ჩემი ლიტერატურული სექტემბერი :)

არდადეგების ბოლო თვეც დადგა და ლიტერატურული მოგზაურობაც გაგრძელდა : )

ტარას შევჩენკოს მოთხრობები – თავის მოთხრობებში მწერალი უბრალო უკრაინელების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ხუტორებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით ირჩევენ თავს.  ამიტომაც წერს ერთ-ერთ მოთხრობაში: “ო, აგრონომო-ფილანტროპებო! გამოიგონეთ ნამგლის ნაცვლად რაიმე მანქანა. ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ მძიმე შრომისთვის განწირულ კაცობრიობას!” შევჩენკოს ეს ოცნება მოგვიანებით ახდა, მანამდე კი მასაც, თავისი გმირების მსგავსად, უამრავი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრების გზაზე. საერთო ჯამში საინტერესო იყო ძველ უკრაინაში მოგზაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა რუსულ ტექსტში შიგადაშიგ გარეული უკრაინული სიტყვების გაგება 🙂 ჩემი აზრით, ტარას შევჩენკო ბევრად უფრო დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პროზაიკოსი. მოთხრობებში თითქოს მისი უსაზღვრო პატრიოტიზმი ისე არ ჩანს, როგორც პოემებსა და ლექსებში. ჩემთვის მის ფავორიტ ნაწარმოებად ლექსი “ანდერძი” რჩება, რომელიც რუსულ თარგმანშიც ისევე კარგად ჟღერს, როგორც ორიგინალში.

გრიგოლ აბაშიძის “ლაშარელა” – ამჯერად გადავწყვიტე მეცამეტე საუკუნის საქართველოში მემოგზაურა. ლაშა-გიორგის ეპოქა სულაც არ ჰგავდა დიდი თამარის ოქროს ხანას. დიდებულები მეფეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად ლაშა კი მხოლოდ ერთგული მცველის, ლუხუმ მიგრიაულის ცოლის სიყვარულზე ზრუნავდა. მისი პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებს გადაეჯაჭვა, რადგან:  “ეგ ლახვარი მარტო მიგრიაულს კი არა, საქართველოს ძლიერებას ჩასცეს ზურგში, რადგან საქართველოს ძლიერება მიგრიაულისთანა პატიოსან ყმა გლეხების ძალასა და სიმტკიცეზე იყო მუდამ დამყარებული.” ამ აკრძალული სიყვარულისგან მხოლოდ ტახტის მემკვიდრე დავით ულუ დარჩა, საქართველოს კი ჯერ მოხარკენი განუდგნენ, შემდეგ კი გაძლიერებული მონღოლები მოადგნენ. ასე მიეცა დავიწყებას ქართველთა დაუმარცხებლობის ამბავი. ლაშამ კი, როგორც თავად ამბობდა, ვერ გაამართლა იმედი, ვერ შეძლო, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ლილეს სიყვარულის გულიდან ამოღება და ვერ შესწირა სამშობლოს მსხვერპლად პირადი ბედნიერება.

გრიგოლ აბაშიძის “დიდი ღამე” – დასრულდა ლაშას ეპოქა და ტახტზე ავიდა რუსუდანი. მისი მმართველობისას საქართველოს ჯერ ჯალალედინი დაესხა თავს, შემდეგ კი – მონღოლები. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” უსინათლო ვაჩე კი თითქოს ხედავს თეთრი დროშის ფრიალს და ამბობს: “გორგასლიანი დროშის ნათელი გაჰფანტავს ღამის სიბნელესო!”

