საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი II)

მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ახლაც ძალიან მომეწონა (იმდენად, რომ ჩემი ფავორიტთა შორისაც კი მოხვდა). იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა, დრო, როდესაც ატიკუს ფინჩის მსგავსი დიდებული ადამიანები მხოლოდ ერთეულები იყვნენ… More

დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც  იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.

როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც. More