ამ რომანში ყველა კვდება

ოდესმე გიოცნებიათ წიგნებში მოგზაურობაზე? ჰო, კარგი, აღიარეთ! მე უკვე ვაღიარე სულ ცოტა ხნის წინ. და, მიუხედავად იმისა, რომ მელნის სამყაროში ფრიად სახიფათო თამაშში ჩაგვითრიეს, მაინც არ შემიცვლია აზრი. სამწუხაროდ, მემენტო მორი ლეას მიადგა და არა მე. არადა სიამოვნებით გაყვებოდი სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის წიგნში და გადავარჩენდი გმირებს, რომელთა მოკვლაც ავტორმა გადაწყვიტა. რა, ახალგამომცხვარ (თუ სიტყვა “გამოუმცხვარი” ჯობია) დეტექტივზე ან დიდებულ სიკვდილზე მეოცნებე პროფესორზე უკეთ ვერ “მოვერგებოდი” სამყაროს, რომელშიც ვირჯინია ვულფს სილვიაზე შევარდნია გული, რითაც “ტრადიციების” მოყვარული ერნესტ ჰემინგუეი აღუშფოთებია? თუ შექსპირის სასტუმრო “ჰოტელოში” ვერ დავსახლდებოდი ან ემანსიპირებულ პრინცესას ვერ გავუგებდი? ის კი არა, მემენტო მორის გარეშეც მშვენივრად გავართმევდი თავს ყველაფერს – რომეოსა და ჯულიეტასაც დავარწმუნებდი, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის, ჰანს კასტორპსაც განვკურნავდი, მორიარტისაც გადავაგდებდი ჩანჩქერიდან… მოკლედ, მშვენივრად ავაწყობდი საქმეს… თან როგორ ვოცნებობ ატიკუსთან შეხვედრაზე (არა, არა, სხვა რომ ვერაფერი მომეხერხებინა, მას მაინც არ მივცემდი თვითმკვლელობის უფლებას, “მიდი, დააყენე დარაჯის” წაკითხვის შემდეგაც კი)… არა, ნამდვილად ჩემი ადგილია წიგნებში – თუნდაც ასე, ფურცლების გავლით. თქვენც ასე ფიქრობთ? ვიცი, რომ ასეა. More

ბესტსელერი

გამოგიტყდებით და ჩემთვის ახალ მწერლებს სიფრთხილით ვეკიდები. სათაური “ბესტსელერიც” ცოტა არ იყოს და ამბიციურად მეჩვენა, მაგრამ სანდო რეკომენდაციების შემდეგ ისეთ სამყაროში ამოვყავი თავი, რომ უკან გამოსვლა აღარც კი მინდოდა 🙂

ეს იყო ჯოჯოხეთი, სადაც თვითმკვლელობის შემდეგ პიერ სონაჟი მოხვდა და, რა თქმა უნდა, მეც თან გამიყოლა. მე, როგორც მკითხველს, სასჯელი არ მეკუთვნოდა. სამაგიეროდ, პიერი იმსახურებდა ნამდვილ ლიტერატურულ ჯოჯოხეთს (ჩემთვის – სამოთხეს) და დანტემ “შეითრია” კიდეც იქ, სადაც დიდი ძმა BBC-ს მართავს, შექსპირი – სასტუმროს (იორიკის მეშვეობით), პო მორგის ქუჩაზე ცხოვრობს შავ ყორანსა და კატასთან ერთად, ჰერბერტ უელსი ისევ უცხოპლანეტელებზე ფიქრობს, კონან დოილი – გამოძიებაზე… თითოეულ მწერალს მეფისტოფელის საბჭო თავის წილ სასჯელს უმზადებს და რაღა პიერი იქნებოდა გამონაკლისი – გრძელ წიგნებსაც წერდა, ჩახლართულებსაც. მოკლედ, კარგა გვარიანად აწამებდა მკითხველებს და თვითონაც შესაბამისად უნდა დატანჯულიყო (როგორ, ამას, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… ჰოდა, ჯოჯოხეთში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ თავად ავტორმაც კი ვერ შეურჩია სახელი და, როგორც აღმოჩნდა, სამართლიანად უწოდა “ბესტსელერი”. ჟანრიც ვერ განსაზღვრა და სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანიაო, გვითხრა. მეც დავუჯერე. სხვა რაღა დამრჩენოდა. ეს პაწაწინა წიგნი ისე შემომადნა ხელში, რომ დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი. ერთი კია, რომ კითხვისას ასე გულიანად დიდი ხანია არ მიცინია 🙂

P.S. თუ შემთხვევით “მისალოცები” ხართ, არ გამოტოვოთ ბესტსელერი “ბესტსელერი”. იჩქარეთ – ბესტსელერების ტირაჟი თვალის დახამხამებაში იწურება 🙂