ორჰან ფამუქის “თეთრი ციხესიმაგრე” – ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ  საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკითხველი ორჰანი). 😉

ერიკ-ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება” – ეს არის ისტორია იეშუასი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და საბოლოოდ ხვდება, რომ: “მარტო მხოლოდ სამყაროსგან დამალვა შეგვიძლია, ხოლო თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მის შეცვლას.” ამიტომ ის უფლის რწმენით აერთიანებს ხალხს და მათთან ერთად ქადაგებს სიყვარულს. აქვე ვხვდებით ეჭვებით შეპყრობილ პილატე პონტოელს და გამცემ იეგუდას, იეშუას დედას და მოწაფეებს, იოჰანანს და რომაელ ჩინოვნიკებს. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება როგორც რეალური პიროვნებებისგან, ისე ბულგაკოვის გმირებისგან. მაგრამ შმიტის მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ: “შეიყვარე სხვა ისე, რომ მიიღო მისი სისულელეებიც კი. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, გამოყენება წესისა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მხოლოდ ამრავლებს ბოროტებას, უფრო მეტიც – აქცევს ბოროტებას წესად. ძალადობაზე სიყვარულით პასუხი ძალადობის ჩაქრობას ნიშნავს. ღმერთის სამეფოს კარი ყველა ჩვენგანშია. ეს არის იდეალი, ოცნება, ნოსტალგია, იმედი. სიყვარული მარადიულია. ის იწვის, როგორც ალი, მაგრამ ეს ალი სუსტია. მის ჩაქრობას ცდილობენ.” ერთი შეხედვით რიგითი წიგნია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ დავფიქრდებით ცხოვრების არსზე და სულს შევუბერავთ სიყვარულის ცეცხლს. : )

გავიდა ზაფხულის არდადეგები. ამ სამი თვის მანძილზე  ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ძველ რომში, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთში, ინდოეთში, ისრაელსა და თურქეთში, გავიცანი მრავალი ახალი გმირი და მწერალი, ძველებთან ურთიერთობა გავაღრმავე, 🙂 4 წიგნი შევმატე ჩემს რჩეულ ნაწარმოებებს და არც ერთი სერიოზული იმედგაცრუება არ განმიცდია. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი არდადეგები გამოვიდა, მაგრამ ამით მოგზაურობები არ მთავრდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ნაწარმოებია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..” 🙂

ჰენრიკ სენკევიჩი – “ვიდრე ჰხვალ?”

ტარას შევჩენკოსთან ერთად უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთი “მეგობარი” ქვეყნის წარმომადგენელი გამეცნო. პოლონელმა ნობელიანტმა ჰენრიკ სენკევიჩმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი “ვიდრე ჰხვალ?” ნამდვილად იმსახურებდა პრემიას „ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის”.

ნაწარმოების ფურცლებზე ვმოგზაურობთ ნერონის რომში. როგორც მწერალი წერდა, ტაციტუსის “ანალების” წაკითხვისას ის გრძნობდა, რომ უნდა აღეწერა ორი სამყაროს შეჯახება, რომელთაგან ერთი იყო ადმინისტრაციული მანქანა, მეორე კი წარმოადგენდა სულიერ სამყაროს. ჩემი აზრით, სენკევიჩს ეს გამოუვიდა. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი ისეთი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა რომის ხანძარი, რომელიც ნერონის ბრძანებით მოეწყო, ამ ხანძარში “დამნაშავე” ქრისტიანების დასჯა, რომის საიმპერატორო კარის ცხოვრება. მრავლადაა გამოგონილი ფაქტებიც, მათ შორის მთავარი გმირების – ვინიციუსისა და ლიგიას – სიყვარულის ამბავიც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ქრისტიანების ცხოვრებისა და სიკვდილის ეპიზოდები იყო. ძველ რომში მოსახლეობა ქრისტიანებს გარყვნილ, მკვლელ და ბოროტ ადამიანებად მიიჩნევდა, მაგრამ ჯერ ქრისტიან გოგონაზე შეყვარებული ვინიციუსი და შემდეგ მთელი რომი მიხვდა, რომ ქრისტიანების ერთი ღმერთი მათ მრავალ ღმერთზე უფრო მეტ გულმოწყალებას იჩენდა. მისი მიმდევრები მხოლოდ სიყვარულის სახელის მოქმედებდნენ და სასწაულებიც არ აყოვნებდა. პეტრე და პავლე მოციქულებმა სინათლის სხივი შემოიტანეს სისხლისმსმელი ნერონის მმართველობისას. მათთან ერთად ბევრი ქრისტიანი გააკრეს ჯვარზე, ცოცხლად დაწვეს, ველურ მხეცებს მიუგდეს, თავი მოჰკვეთეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შემკრთალა. ყველა მსხვერპლი გასხივოსნებული სახით მიდიოდა ღმერთთან. მათ შორის იყო პეტრე მოციქულიც, რომელიც მოწაფეთა თხოვნით რომის დატოვებას აპირებდა, მაგრამ გზაში ქრისტე გამოეცხადა და ჰკითხა: “ვიდრე ჰხვალ, უფალო?” (“საით მიდიხარ, უფალო?”). ქრისტემ უპასუხა: “რადგან შენ ტოვებ ჩემს ხალხს, მე მივდივარ რომში, რათა ხელახლა მაცვან ჯვარს. ” ამის შემდეგ პეტრე მოციქული რომში დაბრუნდა და ჯვარზე დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მალე ნერონის მმართველობაც დასრულდა: ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!” ასე ქრება ყოველგვარი ბოროტება, სიკეთე და სიყვარული კი რჩება, რადგან “რწმენა მთებს დაძრავს.”

