“ეშმაკნი” – რომანი-წინასწარმეტყველება

საზაფხულო მოგზაურობა ლიტერატურულ ლაბირინთებში დოსტოევსკისთან შეხვედრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამჯერად მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი “ეშმაკნი” შევარჩიე.

როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, “ეშმაკნი” დოსტოევსკის ყველაზე პოლიტიზირებული ნაწარმოებია. მისი დაწერა მწერალს იმ დროს აღმოცენებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შთააგონა. დოსტოევსკის “დიდი ცოდვილის ცხოვრების” აღწერა მანამდეც სურდა, მაგრამ ამ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ, რომელიც ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შექმნეს, დასმენაში ეჭვმიტანილი სტუდენტი მოკლა. ასე შეიქმნა რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება.

ბოლშევიკურ რევოლუციამდე ბევრად ადრე მწერალმა აღმოაჩინა რუს რევოლუციონერებში “არაადამიანური ძალების” არსებობა. მოგვიანებით პატარა ქალაქში მომხდარი ამბები მთელს რუსეთზე გავცელდა. რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდნენ შატოვის მსგავსი რევოლუციონერები, რომლებიც ქვეყნის შეცვლას ღმერთის სახელით აპირებდნენ, მაგრამ ღმერთის არ სწამდათ. ისინი იყვნენ ან მემარჯვენეები, ან მემარცხენეები, მაგრამ პირველ რიგში ერისა და რევოლუციის სჯეროდათ, ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ცივილიზაციაზე მაღლა დგას და მისთვის კანონები არ არსებობს.

ეშმაკით შეპყრობილთა სათავეში დგას ვერხოვენსკი – რევოლუციის ლიდერი. ის ეუფლება სხვათა სულებს და ამავე დროს თვითონაც ეშმაკის მსახურია. მას აღარ აქვს ადამიანის სახე და აღარ არის ღმერთის ხატი და მსგავსი. დოსტოევსკიმ მისი სახით გვიჩვენა, თუ როგორ ანგრევს პიროვნებას ცრუ იდეა. ეს არის იდეა რუსული ნიჰილიზმისა, სოციალიზმისა, თანასწორობისა, იდეა ღმერთის წინააღმდეგ ბუნტისა. ასეთი იდეების გამავრცელებელი რევოლუციონერები მრავლად იდგნენ რუსეთის სათავეში და ბევრი ვერც კი ამჩნევდა მათ “შეპყრობილებას”.

დოსტოევსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ რუსული რევოლუცია ხალხს “უღირსი საქციელის უფლებას მისცემდა” და ხალხიც დაუფიქრებლად გაყვებოდა მათ. მართლაც, ინდივიდუალობის არ მქონე ბრბო  “Шигалевщина”-ად იქცა და ფედკა-კატორღელის მსგავსი ადამიანების ხელით რევოლუციონერებმა დაიწყეს ლოთობის, დასმენის, ჭორების, გარყვნილების თესვა. დემოკრატიის ნაცვლად დამყარდა ახალი ტიპის დიქტატურა, რომელიც თანასწორობაზე დაფუძნდა.

რევოლუციის რელიგიური მხარის სახეა კირილოვი, რომელსაც სწამს ღმერთის, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს და “კაცღმერთის” მოსვლას ელის ქვეყნის შესაცვლელად. ამავე ხაზს აგრძელებს სტავროგინი – მეამბოხე და ურწმუნო, რომელიც თითქოს არც ისეთი მნიშველოვანი ფიგურაა, მაგრამ რეალურად ყველაზე მეტადაა შეპყრობილი – ის დგას მოვლენათა ცენტრში. სწორედ მასთან ერთად სურს ვერხოვენსკის “ქვის შენობის” აგება და არა ხალხთან ერთად, სწორედ ამ ნიღბის მსგავსი უძრავი ადამიანისგან იქმნებიან ვერხოვენსკის, კირილოვის და შატოვის მსგავსი ადამიანები. სტავროგინის სულიდან გამოსული ეშმაკები ეუფლებიან სხვებს, თავად კი ფესვების გარეშე რჩება. სამშობლოს მოწყვეტილი კი წყდება ღმერთსაც, რადგან: “ვისაც არ აქვს ერი, მას არც ღმერთი ჰყავს! იცოდეთ, რომ ყველა, ვინც ვეღარ უგებს თავის ერს და კარგავს მასთან კავშირს, მაშინვე კარგავს რწმენასაც, ხდება ათეისტი ან გულგრილი.”

დოსტოევსკიმ შექმნა ეს გმირები, გააცოცხლა არარეალური ადამიანები. ამ ადამიანთა “მოღვაწეობის პერიოდი” 1871-1872 წლებია. უკვე მომდევნო საუკუნეში კი რუსეთში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. ლენინის ხელმძღვანელობით მათ, ისევე როგორც დოსტოევსკის “ქმნილებებმა”, დაიწყეს მმართველობა საყოველთაო თანასწორობის გამოცხადებით და ბოლოს უსაზღვრო დესპოტიზმამდე მივიდნენ. სწორედ ასეთ რუსეთზე ამბობს უფროსი ვერხოვენსკი: “ო, რუსები უნდა განადგურდნენ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის, როგორც მავნე პარაზიტები!”, სწორედ ასეთი რუსებისგან უნდა განიდევნოს ეშმაკი და სამუდამოდ ჩაიძიროს ტბის ფსკერზე. მხოლოდ ასე განიკურნებიან შეპყრობილნი.