დიუმას თავბდრუდამხვევი სამყარო

გახსოვთ პირველი შეხვედრა ალექსანდრ დიუმასთან? მე მახსოვს! მახსოვს, როგორ გადავშალე მწვანე წიგნი და როგორ გადავეშვი იმ თავბრუდამხვევ სამყაროში, რომელმაც სამუდამოდ ჩამითრია… მეტი

ქალი ხავერდის ყელსაბამით

ალექსანდრე დიუმას პარიზს ალბათ ყველა იცნობს. მის მიერ შექმნილი  მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოსა და უკანასკნელი ვალუების ამბები ბიბლიოფილთა უმეტესობისთვის ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება და რა გასაკვირია, თუ ამ ადამიანის ყოველი “ახალი” წიგნის გადაშლისთანავე თავბრუდამხვევ ისტორიაში გადავეშვებით ხოლმე.  ასე მოხდა მაშინაც, როდესაც “ქალი ხავერდის ყელსაბამით” აღმოვაჩინე (ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ზემოთსენებულ სერიებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო მონათხრობი კი გახლავთ) – კისრისტეხით “გავიქეცი” მორიგი თავგადასავლისკენ… მეტი

რაც გამომრჩა…

janstamm9საბავშვო წიგნებს რომ ასაკი არ აქვთ, ძველი ამბავია. თუ რამე გამოგვრჩა, გვიანი არასდროსაა. ახლაც სამი ისეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც არ წამიკითხავს და დიდი სიამოვნებით “გავუდექი გზას”.

ჯერ იყო და Goodreads-ზე ხეტიალისას დიუმას “ორ დიანას” გადავაწყდი, რომელიც ჩემს 15-ტომეულში არ შესულა. დიდი ხანია მისი საფრანგეთი მენატრება და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი… ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოს ან უკანასკნელი ვალუების ამბებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო ისტორია კი გახლავთ. მართალია, დიუმა ტრადიციისამებრ ჭეშმარიტებას მნიშვნელოვნად სცდება, მაგრამ ჰენრი II-ის, მისი მეუღლის – ეკატერინე მედიჩის, ფავორიტის – დიანა დე პუატიეს, მეფისა და ამ უკანასკნელის ქალიშვილის – დიანა დე კასტროს (რომელიც რეალურად სულაც არ იყო დიანას შვილი), მასზე შეყვარებული გაბრიელ დე მონტგომერის (რომელიც არსებობდა, თუმცა დიანასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია), სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლების, დე გიზებისა და მონმორანსების ამბები საოცრად დინამიური გახლავთ. რომ აღარაფერი ვთქვათ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის აღმოცენებული დაპირისპირების პირველ ეპიზოდებზე… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ორი დიანა” სულაც არ არის გამოსატოვებელი წიგნი (მიუხედავად ნაკლები პოპულარობისა). ოღონდ ერთი კია – მისი წაკითხვა “დედოფალ მარგომდე” სჯობს, რადგან ქრონოლიგიურად სწორედ მისი წინამორბედია… მეტი

“ისტორიული” მარტი

554100_390615847637338_1559629834_n

პერ ლაგერკვისტის “ჯუჯა” – დაახლოებით ერთი წლის წინ “ბარაბა” რომ წავიკითხე, მას შემდეგ სულ მინდოდა ლაგერკვისტის უფრო ახლოს გაცნობა, მაგრამ წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება:)… და მინდა გითხრათ, რომ ლოდინად ღირდა (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ბარაბა”, როგორც პირველი, მაინც სხვა იყო). ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ის ჯუჯაა. მაღალი ადამიანების გვერდით ცხოვრება ადვილი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკურ სიდაბლეზე უარესი ალბათ სულიერია. ჯუჯა მაღლებშიც ცხოვრობს, მათ სულებში იმალება და პერიოდულად თავის მაიმუნისებრ სახეს ავლენს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – გაიცანით ლაგერკვისტი და ჯუჯა, არ ინანებთ;) მეტი

სინიორ უმბერტო და “პრაღის სასაფლაო”