ჰერმან ჰესე – “სიდჰარტჰა”

ზაფხულის მოგზაურობისას გადავწყვიტე გერმანელ მწერალს შევხვედროდი და ინდოეთში აღმოვჩნდი. ჰარი ჰალერისა და გოლდმუნდის შემდეგ ჰერმან ჰესემ სიდჰარტჰა გამაცნო.  სიტყვა “სიდჰარტჰა” ნიშნავს ადამიანს, რომელმაც მიზანს მიაღწია. მთელი ნაწარმოებიც ამას ეძღვნება – ადამიანის სვლას მიზნისაკენ.

ბრაჰმანის ვაჟი სიდჰარტჰა ჭეშმარიტებას ეძებს. სწორი გზის საპოვნელად არაერთ გზას ადგება – განდგომის, ხორციელი სიყვარულის, სიმდიდრის, მაგრამ ერთ დღესაც ხვდება, რომ მის გულში რაღაც მოკვდა. მას აღარც ლოდინი, ფიქრი და მარხვა ახარებს. საზოგადოებაში ჭეშმარიტებას ვერ პოულობს, რადგან “ადამიანთა უმეტესობა ჩამოვარდნილ ფოთლებს ჰგავს. ისინი ჰაერში ტრიალებენ, მაგრამ ბოლოს ძირს ეცემიან. სხვები კი – მხოლოდ მცირედნი – ვარსკვლავებს ჰგვანან. ისინი გარკვეული გზით მოძრაობენ. ვერანაირი ქარი ვერ აიძულებს მათ, რომ გზიდან გადაუხვიონ. ისინი თავის თავში ატარებენ საკუთარ კანონს და საკუთარ გზას. ” რჩეულ ვარსკვლავებს მიეკუთვნება სიდჰარტჰაც, ამიტომ ის ისევ ადგება გზას.

ამჯერად სიდჰარტჰას გზა “მარადახალ” მდინარესთან მიდის, რომელთანაც ძველი ნაცნობი ვასუდევა ელოდება. ვასუდევა მდინარეს უსმენს და ამითაა ბედნიერი. სტუმარსაც ასწავლის მდინარის მოსმენას. სწორედ აქ ხვდება სიდჰარტჰა, რომ დრო რეალურად არ არსებობს და ბედნიერებას აღწევს, სანამ არ გაიცნობს თავის ვაჟს, რომელიც კამალასგან შეეძინა (კამალა სიდჰარტჰას ცხოვრებაში ხორციელი სიამოვნების ეტაპს გამოხატავს). უდედოდ დარჩენილი ვაჟი არ ემორჩილება მამას და მისი გაქცევის შემდეგ სიდჰარტჰა ხვდება, რომ მის დაბრუნებას აზრი არ აქვს. თავის დროზე თავადაც დატოვა მამა, მაგრამ რადგან დრო არ არსებობს, არც ადამიანთა აწმყოა რეალური.

