100 ამბავი. 100 ფეხბურთელი

„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)

ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულება საიდუმლო არავისთვისაა. აწ უკვე 17 წელია აქტიური გულშემატკივარი ვარ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ ამ თემაზე დაწერილ წიგნს გვერდს ვერ ვუვლი. მეტი

მთებმა მთებს უთხრეს

ავღანეთის პატარა ღარიბი სოფლიდან ქაბულისკენ მიმავალ გზაზე მთებმა მთებს უთხრეს ამბავი მამაზე, რომელმაც შვილის მომავალს ყველაფერი შესწირა – მისდამი სიყვარულიც კი… ავღანეთში, ევროპაში, ამერიკაში მთებმა მთებს უამბეს ისტორიები, რომლებიც ნელ-ნელა ფაზლის ფრაგმენტებივით ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ერთიან სურათს, რომელიც საბოლოოდ ისევ პირველ ღამეს უბრუნდება – ზღაპარს მამასა და შვილზე… მანამდე კი ბევრი ადამიანის ცხოვრებაა – ფარის ცხოვრება, რომელიც ჩვეული გარემოს მოწყვიტეს და მთელი ცხოვრება “ნაკლულმა” გაატარა; აბდულას წლები, რომელიც ამერიკაშიც კი წლების წინ დაკარგულ დასთან შეხვედრას ელოდა; ნილას მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, მამასა და ავღანურ სტერეოტიპებთან; ფარვანასა და მისი საწოლს მიჯაჭვული დის ურთიერთობა; იდრისისა და ამრას შინაგანი სამყარო, რომელიც პატარა ავღანელი გოგონასადმი ზრუნვაში შესანიშნავად ჩანს; ადელის ფიქრები, რომელიც სამხედრო დამნაშავის შვილობის ტვირთს ატარებს; მარკოს ვარვარისის ცხოვრება, რომელიც ბერძნულ კუნძლზე შეუდრეკელი დედისა და დედის მეგობრის ქალიშვილის გვერდით დაიწყო და ავღანეთში ექიმობით გაგრძელდა (ეს ისტორია ჩემი ფავორიტია), ამერიკელი ფარის ერთგულება ოჯახის მიმართ… ნაბისა და მასზე შეყვარებული ბატონის ამბავი და მისი გადაწყვეტილება, რომელმაც ყველა ეს ისტორია ერთ წიგნად შეკრა… მთებმა მთებს უთხრეს ბევრი ამბავი და ხალიდ ჰოსეინიმ მათგან შექმნა ძალიან კარგი წიგნი ავღანეთზე და არა მხოლოდ… უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებზე… მეტი

ერთად დავამარცხოთ შიში!

“ღიმილით ვაკეთოთ, მცირესა ზედა სარწმუნო ვიქმნეთ და მოვა მეტი, რის ზიდვასაც ასევე ღიმილით შევძლებთ.”

რისი გეშინიათ? ალბათ ხშირად დაუსვამთ თქვენთვის ეს კითხვა. პასუხად ძალიან ბანალური რამ გითქვამთ (მაგალითად, ობობის) ან გიპასუხიათ, რომ არაფრის. ორივე შემთხვევაში სიმართლე თქვით – თქვენ შიშად თვლით იმ განცდას, რასაც მწერის დანახვისას გრძნობთ ან საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რომ გეშინიათ… დიახ, თქვენ გეშინიათ! ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ ეს საგანგაშო სულაც არაა. მთავარია შიში “გარეთ გამოვუშვათ”, გავთავისუფლდეთ მისგან, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ, დავიხმაროთ ისეთი პროფესიონალები, როგორიცაა ნათია ფანჯიკიძე. მეტი

ველური პალმები

“თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.” (ფსალმუნი 136:5)

მაინც რა არის ბედისწერა? ალბათ ამაზე ბევრი გიფიქრიათ, ბევრიც წაგიკითხავთ და გინახავთ… მაგრამ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს… ისევე, როგორც არ არსებობს თავისუფლების განმარტება… და ზოგიერთი წიგნის შეფასება… განსაკუთრებით, უილიამ ფოლკნერის… “ველური პალმები” თუ წაგიკითხავთ, აუცილებლად დამეთანმებით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კონტრაპუნქტის პრინციპით აგებული წიგნი (შემიძლია ვთქვა, რომ “ველური პალმები” უფრო მომეწონა, მაგრამ ახლა – წაკითხვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ – კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ორი, ერთი შეხედვით სრულიად დაუკავშირებელი, ნაწილი განუყოფელია),რომელიც მოგვითხრობს ქალსა და მამაკაცზე და შემთხვევით თავისუფლებაზე აღმოჩენილ პატიმარზე. ეს ბევრად მეტია… ესაა ამბავი კაცზე, რომელიც თავსიფულებას გაექცა და კიდევ წყვილზე, რომლებსაც თვისუფლება სურდათ… კიდევ ასაკოვან “უფერულ” ცოლ-ქმარზე, მიტოვებულ ქმარსა და შვილებზე… დიახ, ეს არის სიყვარულის ისტორია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ – ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მოიპოვეს, დაისაკუთრეს, მაგრამ “ეზედმეტათ”… რომელიც თავისუფლება კი არა, სიმძიმე აღმოჩნდა… რომელიც დააგემოვნეს და ყელში გაეჩხირათ… რომელიც ველური პალმების შრიალში მოკვდა… მეტი