სინიორ უმბერტოს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს, მაგრამ რატომღაც მის ბოლო რომანს (იმედია, არა უკანასკნელს) წიგნის მაღაზიების თაროებზე ვერ წავაწყდი (არადა, “ვარდის სახელის” წარმატების შემდეგ წესით უნდა ეთარგმნათ). საბედნიეროდ, რუსული თარგმანი უკვე არსებობს, ჰოდა მეც მოვიძიე და გზას გავუდექი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა სიმონე სიმონინი – ნაწარმოების ერთადერთი გამოგონილი და ჩემი ლიტერატურული გამოცდილების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი გმირი. თავად ავტორს თუ დავუჯერებთ, ის რეალური პიროვნება არ არის, მაგრამ აერთიანებს დღემდე არსებულ ადამიანთა თვისებებს. დანარჩენი გმირები არსებობდნენ და მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდნენ მე-19 საუკუნის ისტორიაში. სწორედ ამ საუკუნეში მოხდა არაერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი: დაიღუპა გარიბალდის რაზმის გამორჩეული წევრი იპოლიტო ნიევო, გაყალბდა სიონისტური ოქმები (რომელიც შემდეგ ჰიტლერის “შთაგონების” წყაროდ იქცა), მოეწყო უამრავი შეთქმულება სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო პოლიციის, მასონების და იეზუიტების მონაწილეობით… მოკლედ, ჭეშმარიტად დიუმას შესაფერისი ჟამი იდგა… მეტი

სამი დიუმა და ერთი მორუა

ალექსანდრ დიუმა-მამა ბიბლიოფილების უმეტესობისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. მის ვაჟსაც ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც იცნობს. დიდი ალექსანდრის მამაზე ცოტას თუ სმენია, მაგრამ ისიც საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. სწორედ მათი ცხოვრების დეტალების გასაგებად ვისარგებლე ანდრე მორუას მეგზურობით და ახლოს გავიცანი “სამი დიუმა”.

გენერალი თომა-ალექსანდრ დიუმა ცნობილი სამხედრო პირი გახლდათ. ფრანგი მარკიზისა და შავკანიანი მონა ქალის ეგზოტიკური გარეგნობის ვაჟის ცხოვრების ისტორია ინტერესს ნამდვილად იწვევს. მამისგან გვარჩამორთმეული (მარკიზი დავი დე ლა პაიეტრის საპატიო გვარს ატარებდა) სამშობლოს სამსახურში ჩადგა, რევოლუციაში აქტიური მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ ეგვიპტის დაპყრობისას ძველ მეგობარ ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა, იტალიაში ტყვედ ჩავარდა და საბოლოოდ მძიმედ დაავადებული და უარყოფილი ოჯახს დაუბრუნდა, რის შემდეგაც დიდხანს აღარც უცოცხლია. სწორედ მისგან მიიღეს მემკვიდრეობით მომდევნო ალექსანდრებმა წარმოსადეგი გარეგნობა, მემბოხე სული და საფრანგეთის სიყვარული. მეტი

X/2011

არდადეგები დამთავრდა, მაგრამ ლიტერატურული მოგზაურობები გრძელდება 🙂

ჩინგიზ აითმათოვის “საჯალათო კუნძი” – ეს არის კიდევ ერთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც ვხვდებით ქრისტეს ჯვარცმის სცენას და პილატე პონტოელს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ არის შუა აზიელი მწერლის ნაწარმოების მთავარი თემა. ღმერთის ძიება, ნარკომანია, ეკოლოგია – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც აითმათოვი უღრმავდება. ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა ყოფილი სემინარისტი კალისტრატოვი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის და მგლების მკვლელებთან დაპირისპირებას ჯვარცმამდე მიჰყავს (სიმბოლურია მისი ბიბლიური სახელიც – აბდია). “სამყაროს დასასრული” დგება ბოსტონის ცხოვრებაშიც. ორივე მათგანი იმ საქმეში ერევა, რომელიც თითქოს მათ არ ეხება(ისინი უპირისპირდებიან ბოროტ ძალას ნარკომოვაჭრე გრიშანის და ლოთი ბეზარბაის სახით), მაგრამ მათ იციან, რომ: ” ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერი დანაშაული დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვეხება ჩვენ, თუნდაც შორს ვიყოთ და არც კი ვიცოდეთ მის შესახებ.”  ბოლოს კი კვლავ მიედინება ისიკ-ყული და სიკეთეც არ მარცხდება, სანამ ჟღერს მუსიკა, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი: “სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, თანაგრძნობა და შთაგონება. მხოლოდ მასში მივაღწიეთ უმაღლეს თავისუფლებას. მხოლოდ მუსიკა, ყველა დროის დოგმების გადალახვით, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. და ამიტომ ის ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც ჩვენ ვერ შევძელით…”