გადის წლები. ვასუდევას განდგომის შემდეგ სიდჰარტჰა მარტოა მდინარესთან ერთად. ბოლო ეპიზოდში ის ცხოვრების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ძველ მეგობარს, გაუტამას მოსწავლე გოვინდას უზიარებს. სწორედ ცხოვრებისა და მდინარის დახმარებით მიაღწია მან მიზანს, აღმოაჩინა ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: “სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად. სამყაროს შეცნობა, მისი ახსნა, მისი ზიზღი – ეს ყველაფერი დიდ მოაზროვნეებს დავუტოვოთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ – ვისწავლოთ სამყაროს სიყვარული, არ შევიზიზღოთ ის, არ შეგვძულდეს ის და საკუთარი თავი, ვუყუროთ მას, საკუთარ თავს და ყველა არსებას სიყვარულით, აღფრთოვანებითა და პატივისცემით.”

ჩემი ლიტერატურული აგვისტო :)

აგვისტოც დადგა და ლიტერატურულ ლაბირინთებში მოგზაურობაც გაგრძელდა : )

კონსტანტინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი” – როგორც იქნა კონსტანტინეს ტეტრალოგიასაც “შევეჭიდე”.ნაწარმოებს აშკარად ეტყობოდა, რომ მწერალი წლების მანძილზე მუშაობდა მასზე. თავიდან ყველა მოვლენა დაწვრილებითაა აღწერილი, ბოლოს კი დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება ზედმეტად ზედაპირული მეჩვენა. მიუხედავად ამ “ნაკლისა”, საერთო ჯამში მომეწონა. დავით აღმაშენებელი უდავოდ უძლიერესი მეფე იყო და საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ გააერთიანა ქვეყანა, როგორ დაამარცხა შინაური და გარეშე მტრები თავის თანამოაზრეებთან -შამან ერისთავის ასულ გვანცასთან, ნიანია ბაკურიანთან, მარიამ დედოფალთან, მახარასთან, ჯონდი ერისთავსა და კიდევ მრავალ ქართველთან – ერთად.ისინი ბრძოლებში გაჭაღარავდნენ, მონასტრის კედლებში აღმოჩნდნენ, სიცოცხლე დათმეს.  სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას დავითმა შესწირა საქართველოს ისტორიაში უდიდესი მოღალატის, ლიპარიტ ბაღვაშის ქალიშვილის სიყვარული. მეფე თავადვე ეუბნება დედისიმედს: “მაპატიე დაო, ჩემი და შენი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად”.  დავითმა სამშობლოს დიდება აღუდგინა, მაგრამ მაინც მარტო დარჩა ბოლო მტრის – სიკვდილის – წინაშე.

ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონი” – როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს წიგნი თავიდან ბოლომდე დეტალებში გვიჩვენებს მოძრაობას ბოროტებიდან სიკეთისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ, სიცრუიდან ჭეშმარიტებისკენ, წყვდიადიდან სინათლისკენ, გაუმაძღრობიდან სინდისიერებისკენ, ცხოველური მდგომარეობიდან მოვალეობის გრძნობისკენ, ჯოჯოხეთიდან ზეცისკენ, არარაობიდან ღმერთისკენ.”   საზოგადოებამ გარიყა ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანი, ღარიბი ფანტინა, ობოლი კოზეტა და მეამბოხე მარიუსი, რესპუბლიკელი ახალგაზრდები და პატარა უსახლკარო გავროში, მოხუცი მაბეფი და ბანდიტების შვილი ეპონინა. მაგრამ ასეთ საზოგადოებაშიც არსებობენ ეპისკოპოსის მსგავსი წმინდა ადამიანები და სწორედ მათი დახმარებით იღვიძებს სინდისი და სიკეთე თვით კატორღელშიც კი.