რამსფელდის წარმატების ფორმულა

დონალდ რამსფელდის სახელი ალბათ გაგიგონიათ. სხვადასხვა დროს ის იყო აშშ-ს კონგრესის წევრი, თავდაცვის მდივანი, ელჩი ნატოში, ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უმსხვილეს კომპანიებს… ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს რომ შეუძლია “წარმატების ფორმულის გამოყვანა”(რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ – უტყუარი ფორმულა ხომ არ არსებობს და ამას თავად რამსფელდიც ეთანხმება), ეს ხომ ჭეშმარიტებაა… და აი ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ ამ ფორმულის “შემადგენელ წევრებს”, რომელთა სწორად გამოყენებითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იღბალს… მეტი

ის, რაც გაგვაძლიერებს

“ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებას და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს. ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია. მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე.”

ნიკა რურუა ის ადამიანია, რომელსაც ყველა იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ის მთავრობის წევრიც გახლდათ და მისი სახელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთანაც ასოცირდებოდა, იშვიათად (ფაქტოვრივად, არც) მსმენია, რომ ვინმეს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდეს, განსაკუთრებით ლიტერატურის მოყვარულებს… ეს იმიტომ, რომ ასეთი ლიტერატურულად და მუსიკალურად (ამ მიმართულებებს პოსტის თემიდან გამომდინარე ვუსვამ ხაზს) განათლებული ადამიანი ალბათ თითებზე ჩამოსათვლელად თუ გვყავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი (მხოლოდ ფრანკფურტში ჩვენი შესანიშნავი წარდგენა რად ღირს, ან თუნდაც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისა და სტალინის ძეგლის ამბები) და სწორედ ამიტომ მისი სახელი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას და წლებთან ერთად კიდევ უფრო დაფასდება… რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლებასთან ერთად, ყველა ისწავლის მტერთან ბრძოლას, მხნეობას და თავმოყვარეობას აღმოაჩენს საკუთარ თავში, გაიაზრებს, თუ რა გაგვაძლიერებს – რა შეგვაძლებინებს, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც ეს შეძლო ქვეყანამ, რომელიც სულ რამდენიმე საუკუნის წინ სამმა მილიონმა ადამიანმა შექმნა, დღეს კი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა… არა, ამაში სამხედრო ძალა ან ეკონომიკური განვითარება კი არა (რაც, რა თქმა უნდა, საჭიროა), ის თავისუფალი სული იგულისხმება, რომელმაც შექმნა დიდი ლიტერატურა და დიდი მუსიკა… თავისუფლების ის ჰანგები, რომლებმაც შეადგინა ის 50 ალბომი, რომლითაც “შემოიპარა” თავისუფლება ნიკა რურუას და სხვა საბჭოელების სულში… ასე გაირღვა რკინის ფარდა ფიზიკურად და იმედია მალე გაირღვევა მენტალურადაც… ნიკას და სხვების სახელით, რომლებმაც მთელი სიცოცხლე ამ ბრძოლაში გაატარეს…
მეტი

იმპრესიონისტების საოცარი ფერები

მხატვრობაზე საუბარი (წერაც) რთულია, ძალიან რთული… აბა, თავად განსაჯეთ – როგორ უნდა გადმოიცეს სიტყვით ის, რასაც მხოლოდ თვალი აღიქვამს სრულყოფილად. თითოეული ნახატი ხომ სწორედ ისაა, რასაც აღვიქვამთ და ეს აღქმა შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მხატვრის ჩანაფიქრს… ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მიმდინარეობას, როგორიცაა იმპრესიონიზმი. “კლასიკური მხატვრობისგან” განსხვავებით, ის არ იყო “დაფასებული” და ამ სფეროში მოღვაწე მხატვრებმაც უმძიმესი გზა გაიარეს, სანამ აღიარებდნენ (ბევრი ვერც კი მოესწრო ამას). სწორედ მათზე – საოცარი ფერების ოსტატებზე – გვიამბობს ფრიდონ საყვარელიძე და ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ვან გოგის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მონეს ჯადოსნურ ტილოებს, მანეს, გოგენის, ბეზილის, დეგას, რენუარის და სხვათა დიდებულ ნამუშევრებს… ადამიანებს, რომლებმაც გადააბიჯეს ყველას წესს და ხელოვნებაში დაამკვიდრეს რაღაც ახალი, განუმეორებელი, დაუვიწყარი… მეტი

