რეიჩელი

ვინ არის რეიჩელ ეშლი? ცივსისხლიანი მკვლელი თუ უსამართლობის მსხვერპლი? გაინტერესებთ პასუხი ამ კითხვაზე? მაშინ დაფნა დიუ მორიეს უნდა მიმართოთ. რებეკას შემდეგ მან შექმნა კიდევ ერთი იდუმალი ქალი, რომელიც ბოლომდე ამოუცნობი რჩება. ბოლო გვერდამდე (იქნებ მერეც) ვერაფრით მიხვდებით გაიმეტა თუ არა იტალიელი დიდგვაროვნის ქვრივმა თავისი მეორე ქმარი… ან იქნებ ეს მხოლოდ მისი გარდაცვლილი მეუღლის ბიძაშვილისა და მემკვიდრის ფანტაზიის ნაყოფია? ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად რთულია – ჯერ იმიტომ, რომ მთხრობელი თავად მისტერ ეშლია (ანუ ერთი მხრიდან ვხედავთ მოვლენებს)… თან მდიდარი მიწათმფლობელის მოულოდნელი სიკვდილი თავისთავად იწვევს ეჭვებს – მისი მემკვიდრეობა ხომ ასეთი სასურველია… მეტი

მენდერლის საიდუმლო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მენდერლიში! აქ უკვე იყავით მისტერ ჰიჩკოკთან ერთად? ამაზე არ იდარდოთ. მისის დაფნაც ძალიან კარგი მეგზურია. თავდაპირველად სწორედ მან შექმნა მენდერლის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე აწ უკვე 77 წელია სუნთქვაშეკრული ელის ეკრანის წინ… და აი ახლა ბათუმელ გამომცემლებთან ერთად ჩვენც შევდივართ მანდერლის მამულში და ბოლო გვერდამდე ვფიქრობთ – მაინც რა მოხდა? რა საიდუმლოს მალავს ძველებური სასახლე? იქნებ აქ ძველი დიასახლისის სული დასახლებულა და მაქსიმილიან დე უინტერის მეორე ცოლს ემტერება? ან იქნება ეჭვი მხოლოდ ერთგული მოახლის სულში ბუდობს, რებეკა კი მშვიდად განისვენებს საგვარეულო აკლდამაში? და საერთოდაც რა დაემართა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალს – უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მოკლეს თუ თავი მოიკლა? ამ უთვალავ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მისის დაფნას აქვს – ქალს, რომელმაც შექმნა განუმეორებელი, ოდნავ მისტიკური და ამასთანავე ძალიან რეალური (მე ვიტყოდი – სასიამოვნოც კი) მენდერლი, ერთი შეხედვით ბანალური სასიყვარულო ისტორია და თითქოს მარტივად, ერთი ხელის მოსმით გამოძერწილი, თუმცა მაინც ძალიან დახვეწილი პერსონაჟები და, რა თქმა უნდა, დასასრული… დასასრული, რომელსაც არავინ ელოდა (მეც კი… არადა ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე… მაინც მეგონა, რომ იქნებ აქ რაღაც სხვა მომხდარიყო…)…