებიც… ასე გაიარა 7-მა სიცოცხლემ და ერთმა საუკუნემ… მეტი

მისაბაძი გაკვეთილები

“სამყაროს გაბედული ადამიანები ცვლიან, პატარა მოქმედებები, ინიციატივები, შთაგონება და ფანტაზია – აი, რას შეუძლია ადამიანები გააბედნიეროს.” – დიანა ანფიმიადი

ხშირად ვამბობ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს (თავად ავტორიც საუბრობს ამ წიგნში ამაზე). თითოეული მათგანი ზუსტად მაშინ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა სწორედ ის გვჭირდება. შეიძლება ამას დამთხვევა უწოდოთ, მაგრამ მუდმივად? აი, ახლაც ეს მოხდა! “მოსირაულე გაკვეთილების” წაკითხვა სულ მინდოდა, რადგან ლელა კოტორაშვილის რაჭულ ისტორიებს სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალს. 2018 წლის მიწურულს გამართულ წიგნის ფესტივალზე მისი შეძენის სურვილით მივედი, მაგრამ პირველი ეგზემპლარები ჯერ არ დამხვდა. მას შემდეგ არაერთხელ ვესტუმრე წიგნის მაღაზიებს, მაგრამ წიგნი თვალში არ მომხვედრია… და აი 2019 წლის მაისის ფესტივალზე ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლისთვის” მივადექი “ინტელექტის” სტენდს და ეს წიგნი დამხვდა! რა თქმა უნდა, ინტერესი განმიახლდა და ავტორის ავტოგრაფითურთ შინ წამოვიღე, მაგრამ ერთი თვე არ გადამიშლია. ჯერ იყო და სხვა ახალმა წიგნებმა შემიტყუეს საკუთარ სამყაროში, შემდეგ შვებულება და “წანწალის პერიოდი” დაიწყო… თბილისში დაბრუნებულმა კი გადავშალე და მივხვდი, რომ ეს ზუსტად აქ და ახლა უნდა მომხდარიყო! მეტი

ერთად დავამარცხოთ შიში!

“ღიმილით ვაკეთოთ, მცირესა ზედა სარწმუნო ვიქმნეთ და მოვა მეტი, რის ზიდვასაც ასევე ღიმილით შევძლებთ.”

რისი გეშინიათ? ალბათ ხშირად დაუსვამთ თქვენთვის ეს კითხვა. პასუხად ძალიან ბანალური რამ გითქვამთ (მაგალითად, ობობის) ან გიპასუხიათ, რომ არაფრის. ორივე შემთხვევაში სიმართლე თქვით – თქვენ შიშად თვლით იმ განცდას, რასაც მწერის დანახვისას გრძნობთ ან საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რომ გეშინიათ… დიახ, თქვენ გეშინიათ! ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ ეს საგანგაშო სულაც არაა. მთავარია შიში “გარეთ გამოვუშვათ”, გავთავისუფლდეთ მისგან, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ, დავიხმაროთ ისეთი პროფესიონალები, როგორიცაა ნათია ფანჯიკიძე. მეტი

ამ რომანში ყველა კვდება

ოდესმე გიოცნებიათ წიგნებში მოგზაურობაზე? ჰო, კარგი, აღიარეთ! მე უკვე ვაღიარე სულ ცოტა ხნის წინ. და, მიუხედავად იმისა, რომ მელნის სამყაროში ფრიად სახიფათო თამაშში ჩაგვითრიეს, მაინც არ შემიცვლია აზრი. სამწუხაროდ, მემენტო მორი ლეას მიადგა და არა მე. არადა სიამოვნებით გაყვებოდი სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის წიგნში და გადავარჩენდი გმირებს, რომელთა მოკვლაც ავტორმა გადაწყვიტა. რა, ახალგამომცხვარ (თუ სიტყვა “გამოუმცხვარი” ჯობია) დეტექტივზე ან დიდებულ სიკვდილზე მეოცნებე პროფესორზე უკეთ ვერ “მოვერგებოდი” სამყაროს, რომელშიც ვირჯინია ვულფს სილვიაზე შევარდნია გული, რითაც “ტრადიციების” მოყვარული ერნესტ ჰემინგუეი აღუშფოთებია? თუ შექსპირის სასტუმრო “ჰოტელოში” ვერ დავსახლდებოდი ან ემანსიპირებულ პრინცესას ვერ გავუგებდი? ის კი არა, მემენტო მორის გარეშეც მშვენივრად გავართმევდი თავს ყველაფერს – რომეოსა და ჯულიეტასაც დავარწმუნებდი, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის, ჰანს კასტორპსაც განვკურნავდი, მორიარტისაც გადავაგდებდი ჩანჩქერიდან… მოკლედ, მშვენივრად ავაწყობდი საქმეს… თან როგორ ვოცნებობ ატიკუსთან შეხვედრაზე (არა, არა, სხვა რომ ვერაფერი მომეხერხებინა, მას მაინც არ მივცემდი თვითმკვლელობის უფლებას, “მიდი, დააყენე დარაჯის” წაკითხვის შემდეგაც კი)… არა, ნამდვილად ჩემი ადგილია წიგნებში – თუნდაც ასე, ფურცლების გავლით. თქვენც ასე ფიქრობთ? ვიცი, რომ ასეა. მეტი

Previous Older Entries