ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. More

11 წელი ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრებიდან

Solzhenitsyn_Gulag_Photoცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.

“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან,  სისტემის მონები კი – მონებად. More

თებერვლის მოგზაურობები

297777_10152321282460029_1171475584_n ფრანც კაფკას “პროცესი” – ერთ ჩვეულებრივ დილას იოზეფ კ.-მ გაიღვიძა და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. გრეგორი ზამზასგან განსხვავებით მწერად არ გადაქცეულა. ის უბრალოდ დააპატიმრეს. არც ვინმე მოუკლავს, არც გაუქურდავს – საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული (ყოველ შემთხვევაში, კაფკა ამაზე არაფერს გვეუბნება), მაგრამ მაინც მოუწყვეს პროცესი ისე, რომ მიზეზი ვერც კი გაიგო… უფრო სწორად, არც უცდია ამის გაკეთება… და ყველანი ასე არ ვექცევით კანონს? მღვდლის იგავის გმირივით მშვიდად ვსხედვართ და მხოლოდ ბოლო წუთს გვახსენდება მთავარი კითხვა. მანამდე კი სიცრუე სისტემად იქცევა და თემიდა სულაც არ არის მიუკერძოებელი მსაჯული – ცხოვრება ხომ სრული აბსურდია და რა გასაკვირია, თუ ადამიანს ძაღლივით მოექცევიან… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – კაფკა ერთ-ერთია იმ სამ მწერალს შორის, რომლებსაც მე-20 საუკუნის მოვლენებად მიიჩნევენ. დანარჩენ ორს ახლო მომავალში გავიცნობ ( პრუსტსა და ჯოისს), თუმცა კაფკას მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს მწერლებთან ერთჯერადი “შეხვედრა” საკმარისი არ არის – პერიოდულად გადაკითხვა და ახალი დეტალების აღმოჩენაა საჭირო… More