წერილები ბებია ასტრიდს

ალბათ საყვარელი მწერლის გაცნობაზე გიფიქრიათ, მასთან მიმოწერაზეც. დღეს ეს მნიშვნელოვნად გამარტივდა, რადგან საკმაოდ ხშირად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართველ თუ უცხოელ ავტორებს შევხვდეთ, მაგრამ წლების წინ, როდესაც არც სოციალური ქსელები არსებობდა და არც საგამომცემლო საქმე იყო ასე განვითარებული, კალმის მეგობრად ცნობილი მწერლის არჩევა ცოტა არ იყოს და, წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა… თუმცა მაშინაც შესაძლებელი იყო ასეთი რამ. სარა შვარტმა ხომ შეძლო და ასტრიდ ლინდგრენს დაუმეგობრდა… დიახ, დიახ, ჩვენს საყვარელ ბებია ასტრიდთან გააჩაღა გაცხოველებული მიმოწერა… მეტი

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

საზაფხულო საკითხავზე რომ მიდგება საქმე, პირველ რიგში ასტრიდ ლინდგრენი მახსენდება, განსაკუთრებით კი კუნძული სალტკროკა და ლიონებერგა. თუმცა რადგან ეს უკანასკნელნი შარშან გადავიკითხე, ამიტომ წელს დიდი პაუზის შემდეგ კალე ბლუმკვისტთან შეხვედრა გადავწყვიტე.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 23 წლის მოხუცი ვარ, თეთრი და ალისფერი ვარდების ომში ძველებური შემართებით ჩავერთე. სანამ დეტექტივი კალე ბლუმკვისტი პირველ საქმეს შეუდგებოდა, თავი ხომ უნდა შემექცია… თუმცა კრიმინალმაც არ დააყოვნა და ჰოი საოცრებავ – შვედეთის პატარა ქალაქში, რომელშიც დანაშაული წლების მანძილზე არ მომხდარა, ძვირფასეულობის ქურდები გამოჩდნენ. კალემაც ისეთი ოსტატობით ამოხსნა ეს თავსატეხი, ვითომ თვით პუარო ყოფილიყო და არა ევა-ლოტასა და ანდერსის თანატოლი… მეტი

ასტრიდის სევდიანი ღიმილი

ასტრიდ ლინდგრენი ჩემი (და უამრავი მკითხველის) ბავშვობის სიყვარული რომაა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ისიც გეცოდინებათ, რომ საბავშვო წიგნების გადაკითხვა ან პირველად წაკითხვა სულაც არ არის უსიამოვნო პროცესი – პირიქით, ფრიად სახალისო გახლავთ. ამჯერად სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომლებიც ამ გადასახედიდან არც თუ ისე სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც ზოგადად ასტრიდის ნაწარმოებებს სჩვევიათ ხოლმე და “გადასამოწმებლად” “გზას გავუდექი”.

“ძმები ლომგულები” ორი ძმის – ჯონათანისა და სკორპას ამბავია, მე თუ მკითხავთ, არც თუ საბავშვო ამბავი. ჯონათანმა პატარა ძმის დასამშვიდებლად, რომელიც უკურნებელი სენით იყო ავად, იმქვეყნიური ბედნიერი სამყარო – ნანგიალა – მოიგონა, მაგრამ თავად უფრო ადრე გაემგზავრა იქ. მალე მას უმცროსი ძმაც შეუერთდა და ძმებმა ლომგულებმა ერთად გაილაშქრეს ბოროტების წინააღმდეგ… ბავშვობაში ამ ყველაფრის აღქმა ცოტა გამიჭირდა (ანდერსენის ზღაპრებისა არ იყოს), მაგრამ დღეს უკვე ზრდასრულ ასაკში გადაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ასტრიდის წიგნებს შორის). ბავშვს ასტრიდზე უკეთ ვერავინ ასწავლის ძმის (ან დის) სიყვარულს, მეგობრობას, ვერავინ ასწავლის, რომ ძმები ლომგულების მსგავსი კეთილი, მოსიყვარულე და მამაცი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ნანგიალაში (ან ნანგიმილში) ხვდებიან – იქ, სადაც ყველა ოცნებას აისრულებენ… მეტი

“ახალი” ასტრიდი

7038ab131d7017451225df75f1a7915dასტრიდ ლინდგრენისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის. ბავშვობაში რაც ხელთ ვიგდე, ყველაფერი წავიკითხე და საყვარელი წიგნების გადაკითხვაც ფრიად სასიამოვნო საქმიანობა მგონია, თუმცა რამდენიმე ისეთი წიგნიც აღმოვაჩინე, რომლებიც თავის დროზე გამომრჩა და სასწრაფოდ “გავუდექი გზას”.

