ნისლებში და ნისლებს მიღმა

ლილე იროელის ცნობილ თავგადასავლებამდე ნატო დავითაშვილის სამყაროში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ეს სამყარო ნისლმა დაფარა და ავსულებმა ისე დააბეჩავეს ნისლებში დარჩენილი ხალხი, რომ მტრებსაც კი დაავიწყეს…

თუმცა ყოვლისმომცველ ნისლს მიღმა ერთი სოფელი მაინც დარჩა – გურო. ამ სოფელს ცროლის მთა იცავდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქ უნდა დაბადებულიყო მხსნელი, გმირი სახელად ერეკლე იროელი!

ერეკლეს გარდა გუროში ნიშნიანი კვიცი დაიბადა, კიდევ ყველაზე ერთგული და მამაცი გოგო გვანცა, უღალატო გამახელა და იმედიანი გუროელები… ავსულებს ნისლებშიც “გამოეპარათ” მებრძოლი ადამიანები და სხვა არსებები: მოხუცი მუსიკოსი ანანია, გონიერი მახარე, კეთილი გველეშაპი, მაქციები, მორგვები, მწევრები, ვეძის სამკურნალო წყლის პატრონი… More

ლურჯი სუფრის მოცეკვავე და დინდინელა

ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ საახალწლოდ ბევრი ახალი წიგნი გამოჩნდა წიგნის მაღაზიათა თაროებზე. გამოგიტყდებით და განსაკუთრებით ერთს ველოდი – “ლურჯი სუფრის მოცეკვავეს”…

…და ეს წიგნი დიდი ინტერესით გადავშალე… გადავშალე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ იყო და ლამის ცეცხლიმფრქვეველ დრაკონთა დაღუპვის მოწმე გავხდი. მათი კუნძულიდან ძლივს გამოვაღწიე და უკვე კარგედონში ამოვყავი თავი, სადაც ლურჯი სუფრის მოცეკვავე (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ) დედოფალი ნებით გახდა ლტოლვილი. ამ უკანასკნელს რომ გავყევი კი იცით, ვის გადავეყარე? ნაის. დიახ, დიახ, მოტირალ დას ჰექათიონიდან. ის პატარა აიასთან ერთად ლილეს ეძებდა… მაგრამ სანამ ლილეს ვიპოვიდით, მანამდე ზღვაურზე მოლაპარაკე ზღვის ხალხი, სტიქიონებად ქცეული ნუმიელები, ცრუ ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, სათანადო საკვების გარეშე გაბჭვირვალედ ქცეული ფიგნები გავიცანი და სიკეთესა და ბოროტებას შორის დიდ დაპირისპირებაშიც მივიღე მონაწილეობა… არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თეთრი დრაკონის – აკკას – ზურგზე რომ არ ავმხედრებულიყავი და იროელთა სასწაულმოქმედ ძალას არ დავეცავი… მე ხომ უკვე გადავაბიჯე ზღურბლს რეალობასა და ფანტაზიას შორის… მეც ლილეს სამყაროს ნაწილი გავხდი და ყველაფერი თავად განვიცადე… და თქვენც იგივეს გირჩევთ – ეს განუმეორებელი გრძნობაა! More

ისევ ლილე…

ალბათ გახსოვთ, რომ დახლოებით ერთი თვის წინ ლილე იროელზე ვისაუბრეთ . ასე საინტერესოდ დიდი ხანია არ “მიმოგზაურია”. ჰოდა ამ ერთ ამბავზე ხომ არ შევჩერდებოდი… მერე როგორ დამაინტრიგებლად დასრულდა… 🙂

…ბოლოს ლილე საიდუმლო კართან დავტოვეთ. თუ გაინტერესებთ რა აღმოჩნდა მის მიღმა, მაშინ “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” უნდა გადაშალოთ. ამ საიდუმლოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ – ბიგოში შერისხულებს და მათ დედოფალ იორუბას გაიცნობთ, ომდურმანში – პატარა გალი-გალასა და სველთვალებიანი ნიღბის ოსტატებს, სალიტულაში მსაჯულთა წიგნს ნახავთ და გრძნეულებსაც შეებრძოლებით… და რაც მთავარია, ლილესთან ერთად გახდებით ისტორიული წამის მოწმენი – სიყვარულისა  და სიძულვილის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ფრთოსანი ლომი ბრუნდება… More

ამბავი ლილე იროელისა

“როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!” – ასე წარმოგვიდგენს ქარჩხაძის გამომცემლობა “იროელთა ქრონიკების” პირველ წიგნს. რატომღაც მათ ეს წიგნი უკვე გამოსულ გაგრძელებებთან ერთად საბავშვო წიგნების კატეგორიაში განათავსეს, არადა ფენტეზის მოყვარული დიდებიც სიამოვნებით ვეცნობით. ქართული მითოლოგია პატარებზე ნაკლებად არც ჩვენ გვაინტერესებს, მით უფრო, რომ ამ სფეროს ცოტა თუ იცნობს (პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას მშობლიურზე უკეთ ვიცნობ).

ბავშების მსგავსად ჩვენც დიდი სიამოვნებით მივუყვებით უძველესი საქართველოს გზებს (სხვათაშორის, გზამკვლევი წიგნის ყდაზეა მოცემული). მერე რა მასპინძლები გვყავს – როშკაშში დევთ დედას “შვილი” კეთილი დევები გვხვდებიან და ბურდას ოჯახში გვეპატიჟებიან, მიწის ქვეშ, კაცმაცუნების სამყოფელში მხიარული კედელთმწერი აბო თავისი მოხუცი მშობლების სახლისკენ გვეწევა, დალების სამეფოში მებრძოლი ქალები და მათი კეთილი დედოფალი თეკლა საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად გვიწვევენ, ფასისში მმართველი ბაკურის ასულებს – თუთასა და კაისას ვეცნობით, ცეცხლოვან მიწაზე მჭედელ პირქუშთან ერთად ხალიბური ფოლადის იარაღს ვაწრთობთ, ტაბაკონის მთაზე როკაპის შავბნელ საქმეებში ვიღებთ მონაწილეობას, სანე-ღელეში ღვთისშვილების საიდუმლოს ვიგებთ, სამშვილდეში ქაჯებს ვებრძვით ბერი ბაადურის, კოპალასა და იახსარის მხარდამხარ… ბოლოს ბნელთმეუფის საუფლოშიც კი ამოვყოფთ თავს – აბა, ლილეს და რუფიას მარტო ხომ არ გავუშვებთ სამსალას დასამარცხებლად… More

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

More