ფეხბურთი და ლიტერატურა გურიაში

“შეიძლება შეიცვალო ცოლი, შეიცვალო სამსახური, ეროვნება და რელიგიაც კი. მაგრამ გუნდის შეცვლა არ შეიძლება.” – ელიზაბეტ ჯილბერტი – “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”

ლიტერატურა და ფეხბურთი ისეთი რამაა, ყველაზე მეტად რომ მიყვარს (ამ ორს კიდევ შემიძლია კინო, მუსიკა, მხატვრობა, ისტორია და გეოგრაფია დავუმატო, თუმცა ვერც ერთ მათგანში ისეთ ცოდნას ვერ დავიკვეხნი, როგორც მათში)… ალბათ იმიტომ, რომ “ფეხბურთს და ლიტერატურას ფიქრი უყვარს”… აბა თავად განსაჯეთ – ფიქრის გარეშე იწერება წიგნები ან თამაშდება საუკეთესო მატჩები? “იკითხება” ან “იყურება” ისინი? რა თქმა უნდა, არა. სწორედ “დაფიქრებით” მოთამაშეები რჩებიან ისტორიას, სხვები კი დავიწყებას მიეცებიან ხოლმე. ამიტომ გვახსოვს ყველას, ვინც მოვესწარით, შირერის აღმართული ხელი, ბექჰემის საფირმო საჯარიმოები, “შენელებული მოქმედების ბომბივით” ოუენი და რუნი, უბერებელი გიგზი და სხვები… ამიტომ იხსენებს გიორგი კეკელიძე ამდენი წლის შემდეგ გურიაში გატარებულ ბავშვობას საფეხბურთო კონტექსტში და ლიტერატურად გარდაქმნის წარსულს… განა ყველანი ასე არ ვართ? ყველანი ვინც ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ (სიფხიზლესა თუ “მოულოდნელ ჩაძინებაში”:))… დიახ, შეიძლება მისთვის ინგლისი და “მანჩესტერ იუნაიტედია” ის, რაც ჭირსა თუ ლხინში “მისია”, ჩემთვის ბრაზილია და “მილანი”, თქვენთვის სხვა გუნდები, მაგრამ არსი ხომ ერთია… ფეხბურთი მაინც რჩება იმ ფენომენად, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტია. თითოეული მატჩი ერთი ცხოვრებაა, რომელიც ზოგისთვის გამარჯვებით სრულდება, ზოგისთვის კი – დამარცხებით. ცხოვრებაა, აბა რა არის? უნიჭიერესი ადამიანები ჭაობიდან ამოდიან და გმირები ხდებიან, ან კი ფუჭად ფლანგავენ საკუთარ ტალანტს, უსამართლობის ან ბედისწერის მსხვერპლნი ხდებიან… ჩვენ კი ვუყურებთ და მათთან ერთად გავდივართ კიდევ ერთი ცხოვრების გზას… ზუსტად ისე, როგორც წიგნის გმირებთან ერთად… იმიტომ, რომ ფეხბურთიც ხელოვნებაა… ჭეშმარიტი ხელოვნება… მეტი

150 ამბავი გურიიდან

გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული და გურიაშიც სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, მაინც მუდმივად ვგრძნობ, რომ ჩემში ქართლელებისთვის დამახასიათებელ “სერიოზულ და დარბაისლურ იერს” ხშირად გურული “სისხარტე და მხიარულება” სძლევს ხოლმე, “მოძრაობაში, სიტყვა-პასუხსა და საქმეში” კი ჭეშმარიტი გურული ვარ 🙂 ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე ირაკლი მახარაძის კრებული დევინახე, გვერდი ვერაფრით ოვუარე და თან წამევიღე… მეტი

რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? ალბათ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის ხშირად დაგისვამთ, თუმცა პასუხის პოვნა გაგჭირვებიათ. ამის გაკეთება რთულია, როდესაც რუსეთში არ ცხოვრობთ და მოვლენებს გარედან (თუნდაც მცირე მანძილიდან) უყურებთ, მაგრამ თუ ბერნარ მორის წიგნს გადაშლით, ბევრ რამეს მიხვდებით… მეტი

Previous Older Entries