“ცეროდენა ნილს კარლსონმა” ის ბედნიერი დრო გამახსენა, ზომიერად ფერხორციან  კარლსონთან ერთად სახურავზე რომ გახლდით მოკალათებული 🙂 იქნებ ასტრიდმა სწორედ ნილს კარლსონის თემა განავრცო რამდენიმე წლის შემდეგ დაწერილ წიგნში… მაგრამ ასეა თუ ისე, ეს ცეროდენა ვაჟბატონი ფრიად სიმპათიური ვინმე აღმოჩნდა. საცხოვრებელი ადგილიც კარგად შეურჩევია – ზუსტად იმ ბიჭუნას ოთახში დასახლდა, რომელსაც პატარა დაიკო გარდაეცვალა და მთელს დღეებს მარტო ატარებდა. შემდეგ დროებით მისი “დაპატარავებაც” მოახერხა და მშვენივრადაც ერთობოდა მასთან ერთად თავის ერთი ციდა ოთახში… ნილს კარლსონმა მთავარი რამ მოახერხა – სევდიან ბიჭუნას ღიმილი და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა… მეტი

საახალწლო მოგზაურობები 2013

კიდევ ერთი უამრავი საინტერესო “მოგზაურობით” სავსე წელი მიიწურა. მალე ახალი წელი მოვა… წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე წიგნი შევარჩიე… თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” – განმეორება ცოდნის დედა რომაა, გაგონილი გექნებათ. ლიტერატურასთან თუ მეგობრობთ (სხვა შემთხვევაში პოსტს არც წაიკითხავდით) ისიც გეცოდინებათ, რომ წინასაახალწლოდ სავარძელში თბილად მოკალათებას და საყვარელი წიგნების გადაკითხვას არაფერი სჯობს (მით უფრო, როცა “დაგეგმილი” საკითხავი სტალინურ ეპოქას ეძღვნება). ჰოდა მეც მოვიმარჯვე ქინდლი და გოზინაყის ხრამუნით “გავუდექი გზას”… და, ყვანჩალა ალისასი არ იყოს, ამოვყირავდი… მეტი

ზაფხული ლიონებერგაში

ასტრიდ ლინდგრენი ნამდვილად ისეთი მწერალია, რომელიც დროსთან ერთად დავიწყებას არ მიეცემა. ეს კუნძულ სალტკროკაზე “მოგზაურობამაც” დაამტკიცა. ჰოდა, ამჯერად ლიონებერგაში გავემგზავრე 🙂 იქ ხომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი კერპი – ემილი სვენსონი მელოდა 🙂

კატჰულტში როგორც კი შევაბიჯე, კეპუკითა და თოფუკით შეიარაღებული ემილი “შემეფეთა”. თავით საწვნეში იყო გაჩხერილი… მერე იყო და ფრიად საეჭვო საქმეებში ჩამითრია – დაიკო იდა ფლაგშტოკზე ავწიეთ და სრული ბედნიერებისთვის ლურჯადაც შევღებეთ, ძეხვის მთელი მარაგი გავანადგურეთ, ჩვენი მეგობარი ალფრედის ძებნაში ქურდი დავიჭირეთ, მამას ათასი უბედურება დავაწიეთ (ისე, ჩვენში დარჩეს და ანტონ სვენსონი კარგი წუწურაქი ვინმე კი იყო), შინაური ცხოველები “მოვიპოვეთ”, კისელში “ვიბანავეთ”, ფოიერვერკი მოვაწყვეთ, თავშესაფრის გოროზი მმართველი “მოვათვინიერეთ”, სტომატოლოგის ხალათიც “მოვირგეთ”, კინაღამ პასტორის ცოლი “შემოგვეწვა”, დავთვერით კიდეც… მეტი

ზაფხული კუნძულ სალტკროკაზე

ასტირ ლინდგრენი რომ გამორჩეულად მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის 🙂 სახურავის ბინადარი კარლსონისა და პეპი გრძელიწინდას ამბები დღემდე თითქმის ზეპირად მახსოვს და ჩემი პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნის თაროდან გადმოღებას აზრი აღარ აქვს. სამაგიეროდ ფრაუ ასტრიდის სხვა გმირებს მხოლოდ თითოჯერ გავეცანი (მაშინ წიგნები რთულად იშოვებოდა და ძირითადად ნათხოვარი წიგნებით ვკმაყოფილდებოდით). ჰოდა, როგორც კი ქინდლი ვიგდე ხელთ, სასწრაფოდ განვათავსე თაროზე საყვარელი წიგნები (ქართული თარგმანები ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის რუსულიც ნორმალურია) და ნელ-ნელა შევუდექი “დაგემოვნებას”… მეტი

მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის კი უბრალოდ ასტრიდი – ადამიანი, რომელმაც გამიღო კარი ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში… 

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უამრავი ახალი მწერალი, ნაწარმოები თუ გმირი გავიცანი და პრიორიტეტებიც პერიოდულად იცვლება, ასტრიდი ჩემთვის მაინც უდავო ფავორიტად რჩება. სხვანაირად არც შეიძლება – სწორედ მის სახელს უკავშირდება წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვის პირველი სიამოვნება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – 90-იანების შუა ხანებში “ახალკითხვანასწავლი” რიგითი კლიმის (ანუ ჩემმა) დედამ “მზაკვრულად” შეწყვიტა “სახურავის ბინადარი კარლსონის” კითხვა რამდენიმე აბზაცის შემდეგ (მაშინ ჯერ პენაკს არ იცნობდა, მაგრამ მაინც მონდომებით ასრულებდა მის რჩევებს). რა თქმა უნდა, ასეთ “სისასტიკეს” ვერც ერთი თავმოყვარე კლიმი ვერ შეეგუებოდა, მით უფრო, რომ წიგნის პირველივე გვერდიდან საოცრად სიმპათიური, ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი შემომცქეროდა 🙂 … და დაიწყო ცივი ღამეების თენება (მაგრამ როგორც დიდი პეპილოტა იტყოდა, როცა გული ცხელია და ძლიერად ფეთქავს, გაყინვა შეუძლებელია 🙂 ), რომელიც დღემდე გრძელდება (ოღონდ ახლა ღამეები ისეთი ცივი აღარ არის და ლამპის შუქიც ელექტროენერგიამ შეცვალა) ამჯერად სხვა გმირებთან ერთად.

პირველი ლიტერატურული მოგზაურობა დაუვიწყარი აღმოჩნდა. როგორც ყველა, მეც დიდხანს ველოდი, რომ ერთ დღესაც თბილისის ერთ

ჩვეულებრივ ქუჩაზეც გამოჩნდებოდა პროპელერიანი კაცუნა და პირდაპირ ჩემს ფანჯარას მოადგებოდა, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა სადილად გუფთა გვქონდა და დესერტად მაჭკატები (ანუ ჩვენებურად ბლინები), ბიძია იულიუსის გავლენით საეჭვოდ “მეჭირა თვალი” ბებიაჩემის კბილებზე და ინგლისურის მასწავლებელს სრულიად დაუმსახურებლად ვუწოდებდი შინამტანჯველს, დავფრინავდი ზეწრით ვაზასტანელი მოჩვენებასავით (ერთადერთი “გულსაკლავი ოხვრა” ვერ “დავამუღამე) და ავადმყოფობის შემთხვევაში ჯიუტად ვითხოვდი კარლსონის რეცეპტით დამზადებულ წამალს 🙂

შემდეგ იყო მხიარულ წითელთმიან პეპისთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები ვილა ყიყლიყოში და ახალი ოცნებები – რა კარგი იქნებოდა მარტო ცხოვრება უფროსების გარეშე, თან ცხენთან და მაიმუნთან ერთად, საკუთარი თავის დასჯა დაძინებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კაკაო და ფუნთუშები მეგობრებთან ერთად ხეზე, მხიარული “შოპინგი” და პირველი  დღე სკოლაში, ბანდიტების დაჭერა და რაც მთავარია, არდადეგები კუნძულზე 🙂

ასეთ ოცნებებში ჩაიარა 16-მა წელმა. მას შემდეგ გავიცანი ასტრიდის სხვა გმირები და კიდევ ბევრი მწერალი, მაგრამ პირველი ორი სიამოვნება აღარასდროს განმეორებულა.  პეპის და კარლსონს კიდევ უამრავჯერ შევხვდი და მათთან ყოველი შეხება უკან ბავშვობაში მაბრუნებს. ასტრიდი იმ მცირედთა შორისაა, რომელიც დღემდე ისე მაცინებს, როგორც პირველად წაკითხვისას. სამწუხაროდ, მასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა აღარ მომეცემა, თორემ აუცილებლად გადავუხდიდი მადლობას და ვეტყოდი: მართალია ამბობენ, რომ მთავარი ლიტერატურული პრემია ნობელია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი ჯილდო სულ სხვაა და ის თქვენ გაქვთ – ეს არის მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის!