ფაუსტი დისკოს სამყაროდან

ოდესმე გინატრიათ, რომ თქვენი სურვილები (სამი მაინც) ასრულდეს? ალბათ დიახ, მაგრამ სავარაუდოდ არ დაფიქრებულხართ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას… აი, მაგალითად, ცამეტი წლის ერიკმა “წარმატებულად” გამოიძახა დემონი და სამი სურვილის ასრულებაც სთხოვა, მაგრამ ერთი სუუულ პატარა დეტალი ვერ გაითვალისწინა – ნამდვილი რქებიანი დემონის ნაცვლად ხელში რინსვინდი შერჩა! დიახ, დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ჯადოქარი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს)… მისი წარსული თუ გახსოვთ, ფრიად ჭკუის სასწავლებელი იქნება ეს თქვენთვის. სანამ სურვილების ასრულებას ინატრებთ, ათასჯერ დაფიქრდებით და გაიხსენებთ, როგორ მოხვდა ანკ-მორპორკელი ფაუსტი სამყაროს მბრძანებლის რანგში ჯუნგლებში, როგორ შეხვდა სამყაროს ულამაზეს ქალს ტროას ომის დროს და როგორ ჰპოვა უკვდავება ჯოჯოხეთში… არც ის დაგავიწყდებათ, რომ ღმერთი შეიძლება ფრიად სიმპათიური მოხუცი იყოს და ბუტერბროდში მაიონეზის დამატება დაავიწყდეს, მთავარი დემონი შეიძლება თანამდებობიდან გადააყენონ, რადგან მისი აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სული ტკივილს ვერ განიცდის და მის დასასჯელად მოწყენილობის “მეთოდის შემოტანა” აჯობებს, საეჭვოდ მიიჩნიონ… და არც ის, რომ თუ ოდესმე შემთხვევით უკვდავების წყალს გადააწყდებით, აჯობებს, თუ ყოველი შემთხვევისთვის აადუღებთ… ვაი და შიგნით რაიმე ისეთი ბაქტერია აღმოჩნდეს, რომელიც თქვენს უკვდავებას საგრძნობლად “შეამოკლებს”… დაფიქრდით მაინც… აკი რინსვინდი სწორედ სიფრთხილემ მოიყვანა აქამდე… უფრო ზუსტად კი, “ფეხების ხელში დაჭერამ”… მეტი

ახალი წელი ანკ-მორპორკში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანკ-მორპორკში! ცხრა საათია და ყველაფერი მშვიდადაა! არა, არა, ასე ხმამაღლა ნუ იტყვით. შეიძლება ვინმემ გაიგოს, ეს კი დიდად სახარბიელო ამბავი არ იქნება. აკი ამ ქალაქის მცველების “იდეალური” მუშაობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ საეჭვო ქუჩებზე არ დადიან, აყალმაყალს გვერდს უვლიან და ნელა დადიან, რომ შემთხვევით დამნაშავეებს არ დაეწიონ. უფრო სწორად, ასე იყო, სანამ მათ რიგებში კანონების უბადლო მცოდნე ყმაწვილი სტაფილო (სახელი თავად ვთარგმნე, ამიტომ მომიტევეთ უზუსტობისთვის ან “ზედმეტი სიზუსტისთვის”;)) გამოჩნდებოდა, ქალაქის თავზე კი – წარსულიდან “შემოფრენილი” დრაკონი… აქ აირია ყველაფერი – ზუსტად ისე, როგორც დისკოს სამყაროში ხდება ხოლმე… აი იმ სამყაროში, დაუვიწყარ თავგადასავალს და ბევრ სიცილს რომ გპირდებათ… მეტი

მხიარული სიკვდილის მოსწავლე

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დისკოს სამყაროში! მერე რა საზოგადოება გვხვდება – თვით სიკვდილი! დიახ, დიახ, ეს ერთობ სიმპათიური და მხიარული ბატონი! მასთან პირადად შეხვედრას, რა თქმა უნდა, არ გისურვებთ (ოდესმე ყველას მოგვიწევს მასთან “ურთიერთობა”, მაგრამ ჯერ არ გვეჩქარება), თუმცა მისი ხილვისთვის თურმე სულაც არ ყოფილა აუცილებელი იმქვეყნად “გამგზავრება”… მორმა (გნებავთ მორტიმერი დაუძახეთ – არ ეწყინება. მთავარია, ბიჭი ან ყმაწვილი არ უწოდოთ) ხომ მასთან “საქმიანი ურთიერთობაც” კი დაამყარა – თვით სიკვდილის მოსწავლე გახდა, თანაც მაშინ, როდესაც დიდი “წარმატებებით” ვერ დაიკვეხნიდა. არავის ეგონა, თუ ეს მოუხერხებელი ბიჭი ვინმეს დააინტერესებდა, ის კი ისე “გათამამდა”, რომ სიკვდილის ცნობილი ცელით ისტორიაც კი “გააპო შუაზე”… ეს როგორ მოხდა და რა მოჰყვა ასეთ არაორდინალურ საქციელს, თავად უნდა ნახოთ… მე თქვენ გეტყვით და წუთით მაინც მოიწყენთ (ჯერ მხოლოდ სიკვდილის “გამხიარულების” პროცესი რად ღირს)… მეტი