იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა

flow-my-tears-the-policeman-said-coverგიოცნებიათ ოდესმე “სელებრითობაზე”? რა თქმა უნდა, არ არის ურიგო, როცა ყველა გცნობს, ყოველკვირეულად მრავალმილიონიანი აუდიტორია უყურებს შენს სატელევიზიო შოუს და შენი ერთადერთი საფიქრალი შემოსავლის დახარჯვის გზების ძიებაა… თუმცა ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. როგორ? ამას ჯეისონ ტავერნერი განგიმარტავთ. მან ეს საკუთარი გამოცდილებით იცის…

ერთხელ ჯეისონ ტავერნერმა საავადმყოფოს პალატის ნაცვლად სასტუმროს ბინძურ ოთახში გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მას არავინ იცნობს, უფრო სწორად კი, ის საერთოდ არ არსებობს. მისი მონაცემები თვით გესტაპოსა და “კაგებეზე” უფრო ძლევამოსილ პოლიციასაც კი არ აქვს… ამიტომაც ოფიციალურად ის სახელმწიფოს მტრად მიიჩნევა და ისევე იდევნება, როგორც ყველა მოაზროვნე (ამ ქვეყანაში ხომ სტუდენტობა უკვე დანაშაულია)… თავად კი არც კი იცის, რა იფიქროს. რა არის ეს – ალტერნატიული რეალობა, სრული სინამდვილე, უცნაური ილუზია, სიზმარი, ხუმრობა თუ რაიმე სხვა? თუმცა ამას ამ წუთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ტავერნერი გაექცეს პოლიციას, რომელიც თვალს არ აცილებს და სიფრთხილით შეხედოს იმ ადამიანებს, რომლებსაც “ახალ” ცხოვრებაში ხვდება. არავინ იცის, ვინ არის დაკავშირებული პოლიციასთან… არავინ იცის საიდან იყურება ყოვლისმხედველი თვალი… მოახერხებს ჯეისონ ტავერნერი გადარჩენასა და საკუთარი თავის დაბრუნებას? ეს თავად უნდა ნახოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მორიგი წიგნია.