დავითი – მეფე ტყეთა

 “დაკარგული და წართმეული თვითონ უნდა დაიბრუნო – სხვა ვერ მოგცემს იმას, რაც შენია“.

“შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – ასე სწერდნენ სელჩუკები დავით IV-ს, რომელმაც მემკვიდრეობით მხოლოდ ტყეები მიიღო. რა მოხდა შემდეგ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა მემატიანის მიერ აღწერილი დავითი სხვაა (დათოს დავითმა ხომ უთხრა კიდეც ჟამთააღმწერელს, ჩემი გულისას არაფერს წერო…), კონსტანტინეს დავითი – სხვა, დათოს დავითი კი – კიდევ სხვა.

დათოს თუ ენდობით და მასთან ერთად დაადგებით წარსულის გზას, სულ სხვანაირ დავითს გაიცნობთ. ისტორია მის მეგობრებზეც ხომ სდუმს. არადა მუდამ მხიარული შულია, დაუნდობელი მინდობაი, ერთგული ბივრიტელი, მსუქანი გორდო, ჩვენი ჰისპანიელი ნათესავი – ღიშპანელი და მისი მეგობარი მაისა, მებრძოლი ქვრივი საბედო და სხვანი იმდენად საინტერესონი არიან, რომ მათ გარეშე მეფე ვერც წარმომიდგენია (შეიძლება ისინი არც არსებობდნენ, მაგრამ მათი მსგავსი ადამიანები ნამდვილად გვერდით ეყოლებოდა დავითს)… მათთან ერთად განვლო მან გზა ტყეებიდან დიდგორამდე, დამწვარი მონასტრიდან – გელათამდე, გასუქებული მღვდელთმსახურებისგან – რუის-ურბნისამდე, მთებიდან – თბილისამდე. მათთან ერთად დასაჯა მოღალატენი, დალია იმ ქართველთა სადღეგრძელო, მტერთან პური რომ არ უჭამიათ, მათთან ერთად აიღო თავის თავზე ის ცოდვები, რომლის გარეშეც აღმაშენებლობა არც გამოუვიდოდა (ამბობენ, ამ წიგნში დავითის სიძლიერე კარგად არ ჩანსო. მე კი მგონია, რომ სწორედ ამაშია მისი ძალა – სამშობლოსთვის სულის გაწირვაში)… ბოლოს კი სულ მარტო გაუყვა გზას მონასტრისკენ, რათა უხმლოდ შებრძოლებოდა უკანასკნელ მტერს – სიკვდილს და ისიც დაემარცხებინა…

P.S. არავინ იცის სად მთავრდება სიმართლე და იწყება ლეგენდა… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – სიყვარულით დაწერილ რომანში მთავარი ხომ მაინც სიყვარულია…

ჩემი ლიტერატურული აგვისტო :)

აგვისტოც დადგა და ლიტერატურულ ლაბირინთებში მოგზაურობაც გაგრძელდა : )

კონსტანტინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი” – როგორც იქნა კონსტანტინეს ტეტრალოგიასაც “შევეჭიდე”.ნაწარმოებს აშკარად ეტყობოდა, რომ მწერალი წლების მანძილზე მუშაობდა მასზე. თავიდან ყველა მოვლენა დაწვრილებითაა აღწერილი, ბოლოს კი დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება ზედმეტად ზედაპირული მეჩვენა. მიუხედავად ამ “ნაკლისა”, საერთო ჯამში მომეწონა. დავით აღმაშენებელი უდავოდ უძლიერესი მეფე იყო და საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ გააერთიანა ქვეყანა, როგორ დაამარცხა შინაური და გარეშე მტრები თავის თანამოაზრეებთან -შამან ერისთავის ასულ გვანცასთან, ნიანია ბაკურიანთან, მარიამ დედოფალთან, მახარასთან, ჯონდი ერისთავსა და კიდევ მრავალ ქართველთან – ერთად.ისინი ბრძოლებში გაჭაღარავდნენ, მონასტრის კედლებში აღმოჩნდნენ, სიცოცხლე დათმეს.  სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას დავითმა შესწირა საქართველოს ისტორიაში უდიდესი მოღალატის, ლიპარიტ ბაღვაშის ქალიშვილის სიყვარული. მეფე თავადვე ეუბნება დედისიმედს: “მაპატიე დაო, ჩემი და შენი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად”.  დავითმა სამშობლოს დიდება აღუდგინა, მაგრამ მაინც მარტო დარჩა ბოლო მტრის – სიკვდილის – წინაშე.

ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონი” – როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს წიგნი თავიდან ბოლომდე დეტალებში გვიჩვენებს მოძრაობას ბოროტებიდან სიკეთისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ, სიცრუიდან ჭეშმარიტებისკენ, წყვდიადიდან სინათლისკენ, გაუმაძღრობიდან სინდისიერებისკენ, ცხოველური მდგომარეობიდან მოვალეობის გრძნობისკენ, ჯოჯოხეთიდან ზეცისკენ, არარაობიდან ღმერთისკენ.”   საზოგადოებამ გარიყა ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანი, ღარიბი ფანტინა, ობოლი კოზეტა და მეამბოხე მარიუსი, რესპუბლიკელი ახალგაზრდები და პატარა უსახლკარო გავროში, მოხუცი მაბეფი და ბანდიტების შვილი ეპონინა. მაგრამ ასეთ საზოგადოებაშიც არსებობენ ეპისკოპოსის მსგავსი წმინდა ადამიანები და სწორედ მათი დახმარებით იღვიძებს სინდისი და სიკეთე თვით კატორღელშიც კი.

ვიქტორ ჰიუგოს “93 წელი” – ჰიუგო გვაცნობს საფრანგეთის რევოლუციის ნამდვილ სახეს: “რევოლუცია არის ის, რაც გვავიწროვებს ყოველი მხრიდან და რომელსაც ჩვენ აუცილებლობას ვეძახით. და ამ კეთილშობილებისა და ტანჯვის ამოუცნობი ერთიანობის წინაშე ისტორია დაჟინებით სვამს კითხვას: რატომ? ” მართლაც, რატომ ხოცავს ორივე მხარე ხალხს, რატომ წვავენ სოფლებსა და ქალაქებს, რატომ პასუხობენ ძალადობით ძალადობას? ისტორია პასუხს ვერ გვაძლევს, ისევე როგორც ვერ გვპასუხობენ რობესპიერი, მარატი და დანტონი – რევოლუციის ლიდერები. ისინი წარსულს ბარდებიან მონარქებთან ერთად, მარადიული კი მხოლოდ სიკეთე და სამშობლოა, რომლისთვისაც რესპუბლიკელი გოვენი იბრძვის.