ვიქტორ ჰიუგოს “93 წელი” – ჰიუგო გვაცნობს საფრანგეთის რევოლუციის ნამდვილ სახეს: “რევოლუცია არის ის, რაც გვავიწროვებს ყოველი მხრიდან და რომელსაც ჩვენ აუცილებლობას ვეძახით. და ამ კეთილშობილებისა და ტანჯვის ამოუცნობი ერთიანობის წინაშე ისტორია დაჟინებით სვამს კითხვას: რატომ? ” მართლაც, რატომ ხოცავს ორივე მხარე ხალხს, რატომ წვავენ სოფლებსა და ქალაქებს, რატომ პასუხობენ ძალადობით ძალადობას? ისტორია პასუხს ვერ გვაძლევს, ისევე როგორც ვერ გვპასუხობენ რობესპიერი, მარატი და დანტონი – რევოლუციის ლიდერები. ისინი წარსულს ბარდებიან მონარქებთან ერთად, მარადიული კი მხოლოდ სიკეთე და სამშობლოა, რომლისთვისაც რესპუბლიკელი გოვენი იბრძვის.

ჩემი ლიტერატურული ივლისი :)

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული საუკეთესო პერიოდია ლიტერატურისთვის.ამჯერადაც გადავწყვიტე ივლისის სიცხისგან თავის დასაღწევად მწერლების დახმარებით სხვადასხვა ადგილები მომენახულებინა, სხვადასხვა ადამიანები გამეცნო და გავმხდარიყავი ოდნავ უკეთესი, ვიდრე მანამდე ვიყავი. : ) რა თქმა უნდა, ყველა საინტერესო წიგნის წაკითხვა ერთ თვეში შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე მათგანმა ნამდვილად გაამართლა მოლოდინი.

   თომას მანის “ბუდენბროკები” – ჩემი ლიტერატურული ზაფხულის პირველი სიამოვნება ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი მწერლის ნაწარმოებია. მიუხედავად იმისა, რომ დასასრულის “საიდუმლოს” ქვესათაურშივე აეხადა ფარდა (“ერთი ოჯახის გადაშენების ისტორია”), ერთი შეხედვით “ზედმეტად” დიდი და სავარაუდოდ “მანისეული” რთული ენით დაწერილი წიგნი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ეს არის ბიურგერთა ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრების ისტორია, რომელთა დევიზია: “ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს”. ბუდენბროკები შრომობენ, იღწვიან გვარის უკვდავსაყოფად, განიცდიან პირად ტრაგედიებს და საბოლოოდ მხოლოდ გენეოლოგიური ხის უნაყოფო ტოტებად რჩებიან.

არტურო პერეს-რევერტეს “დიუმას კლუბი” – ეს არის რომანი განსაკუთრებულ სამყაროზე – წიგნების სამფლობელოზე, სადაც ცხოვრობენ დიუმაზე შეყვარებული  ბუკინისტები და დემონოლოგიით დაინტერესებული ბიბლიოფილები. ისინი აგროვებენ წიგნებს, ცხოვრობენ წიგნებით და წიგნების საშუალებით ცდილობენ მეცხრე კარიბჭის გაღებას. როგორც თავად მწერალი ამბობს: ” ადამიანი იზრდება, ხდება ფლობერის ან სტენდალის თაყვანისმცემელი, ირჩევს ფოლკნერს, მარკესს ან კაფკას…ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აზრი და ხშირად დაპირისპირებამდეც მივდივართ, მაგრამ საკმარისია ვახსენოთ რამდენიმე ავტორი და ჯადოსნური წიგნი, რომ კვლავ თანამზრახველები ვხდებით. ამ წიგნებმა გაგვიღეს ლიტერატურის კარი. ისინი ეხებიან არა იმას, რასაც ვხედავთ, არამედ იმას, რაზეც ვოცნებობთ.” ასე რომ, თუ თქვენც გიყვართ დიუმა, მაშინ შეგიძლიათ ცოტა ხნით მაინც “ჩაეწეროთ” დიუმას კლუბში და ამ წიგნის ფურცლებზე კვლავ შეხვდებით დ’არტანიანს, სამ მუშკეტერს, მილედის, როშფორსა და თვით კარდინალ რიშელიესაც კი.

ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” – მიუხედავად მცირე მოცულობისა, ეს ნაწარმოები საოცრად ემოციურია. 10 წლის ბიჭი, რომელიც ლეიკემიითა ავად, მომვლელის რჩევით ღმერთს წერს წერილებს. ამ წერილებში  ვხვდებით იუმორს, ბავშვურ გულუბრყვილობას. ამ რამდენიმე დღეში ოსკარი მთელ ცხოვრებას გადის, ეძებს მშობლების საქციელის მიზეზს, პასუხს კითხვაზე – არსებობს თუ არა ღმერთი. 12 დღის შემდეგ ის ტოვებს ამ ქვეყანას, მაგრამ მანამდე ვარდისფერი ქალბატონის დახმარებით იგებს ცხოვრების მთავარ სიბრძნეს: “ყოველდღე ისე უნდა უყურო სამყაროს, თითქოს პირველად ხედავ.”

ერიკ-ემანუელ შმიტის “ნოეს შვილი” – ეს არის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის ომი. ნაცისტების დევნის მსხვერპლი ბავშვები ქრისტიანი მამა პონსის პანსიონში იმალებიან. ისინი განიცდიან მშობლებთან დაშორებას, ფიქრობენ იმაზე, თუ რა განსხვავებაა ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის და რატომ სძულს ჰიტლერს მხოლოდ ებრაელები. ერთ-ერთი ასეთი ბავშვია ჟოზეფიც, რომელიც განსაკუთრებით უახლოვდება ღვთისმსახურს და მისგან იგებს, რომ: “რელიგია არც ჭეშმარიტია, არც მცდარი, ის მხოლოდ ცხოვრების ერთგვარ ნაირსახეობას გვთავაზობს.” დაუშვებელია ადამიანთა დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებული რელიგიის, ეროვნების ან რასის არიან. ომი მთავრდება და გადარჩენილი ებრაელი ბავშვები უკვდავყოფენ მამა პონსის სახელს, რომელმაც 271 ბავშვი გადაარჩინა და ამით მილიონობით ებრაელს მისცა სიცოცხლის შანსი (ქრისტიანმა ღვთისმსახურმა ოსკარ შინდლერი გამახსენა). ებრაელები არასდროს ივიწყებენ სიკეთეს, მაგრამ არც ომი მიეცემა სამუდამოდ დავიწყებას. ამჯერად ის სწორედ ებრაელთა მიწაზე იღვიძებს და უკვე ასაკოვანი ჟოზეფიც, მამა პონსის მსგავსად, იქცევა ნოედ და იწყებს ახალი კოლექციის შეგროვებას, რათა შემოინახოს ომის მსხვერპლთა ტრადიციები.

უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” – დეტექტიურ-ისტორიული რომანის ფურცლებზე მწერალი გვაცნობს შუა საუკენეების შერლოკ ჰოლმსს, უოტსონს, ხორხე ლუის ბორხესს ბიბლიოთეკის ბრმა მცველის სახით და გვიამბობს XIV საუკუნის კათოლიკური ეკლესიის შესახებ. “დიუმას კლუბის” მსგავსად, აქაც ხდება მკვლელობები წიგნის გამო, ამჯერად მონასტერში, და ბერები ელიან ანტიქრისტეს გამოჩენას. რეალურად კი ჩნდება მკვლელი. ჩემი აზრით, ეკოს შეეძლო სათქმელი უფრო მოკლედ ეთქვა, მაგრამ საერთო ჯამში მომეწონა. თავად მწერალს თუ დავესესხებით: “წიგნები იწერება არა იმიტომ, რომ მათი სჯეროდეთ, არამედ იმიტომ, რომ მათზე იფიქრონ. ყველამ, ვისაც წინ უდევს წიგნი, უნდა გაიგოს არა ის, რასაც ის ამბობს, არამედ ის, რისი თქმაც მას სურს.”