ალექსანდრ დიუმას “კავკასია” – მორიგი მოგზაურობის მარშრუტად XIX საუკუნის კავკასია ავირჩიე, მეგზურად კი – ძველი ნაცნობი, მონტე-კრისტოსა და მუშკეტერების “მამა” ალექსანდრ დიუმა. აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, როგორც ზემოთხსენებული რომანების ფურცლებზე: უზუსტობები ისტორიულ ფაქტებში, ბევრი გამოგონილი ამბავი და ცოტაოდენი სიმართლე (ამ სიმართლეს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი სიტყვები: “ქართველი ყოველთვის ღია გულით დადის.”). ჩემი აზრით, დიუმა ისტორიული რომანებით უფრო ახერხებდა მკითხველთა გულის დაპყრობას (სამოგზაურო ჩანაწერებში ნამდვილად ჯონ სტაინბეკი სჯობს : ) ). დანტესისა და დ’არტანიანის თავგადასავლები თავის დროზე ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ვიდრე მწერლის კავკასიური ნადირობა, შამილის ოჯახური ცხოვრება ან ცხენებთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი.

თეოდორ დოსტოევსკის “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი” – “წარმოიდგინეთ ძალიან უმნიშვნელო, ძალიან უგულო,  საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ საოცრად თავმოყვარეა და ამასთან არანაირი ნიჭით არ არის დაჯილდოებული, რომ როგორმე გაამართლოს თავისი ავადმყოფური სიამაყე და გაღიზიანება.” – წარმოიდგინეთ? მაშინ უკვე იცნობთ ფომა ფომიჩს. პირადად მე ამ ადამიანმა და მის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ არქიფო სეთური და საირმის ტყის მოსახლეობა გამახსენა. იგივე უსაზღვრო დემაგოგია, ფარული დესპოტიზმი, უაზრო მორჩილება და პირველიდან ბოლო გვერდამდე სურვილი – ვინმემ ამოიღოს ხმა და მიახრჩოს ეს უსინდისო მუქთახორა : )) მოკლედ რომ ვთქვა, პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი, როგორიც დოსტოევსკის ეკადრება.

ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – “ის იწვოდა თავგანწირვის სურვილით, მზად იყო გაეხსნა გული პირველი შემხვედრისთვის, მაგრამ წინასწარ იკეტებოდა საკუთარ თავში. მას ეშინოდა ცხოვრების. ის შეპყრობილი იყო ტანჯვის იდეით. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდათ ის მაშინ, როცა თავად მას ყველა უყვარდა,” – ეს არის თეოდორ დოსტოევსკი – ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი მწერალი. თუ მოგწონთ მისი ნაწარმოებები და გსურთ უკეთ გაიცნოთ მისი პიროვნება, მაშინ მეგზურად ანრი ტრუაია უნდა აირჩიოთ. მასთან ერთად ნახავთ პატარა ფიოდორს, გაიცნობთ ცნობილ რუს მოღვაწეებს და მწერლის სამ დიდ სიყვარულს, შეიხედავთ მის სამუშაო ოთახსა და ოჯახში, ჩაწვდებით სიკვდილმისჯილის, კატორღელის, ეპილეფსიით დაავადებულის, მოთამაშის, გარიყული შემოქმედის, პატრიოტისა და მორწმუნის განცდებს. მოკლედ, თუ გიყვართ დოსტოევსკი, ტრუაია იმედს არ გაგიცრუებთ.

უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – წიგნი თუ კომპიუტერი? ალბათ ჯერჯერობით ეს არის XXI საუკუნის მთავარი კითხვა. ბოლო დროს ამ “ბრძოლაში” რიდერიც ჩაერთო და პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. სწორედ წიგნის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობენ უმბერტო ეკო და ჟან-კლოდ კარიერი. როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს საუბრები მოხიბლავს ყველას – და განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წიგნები.” ლიტერატურასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვის შემდეგ მოხუცი ბიბლიოფილები ერთ დასკვნამდე მიდიან: “მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს  სხვა, უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ინფორმაციის მატარებლებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოზიციებს და ამტკიცებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ბორბლის დამარცხება შეუძლებელია.” (სხვათა შორის, უმბერტო ეკო უცნობი მწერლებისა და შედევრების შესახებ საუბრისას “ვეფხისტყაოსანსაც” ახსენებს : ) )