ცოტა ხნის წინ ქალურ ისტორიებზე ვისაუბრეთ. ამჯერად კი სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომელთა თემაც ასევე ქალებია, თუმცა სხვა კუთხით – ეს ქალები რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.
პირველი წიგნი ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე” გახლავთ. ამ ნაწარმოებს დიდი ხნის მანძილზე სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ფილმი გამოსვლისთანავე ვნახე და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიც გახდა. ვშიშობდი, რომ მის პირველწყაროში ახალს ვერაფერს აღმოვაჩენდი. მით უფრო, რომ თემაც ერთგვარად გაცვეთილია და რთულია მკითხველის გაოცება. თუმცა ქეთრინმა ეს შეძლო. ახალგაზრდა ჟურნალისტმა სქითერმა ჯერ ვერც კარიერა აიწყო და ვერც პირადი ცხოვრება. შავკანიანი მოსამსახურეები ეიბილინი და მინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ. თითქოს მათ არაფერი აერთიანებთ და დაუწერელი კანონების თანახმად არც უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სქითერი სხვებს არ ჰგავს. სქითერი მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგო. მას მოსამსახურეებთან მთავარი რამ აკავშირებს – უსამართლობის განცდა. მიუხედავად საფრთხისა, ისინი წიგნის დაწერას გადაწყვეტენ, რადგან არ ესმით, რატომ არ შეიძლება განსხვავებული კანის ფერის ადამიანებმა ერთი სველი წერტილით ისარგებლონ, ერთ სკოლაში იარონ, ერთნაირი ცხოვრება ჰქონდეთ. რატომ უნდა ეშინოდეთ მოსამსახურეებს, რომ თეთრკანიანი ქალბატონები ქურდობას დასწამებენ, სამუდამოდ ულუკმაპუროდ დატოვებენ, ფიზიკურადაც კი გაანადგურებენ. რატომ უნდა ითმინონ მუდმივი შეურაცხყოფა… 544 გვერდის მანძილზე მე სქითერის გვერდით ვიყავი, ვიცინოდი, ვტიროდი და 60-იანი წლების მისისიპიში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი! თქვენ კი თუ არ გვეთანხმებით და შავკანიანებს (ან თუნდაც სხვა უმცირესობებს) თქვენზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევთ, მაშინ მინის საფირმო შოკოლადის ტორტს მოგართმევთ! გემრიელად მიირთვით 😉 მეტი
ბოლო კომენტარები